დაიბადა 1961 წლის 14 მარტს ქუთაისში. წყალბურთის თამაში დაიწყო 1971 წელს ზურაბ კაკოვიჩთან. ქუთაისის ნაკრების შემადგენლობაში (1974 წელს) საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადაზე გახდა მე-2 პრიზიორი, საუკეთესო მეკარედაც აღიარეს. შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. 1975 წელს საკავშირო დინამიადაზე მოსკოვში ბორის მეგედის ხელმძღვანელობით ქართველმა წყალბურთელებმა, რომელთა შორის მიხეილ გიორგაძეც იყო, მე-2 ადგილი დაიკავეს. 1976 წელს ვასილ სანაძემ და ჯუმბერ წიკლაურმა თბილისის `დინამოში~ მიიწვიეს, სადაც 1989 წლამდე ითამაშა. 1979 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორია. 1978 წელს ახალგაზრდული საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ევროპის პირველობა მოიგო ბუდაპეშტში, მომდევნო წელს მექსიკაში მსოფლიო უნივერსიადაზე მე-2 ადგილი დაიკავა. 1980 წელს პოლონეთში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ვერცხლი ერგო, 1981 წელს მსოფლიო თასი, 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა; ევროპის ჩემპიონატების სამგზის (1983, 1985, 1987) გამარჯვებულს 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი ერგო.

ბატონი მიხეილი გუშინ რედაქციაში გვეწვია.

- 1971 წელს ქუთაისში ჩემს სახლთან ახლოს საცურაო აუზი გაიხსნა. პატარაობიდანვე მსუქანი ვიყავი და ბიძაჩემმა კუკური გიორგაძემ, რომელიც ყოფილი სპორტსმენი იყო, შვილებთან ერთად აუზზე მიმიყვანა და ცურვის შესასწავლად ჩვენი თავი ბონდო სანდოპულოს ჩააბარა. საჭყუმპალაოს გვერდით აუზში წყალბურთელები ვარჯიშობდნენ. მოგეხსენებათ, ბურთი ყველა მოზარდს იზიდავს. არც ჩვენ აღმოვჩნდით გამონაკლისი - მე და ჩემი ერთი ბიძაშვილი, ზურიკო, წყალბურთზე გადავერთეთ, ალეკომ კი თავისუფალი სტილით ცურვაში 100 მეტრზე საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა და წლების განმავლობაში რეკორდსმენიც იყო.

წყალბურთში ჩემი დამკვალიანებელი გახლდათ ზურაბ კაკოვიჩი, რომელიც ქალაქის ნაკრებს ავარჯიშებდა დემურ კაზიევთან ერთად. ტანმაღალი ვიყავი და კარებში დამაყენეს. მაშინ თბილისის `დინამოს~ წყალბურთელთა გუნდის წევრები - სოსო უგულავა და ელგუჯა ფესტვენიძე მშობლიურ ქალაქში რომ ჩამოვიდოდნენ, აუზსაც სტუმრობდნენ და ახალგაზრდებს რჩევა-დარიგებებს გვაძლევდნენ, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებული იყო. ვარჯიში სამი წლის დაწყებული მქონდა, საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადაზე მეორე ადგილი რომ დავიკავეთ, თან ტურნირის საუკეთესო მეკარედ მაღიარეს.

- თქვენ სხვა დროსაც მიგიღიათ საუკეთესო მეკარის პრიზები.

- დიახ, 1975 წელს საკავშირო დინამიადაზე, მერე 1976 წელს ხარკოვში ახალგაზრდა წყალბურთელთა საკავშირო ტურნირზე, რომლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს. 1978 წელს ჰოლანდიის, 1983 წელს გერმანის ფედერაციული რესპუბლიკისა და 1987 წელს ესპანეთის საერთაშორისო ტურნირებზეც საუკეთესო მეკარედ დამასახელეს.

- პირველ დიდ წარმატებას როდის მიაღწიეთ?

- 1978 წელს ბუდაპეშტში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობა მოვიპოვე. იმ გუნდის შემადგენლობაში ოქროს მედალი ჩემთან ერთად გელა ტუკვაძემაც მიიღო. მოსკოვიდან გიორგი მშვენიერაძეც თამაშობდა. ამ პირველობის გარდა, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში 2 ქართველი მეკარე 1980 წელს ევროპის პირველობაზეც ვიყავით. იქ მე და გელამ მე-2 ადგილი დავიკავეთ.

- კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრებად რომელს მიიჩნევთ?

- ცხადია, ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებს რა შეედრება, თანაც თუ იქ მედლებს მოიპოვებ. თუმცა ჩემთვის დღემდე დაუვიწყარია საბჭოთა კავშირის ხალხთა 1979 წლის სპარტაკიადა. რადგანაც ეს წელიწადი მოსკოვის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი პერიოდი იყო, შეჯიბრებაში სოციალისტური ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათთან ერთად იყო ესპანეთის წყალბურთელთა ნაკრებიც, რომელიც ჩვენს ჯგუფში მოხვდა რუმინეთის, რუსეთის, უკრაინისა და მოლდოვას გუნდებთან ერთად. მხოლოდ უკრაინას დავუზავდით, რომლის შემადგენლობაშიც საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები - ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ ბარკალოვი და დიმიტრი ზახაროვი გამოდიოდნენ. დანარჩენებს ვძლიეთ. ძალიან დაძაბული მატჩები გვქონდა ესპანეთსა და რუმინეთთან. პირენეელთა გუნდში თამაშობდა ცნობილი მანუელ ესტეარდი, რომელიც მერე ოლიმპიური ჩემპიონი და პლანეტის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მის გუნდთან მოგებასთან ერთად სალაპარაკოდ ისიც დამრჩა, რომ მე-4 პერიოდში პენალტი ავუღე. რუმინელებმა მოსკოვში ჩამოიყვანეს 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ნაკრები, რომელშიც ცენტრალური თავდამსხმელები რუსო და ჰაჯი გამოირჩეოდნენ.

სპარტაკიადის ფინალში მოსკოვის ნაკრებს დავუპირისპირდით. მის ძირითად შემადგენლობაშიც ის წყალბურთელები გამოდიოდნენ, რომლებმაც 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადა მოიგეს. საქართველოს ნაკრებში ჩემთან ერთად თამაშობდნენ გელა ტუკვაძე, გიორგი კოღუაშვილი, ვალერი არუთინოვი, ზურაბ ქოიავა, გოგი დოლიძე, გიორგი ზუმბულიძე, დავით რურუა, თამაზ კუტივაძე, დევი გვახარია, ვლადიმერ ისელიძე, ნოდარ კურტანიძე, კოლია შატალინი (მწვრთნელები - ვასილ სანაძე და ჯუმბერ წიკლაური). მე-2 პერიოდში 2:1 დავწინაურდით, მაგრამ მოსკოველებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა და წინაც გავიდნენ. მე-4 პერიოდის მე-4 წუთისთვის, როცა 4:5-ს ვაგებდით, არბიტრმა ჩვენს კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი მშვენიერაძემ გამოიყენა. საფინალო სასტვენამდე დარჩენილ მცირე დროში ვლადიმერ ისელიძემ ერთ ბურთამდე შეამცირა სხვაობა. მეტი ვერ მოვასწარით. მატჩი დამთავრდა 6:5 მოსკოველთა სასარგებლოდ. ობიექტური მსაჯობა რომ ყოფილიყო, არ არის გამორიცხული, პირველი ადგილიც დაგვეკავებინა.

- სხვა დროსაც თუ გიგრძნიათ არბიტრებისგან წნეხი?

- რამდენიც გნებავთ. 1981 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის ტურნირზე ბოლოსწინა ტურში ალმათის `დინამოს~ ვეთამაშებოდით. სამი ტაიმი წინ ვიყავით ერთი ან ორი ბურთის სხვაობით. მთელი თამაშის მსვლელობისას მსაჯების მიკერძოებას ბოლო არ უჩანდა, განსაკურთებით მე-4 პერიოდში, როცა მთელი 7 წუთი ერთი მოთამაშით ნაკლები ვიყავით აუზში, თან ორი პენალტი დანიშნეს ჩვენს კარში და ერთი ბურთის სხვაობით წაგვაგებინეს, რითაც ბრინჯაოს მედლების შანსი დავკარგეთ - მესამე ადგილი თურმე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისთვის უნდოდათ. იგივე განმეორდა 1988 წელს მოსკოვში, ოღონდ ბოლო ტურში Mგუ-სთან. არადა, ბრინჯაოსთვის ფრეც გვყოფნიდა.

- ალბათ, არც სეულის ოლიმპიადისა და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გაუხსენებლობა ივარგებს. თქვენ ხომ ამ შეჯიბრებებზე, შესაბამისად, ბრინჯაო და ოქრო მოიპოვეთ.

