საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა სეზონი წარმატებით დაიწყო - სლოვენიურ კოპერში ჩატარებულ ევროპის ზამთრის პირველობაზე პირად-გუნდურში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, რასაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ორი მიღწევაც დაერთო: იულია ლობჟანიძემ ქვეყნის რეკორდი დაამყარა, ნაკრებმა - ევროპისა.

ამ ტურნირისა და ეროვნული გუნდების უახლოესი გეგმების შესახებ გვესაუბრება საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე, ვინც კოპერში პირად პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სხვათა შორის, კოპერში ის ოჯახურ დინასტიას წარმოადგენდა - მისი შვილი ციკო ფუტკარაძე გოგოებში ახალგაზდების ტურნირში გამოდიოდა, მეუღლე თამაზ ფუტკარაძე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელია. როგორც თურმე ევროპელებმა აღნიშნეს, პირველი პრეცედენტია, როცა ფედერაციიის ფუნქციონერი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხდება.

- უპირველესად, მინდა ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე ისაუბროთ...

- ამ ტურნირში 35 ქვეყანა მონაწილეობდა და ყველა სრულად დაკომპლექტებული გუნდით გამოვიდა. შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვართ. იულია ლობჟანიძემ შესარჩევში 18-მეტრიან დისტანციაზე საქართველოს რეკორდიც კი მოხსნა - 588 ქულა. ეს რეკორდი მთელი 20 წელიწადი ეკუთვნოდა ქეთევან ლოსაბერიძეს, 2012 წელს ქრისტინე ესებუამ გააუმჯობესა, ახლა კი ლობჟანიძემ კიდევ უფრო გაზარდა. ამასთან, გუნდურში ევროპის რეკორდი დავამყარეთ 1754 ქულით.

პირად პირველობაში ჩემი გამოსვლითაც კმაყოფილი ვარ. წესად მაქვს, ვიდრე ტურნირი არ დასრულდება, სხვების შედეგებს არ ვუყურებ. ბოლომდე ვიბრძოლე და წინააღმდეგობების მიუხედავად, ვცდილობდი, შედეგი გამეკეთებინა. ორმაგი პასუხისმგებლობაა, თან ფედერაციის პრეზიდენტი იყო, თან გუნდს ხელმძღვანელობდე და ისროდე - ეს ცოტა რთული ყოფილა. თუმცა. ალბათ, ხასიათიც უნდა გქონდეს - მშვილდოსანი მშვიდი და გაწონასწორებული უნდა იყოს. ფინალში რომ გავედით და გერმანელებს შევხვდით, ყველანაირად გვინდოდა, გაგვემეორებინა 2012 წლის შედეგი და ისევ გავმხდარიყავით ევროპის ჩემპიონები.

ფინალური შეხვედრები განსხვავებულ ატმოსფეროში ჩატარდა, თავი საცირკო წარმოდგენის მონაწილე მეგონა, სლოვენიელებმა ძალიან ლამაზი სანახაობა მოაწყვეს - დარბაზი ჩაბნელებული იყო, განათებული კი მხოლოდ ფარები და ის ადგილი, სადაც სპორტსმენები ვიდექით სროლის მომენტში. იყო ხმამაღალი მუსიკა, რაც ადრე არასოდეს ყოფილა - სროლისას მუდამ სიჩუმეა. ასეთი რამე მანამდე არასოდეს მომხდარა. ვერ ვიტყვი, რომ ამ განსხვავებულმა ატმოსფერომ შეგვიშალა ხელი, მაგრამ გერმანელებთან ბრძოლაში წავაგეთ. რაღაც არ წაგვივიდა სროლა. შეიძლება იმიტომაც, რომ წინასწარი შეხვედრების მერე ფინალამდე ორდღიანი შუალედი გვქონდა. პირადი პირველობის ფინალიც გერმანელთან წავაგე - ვერონიკა ჩალოვა-ჰაიდნისთან, ოღონდ ის გოგო რუსია და გათხოვილია გერმანიაში. სხვათა შორის, მისი მეუღლე - ოლივერ ჰაიდნიც გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და - ჩემიც. შეჯიბრებისას მეუღლეები გვქომაგობდნენ, მაგრამ მე ვერ ვისროლე, არა ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. ფინალში 8-იანს რომ გაარტყამ, ის შენი ბრალია, სხვისი არავისი. მოგება ძალიან მინდოდა და უფრო შედეგზე ვფიქრობდი და არა ტექნიკაზე. მაინც ბედნიერი ვარ ამ გამოსვლით, რადგან ეს ჩემი პირველი მედალია ევროპაზე, თუმცა საქართველოსთვისაც პირველი ჯილდოა პირადში ევროპაზე. ყველა მოდიოდა და მილოცავდა. იქ უკვე ყველამ იცის, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ვარ. ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი მარიო სკარცელაც მოვიდა და მითხრა, პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენი პრეზიდენტი მედალოსანი გახდაო. სკარცელა მოვიდა და ფოტოც გადაიღო ჩემთან. ახლა კიდევ უფრო მეტად მინდა შედეგები. უკვე ასაკშიც ვარ, ვნახოთ, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე რა იქნება და მერე უნდა დავანებო სპორტს თავი, თორემ ძნელია ასე ორი საქმის კეთება.

- კოპერში თქვენმა შვილმა - ციკო ფუტკარაძემაც კარგად ისროლა და პლეი ოფში მეოთხედფინალშიც გავიდა. ზოგადად ახალგაზრდების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- ვლადიმერ დოლიძეც კარგი ბიჭია, პერსპექტიული. რაც მთავარია, დამჯერი, მაგრამ ჯერ გამოუცდელია, ცოტა დაბნეულიც კი იყო, რადგან პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ბავშვებს 1-2 დიდი შეჯიბრება სჭირდებათ, რომ შედეგი მოვთხოვოთ. ჩვენ განვიცდით ევროპა-მსოფლიოზე გასვლას - უფროსები და პატარებს რა უნდა მოვთხოვოთ. დოლიძე პლეი ოფში პირველივე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას, ცუდად არ უსვრია, უკმაყოფილო არ ვართ მისი გამოსვლით, მაგრამ მეტოქემ უკეთ ისროლა.

საკუთარ შვილზე ლაპარაკი ძალიან ძნელია, მაგრამ რა ვქნა - ციკოს შედეგი აქვს. ეს ერთ-ერთი ის სახეობაა, სადაც შვილს ვერანაირად ვერ დავეხმარები. ჩემი დახმარება მხოლოდ ისაა, რომ კარგი ინვენტარი მივცე, თორემ ცეცხლის ხაზზე ვერაფრით მიეხმარები. ციკო შეჯიბრებას მესამე წრიდან გამოეთიშა, იქ კი უკრაინელთა მომავალ ჩემპიონთან წააგო. მეტოქემ ფსიქოლოგიურად აჯობა.

საერთოდ, მე წინააღმდეგი ვიყავი მისი მშვილდოსნობაზე მიყვანისა - ეს ერთი შვილი გვყავს და არ მინდა, სპორტში ჩართულიყო, რადგან ეს ძალიან დიდი შრომაა. საბოლოოდ თვითონ მოინდომა სპორტსმენობა და დღეს ხშირად მეხუმრება, სპორტში ჩემი მიყვანა იმიტომ არ გინდოდა, რომ გეშინოდა არ გაჯობოო.

- რამე შენიშვნებიც გექნებათ ან პირადად მასთან, ან - ნაკრებთან? რის გამოსწორებას მიიჩნევთ საჭიროდ?

- მშვილდოსნობაში ოთხი წელიწადი მაინც უნდა იარო, შედეგს რომ მიაღწიო. აქ მთავარია, სერიოზულად, დინჯად მიუდგე საქმეს. ცეცხლის ხაზზე როცა დადგები, იქ დედ-მამა, და-ძმა, ყველა და ყველაფერი უნდა დაივიწყო და უნდა იფიქრო მხოლოდ ათიანზე, რომ ტექნიკურად დახვეწილი გასროლა შეასრულო. ტექნიკა ყველას განსხვავებული გვაქვს, მაგრამ ის ჩვენვე უნდა დავხვეწოთ.

ქალთა გუნდს რაც შეეხება, ნაკრები უკვე ჩამოყალიბებულია, ყველანი ზრდასრულები ვართ და შედეგებიც კარგი გვაქვს. გუნდი უკვე შეიკრა და რწმენაც არის. მაგალითად, მე მჯერა ესებუას და ლობჟანიძისა და მწამს, გუნდურში მედლებს ავიღებთ. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატიდან მედლით დაბრუნება ჩემთვის დიდი სიხარული იქნება, როგორც ფედერაციის პრეზიდენტის და როგორც - ნაკრების წევრისა.

- ქალთა ნაკრებში რეზერვიც არის: როგორც ვიცი, ასმათ დიასამიძე აპირებს ვარჯიშის განახლებას, მოდიან კარგი ახალგაზრდებიც...

- დიასამიძეს ჯერ არ განუახლებია ვარჯიში ხელის ტრავმის შემდეგ. სავარაუდოდ, 1-2 თვეში შეუდგება საქმეს. ახალგაზრდებს რაც შეეხება, მათ თავიანთ ნაკრებში კი უწევთ გამოსვლა, მაგრამ გვირჩევნია, ეროვნულში მეოთხე, სათადარიგო მონაწილედ ახალგაზრდა წავიყვანოთ. როგორც გითხარით, ოთხი წელიწადი მაინცაა საჭირო შედეგის მისაღწევად და გვინდა, ისინი მიეჩვივნონ საშეჯიბრო ატმოსფეროს, მღელვარების, ნერვიულობის შიშის დაძლევას.

ახალგაზრდებიდან, ციკოს გარდა, დავასახელებ ანა დუმბაძეს, ნინო დევაძეს... საქართველოს ჩემპიონატზე ციკო და ანა მე გამოვთიშე პლეი ოფიდან, მაგრამ დუმბაძემ ტურნირზე მაინც კარგად ისროლა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, ლანა ვერულიძეს მოუგო. უფროსებში ამის გაკეთება არაა იოლი.

- ვაჟების ნაკრებში რა პერსპექტივას ხედავთ?

- საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ეს გუნდიც დაკომპლექტდა. ქვეყნის ჩემპიონი მამუკა შუშაძე გახდა, მაგრამ ძალიან კარგი შედეგები აქვთ ლაშა ფხაკაძეს და ჯაბა მოსეშვილს... თვის ბოლოს საბერძნეთში მივდივართ ევროპის `დიდ პრიზზე~, სადაც ექვს ბიჭს წავიყვანთ. იქ ევროპის თამაშების საგზურები გათამაშდება და ვიმედოვნებთ წარმატების მოპოვებას. ფხაკაძეს პირადში უკვე აქვს ამ თამაშების ლიცენზია, რაც პირველი შემთხვევაა ქართული მშვილდოსნობის ისტორიაში.

- პირობები თუ გაუმჯობესდა, ხართ კმაყოფილი?

- პირობებზე უკვე საყვედურს ვერ ვიტყვი, რადგან გაიზარდა სოციალური დახმარებაც, ყველა შეჯიბრების წინ შეკრებას გავდივართ, რაზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით, ახლაც, საბერძნეთში წასვლამდე ბათუმში გავივლით შეკრებას. ოლიმპიური კომიტეტია თუ სპორტის სამინისტრო, ყველანაირად გვეხმარებიან. ოღონდ კი რამე მოვითხოვოთ და დახმარებისთვის მუდამ მზად არიან. ახლახან ოლიმპიურმა კომიტეტმა ისრები შეგვიძინა, მალე კი მშვილდებსაც მოგვცემენ. სამინისტროც ბევრ დახმარებას დაგვპირდა. პირობებზე საწუწუნო უკვე აღარ გვაქვს.

ირაკლი თავაძე

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა