როგორ იქმნებოდა ოთხგზის ჩემპიონი "რედ ბული"
ფორმულა 1-ის გუნდი "რედ ბულ რეისინგი" ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კონცერნის შეფს დიტრიხ მატეშიცს ეკუთვნის. გუნდის ბაზა ინგლისის ქალაქ მილტონ კეინსშია განთავსებული. ამასთან, საჯინიბო მსოფლიოს ჩემპიონატში ავსტრიული ლიცენზიით გამოდის.

გუნდის წარმოშობის ისტორია 2004 წლიდან იწყება. სექტემბერში კომპანია "ფორდმა" საჯაროდ გამოაცხადა, რომ წყვეტს მონაწილეობას ფორმულა 1-ის სერიაში და გასაყიდად გამოაქვს საკუთარი გუნდი - "იაგუარ რეისინგი".

მაშინ ფორმულას სამყაროში ამ გადაწყვეტილებას ძალიან ნეგატიურად შეხვდნენ და ერთი პირობა დაფიქრდნენ - 2005 წელს წამყვან გუნდებს ტრასაზე სამ-სამი ბოლიდი გამოეყვანათ, რათა ჩემპიონატის ჩასატარებლად მონაწილეთა საჭირო რაოდენობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მაგრამ ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა საჭირო არ გახდა. ძალიან მალე "იაგუარს" მყიდველი გამოუჩნდა - კომპანია "რედ ბულის" მფლობელი, ავსტრიელი მილიარდერი დიტრიხ მატეშიცი.

ბიზნესმენისთვის ეს არ ყოფილა დებიუტი ფორმულა 1-ში - მისი კომპანია მრავალი წელი "ზაუბერის" ერთ-ერთი სპონსორი იყო. ერთი პირობა ჭორიც დადიოდა იმაზე, რომ მატეშიცს პეტერ ზაუბერის გუნდის შეძენა სურდა, მაგრამ გარიგება არ შედგა. ავსტრიელმა ოცნება მაინც განახორციელა - 2004 წელს გაჩნდა მოქმედი გუნდის შეძენის საშუალება და მატეშიცმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

"რედ ბულმა" 2004 წლის 15 ნოემბერს, 2005 წლის სეზონისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო დღეს დაადასტურა ეს გარიგება. ერთ-ერთი ინგლისური გაზეთი წერდა, რომ "ფორდმა" თავისი გუნდი სიმბოლურ ფასად - ერთ დოლარად გაყიდა, სანაცვლოდ კი ახალმა მფლობელებმა მომდევნო სამი წლის განმავლობაში გუნდში 400 მილიონი დოლარის ინვესტიციების დაბანდების ვალდებულება აიღეს.

"რედ ბულ რეისინგის" ხელმძღვანელად დანიშნეს ამბიციური კრისტიან ჰორნერი, რომელმაც რანგით დაბალ სარბოლო სერიებში მიღწეული წარმატებებით გაითქვა სახელი. ტექნიკური დირექტორი და ბოლიდების მთავარი კონსტრუქტორი ედრიან ნიუი გახდა. ამ გენიოსის მიერ სხვადასხვა გუნდებში შექმნილმა მანქანებმა ჯამში 109 რბოლა მოიგეს. სწორედ ნიუი იყო "უილიამსისა" და "მაკლარენის" ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.

ასევე ძლიერი იყო პილოტების შემადგენლობა - "მაკლარენიდან" გადაიყვანეს დევიდ კულტჰარდი, რომელსაც ორი მეწყვილე ჰყავდა - კრისტიან კლინი და ვიტანტონიო ლიუცი. თავიდან გამოცხადდა, რომ ისინი მორიგეობით მიუჯდებოდნენ მეორე ბოლიდის საჭეს, მაგრამ საბოლოოდ, ლიუციმ 2005 წელს მხოლოდ ოთხი რბოლა ჩაატარა.

თავიდან გუნდმა "კოსუორტის" ძრავების გამოყენება გააგრძელა, რადგან ცოტა დრო რჩებოდა სხვა ვარიანტის მოსაძებნად, მომდევნო სეზონისთვის კი "ფერარის" ძრავების გამოყენებაზე კონტრაქტს მოეწერა ხელი. ასე გამოჩნდა 2005 წლის ჩემპიონატში ახალი გუნდი - "რედ ბული".

2005

პირველ წელს "რედ ბულმა" უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე მისმა წინამორბედმა - "იაგუარმა". დიდი ხანი გუნდი მეექვსე იყო კონსტრუქტორთა დავაში, მაგრამ ბოლოს ეს პოზიცია BAR-ს დაუთმო. სადებიუტო სეზონში გუნდმა უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე "იაგურმა" 2003 და 2004 წლებში ერთად. სამმა პილოტმა ჯამში 34 ქულას მოუყარა თავი: კულტჰარდი - 24, კლინი - 9, ლიუცი - 1. "რედ ბული" რეგულარულად აგროვებდა ქულებს და ხშირად პოდიუმის კანდიდატიც იყო.

2006

"რედ ბული" "ფერარის" ძრავებზე გადავიდა. გუნდმა სეზონის სტარტი აშკარად ჩააგდო, მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი რბოლის შემდეგ, მონაკოში კულტჰარდმა მესამე ადგილი დაიკავა და გუნდს არსებობის ისტორიაში პირველი პოდიუმი მოუტანა.

ავსტრიელებმა სეზონი ისევ მეშვიდე ადგილზე დაასრულეს ჯამური 16 ქულით. აქედან 14 ქულა კულტჰარდს ეკუთვნოდა, 2 - კლინს.

2007

ამ სეზონში კულტჰარდის პარტნიორი გახდა ავსტრალიელი მარკ უებერი, გუნდი კი "რენოს" ძრავებზე გადავიდა.

ჩემპიონატში "რედ ბულს" კვლავ ერთი პოდიუმი ჰქონდა - ევროპის გრან-პრიზე მესამე ადგილი უებერმა დაიკავა. საერთო გუნდურმა მონაგარმა 24 ქულა შეადგინა, რისი წყალობითაც მატეშიცის საჯინიბომ შარშანდელთან შედარებით ორი საფეხურით წაიწია წინ კონსტრუქტორთა თასზე და მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა.

2008

"რედ ბულმა" შეინარჩუნა პილოტთა შემადგენლობა და შედეგიც თითქმის იგივე აჩვენა, რაც წინა სეზონში - ხუთით მეტი ქულა დააგროვა, ერთხელ ავიდა პოდიუმზე (კულტჰარდი, კანადა) და ორი ადგილით ჩამოქვეითდა კონსტრუქტორთა თასზე.

სეზონის შემდეგ კულტჰარდმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და მისი ადგილი სებასტიან ფეტელმა დაიკავა.

2009

"რედ ბულისთვის" ეს იყო ნამდვილი პროგრესის წელი. ჩინეთის გრან-პრიზე გუნდს ისტორიაში პირველი პოული ფეტელმა მოუტანა, მეორე დღეს კი წვიმიან რბოლაში გერმანელმა ეტაპი მოიგო, რაც ასევე პირველი წარმატება იყო "რედ ბულის" არსებობის ისტორიაში.

სეზონის 17 რბოლიდან 16-ში "რედ ბულმა" პოდიუმი მოიპოვა, ხუთჯერ მოიგო პოული და ექვსჯერ რბოლა. ამან გუნდს 153 ქულა და კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილი მოუტანა.

2010

გუნდმა შემადგენლობაში დატოვა მარკ უებერი და სებასტიან ფეტელი, აგრეთვე გააგრძელა კონტრაქტი "რენოსთან" ძრავების მოწოდებაზე.

ახალი მანქანა - RB6 ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა ისტორიაში. საერთო აღიარებით, ედრიან ნიუიმ 2010 წელს საუკეთესო ბოლიდი შექმნა. მაგრამ "რედ ბულმა" ძალიან ბევრი ქულა გაანიავა ტექნიკური და ტაქტიკური შეცდომების გამო.

სეზონის მსვლელობისას იყო კონფლიქტი პილოტებს შორის (ავარია თურქეთში), წინა ანტიფრთასთან დაკავშირებული სკანდალი (ბრიტანეთის გრან-პრი), როცა უებერის მანქანიდან ახალი დეტალი მოხსნეს და ფეტელის ბოლიდზე დაამონტაჟეს...

მიუხედავად ამისა, თითქმის მთელი სეზონი უებერი უსწრებდა პარტნიორს და აბუ დაბიში ბოლო გრან-პრის წინ ფერნანდო ალონსოსთან ("ფერარი") ერთად ჩემპიონობის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად მიიჩნეოდა. მაგრამ კვალიფიკაციაში უებერმა მხოლოდ მეხუთე დრო აჩვენა და კონკურენტებზე უკან აღმოჩნდა. პოული ფეტელს ჰქონდა და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა ტიტულისთვის ბრძოლაში. დრამატულ რბოლაში ალონსომ და უებერმა მეშვიდე და მერვე ადგილები დაიკავეს, ახალგაზრდა გერმანელმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა პირად ჩათვლაში. ასევე პირველი იყო "რედ ბული" კონსტრუქტორთა თასზე.

სეზონის 19 რბოლაში ავსტრიელთა ანგარიშზე 9 მოგება, 20 პოდიუმი, 15 პოული და 498 ქულა მოდიოდა.

სხვათა შორის, "რედ ბულსს" "უმცროსი ძმა" ჰყავს, რომელსაც "ტორო როსო" ჰქვია. ის 2006 წელს შეიქმნა, როცა დიტრიხ მატეშიცმა "მინარდი" შეიძინა. "ტორო როსო" თავიდანვე "რედ ბულის" "დუბლიორად" მიიჩნეოდა და "უფროსი ძმის" შასის იყენებდა. მაგრამ ახლა ეს პრაქტიკულად დამოუკიდებელი გუნდია, რომლის ბოლიდის შექმნაში "რედ ბულის" სპეციალისტები პრაქტიკულად აღარ იღებენ მონაწილეობას.

საგულისხმო მომენტია ის, რომ "ტორო როსომ" უფრო ადრე მოასწრო გრან-პრის მოგება, ვიდრე "რედ ბულმა". 2008 წელს გუნდს პირველი პოული და პირველი გამარჯვება სებასტიან ფეტელმა მოუტანა. ეს ერთადერთი პოდიუმია გუნდის 9-წლიანი არსებობის ისტორიაში.

რედ ბული

სრული სახელწოდება - Infiniti Red Bull Racing

ბაზა - მილტონ კეინსი, ბრიტანეთი

ხელმძღვანელი - კრისტიან ჰორნერი

ტექნიკური დირექტორი - ედრიან ნიუი

დამფუძნებელი - დიტრიხ მატეშიცი

პილოტები

3. დანიელ რიკარდო

26. დანიილ კვიატი

შასი - RB11

ძრავა - Renault Energy F1-2015

სტატისტიკა ფორმულა 1-ში

დებიუტი - ავსტრალია 2005

ბოლო რბოლა - აბუ დაბი 2014

კონსტრუქტორთა თასი - 4 (2010, 2011, 2012, 2013)

მსოფლიოს ჩემპიონი - 4 (2010, 2011, 2012, 2013)

გრან-პრი - 184

მოგება - 50

პოული - 57

საუკეთესო წრე - 44

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!