- ეკვადორში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატით დავიწყებ: 14 გუნდი იბრძოდა მედლებისთვის. 1980 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდში, მგონი, მარტო მე ვიყავი, ასე ვთქვათ, ახალი სისხლი. საბჭოთა კავშირის ამ ნაკრებმა 1981 წელს ლოს-ანჯელესში მსოფლიოს თასი მოიგო. მაშინაც გუნდში ვიყავი მეკარედ. ფინალში მასპინძლებს მოვუგეთ. ეკვადორში კი ამერიკელებს ნახევარფინალში ვძლიეთ, გადამწყვეტ პაექრობაში კი იუგოსლავიელებს ვაჯობეთ.

რაც შეეხება სეულის ოლიმპიადას, საერთოდ, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ყველა სპორტსმენის ოცნებაა, რომლის ახდენა ჯერ კიდევ 19 წლის ყმაწვილს შემეძლო: 1978 წლის ევროპის პირველობაზე ოქროს მოპოვებისა და მომდევნო წლის სპარტაკიადაზე მიღწეული წარმატების შემდეგ საბჭოთა ოლიმპიური გუნდის წევრობის კანდიდატი გავხდი, მაგრამ, როგორც ძალიან ახალგაზრდას და გამოუცდელს, ნაკრებზე უარი მითხრეს. 1984 წელს ლოს-ანჯელესს საბჭოეთმა ბოიკოტი გამოუცხადა, ამიტომ ოცნება 1988 წლამდე ვერ ავიხდინე, არადა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან ორი წლით ადრე ისეთი ავადმყოფობა გადავიტანე, ყველას ეგონა, წყალბურთს თავს დავანებებდი. სეულში, ფაქტობრივად, ის გუნდი წავიდა, რომელმაც 1980 წლის ოლიმპიადა მოიგო და მას შემდეგ სეულამდე ერთი ტურნირიც კი არ წაუგია. ამ რვა წლის განმავლობაში ნაკრებში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა. ოლიმპიადაზე ჯგუფში ოთხი შეხვედრა მოვიგეთ. ზედიზედ სამ მატჩში მე ვიდექი კარში, რადგან შარუნოვი შეუძლოდ იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნახევარფინალური პაექრობა უიღბლობის ნიმუში იყო - თამაშით ვაჯობეთ მეტოქეს, მაგრამ მაინც დავმარცხდით 3:4. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდს დიდი ანგარიშით მოვუგეთ და ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ.

- კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელმა მატჩმა დაგწყვიტათ გული?

- რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალის წაგებამ და მოსკოვში 1979 წლის სპარტაკიადის ფინალში დამარცხებამ. ყოველივეს მიუხედავად, სპორტული კარიერით კმაყოფილი ვარ. ჩემი წარმატებები გარკვეულწილად თანაგუნდელების დამსახურებაცაა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მათმა მონდომებულმა თამაშმა, შემართებამ და თავდადებამ განაპირობა ჩემი ოსტატობის წარმოჩენა. ამიტომ, მათი მადლობელი ვარ. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ.

- 6 თებერვალს თბილისის `ოლიმპიკის~ აუზში საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს იწყებს. რას იტყვით ჩვენი გუნდის შესახებ?

- ქართველმა წყალბურთელებმა წინა შესარჩევ ტურნირში სასწაული მოახდინეს - ჯერ ჯგუფში დაიკავეს პირველი ადგილი, მერე - პლეი ოფში თურქეთს აჯობეს და 2014 წლის ფინალურ ეტაპზე კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ, რაზეც, ალბათ, მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. რაც შეეხება ამ შესარჩევ ციკლს, საქართველოს ნაკრებს შეუძლია `სასწაული~ გაიმეოროს. მით უმეტეს, რომ ახლა 8 საგზური თამაშდება. ჩვენს ბიჭებს ჯგუფში ყველაზე ძლიერ მეტოქედ სლოვაკეთის ნაკრები ჰყავთ. პარასკევს ძნელი თამაში იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები წარმატების მისაღწევად, არაფერს დაიშურებს.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში არასრულწლოვნების განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ძირითადად, პრევენციული ხასიათის სამსახური გვაქვს. წლების გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მოზარდებში ჯანსაღი სულის ჩასაბუდებლად და გზასაცდენილთა გამოსასწორებლად სპორტი უებარი საშუალებაა. ამიტომ მჯერა, რომ მშობლები თავიანთ შვილებთან ერთად უფრო მეტად იმეგობრებენ სპორტთან.

გვერდი მოამზადა

ვაჟა დანელიამ

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა