საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები 15-16 იანვარს ბაქოში გასამართი მასტერსისთვის ემზადება
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები აგრძელებს მზადებას სეზონის უახლოესი ტურნირებისთვის - 15-16 იანვარს ბაქოში გასამართი მასტერსის და 29-30 იანვარს თბილისში ჩასატარებელი მსოფლიოს თასისთვის, რომელიც სალიცენზიო ქულებსაც იძლევა.

შეგახსენებთ, რომ ბაქოში ასპარეზობა ლიმიტირებულია და იქ გამოსვლის უფლება ამჯერად ექვსმა ჩვენებურმა მოიპოვა - ამირან პაპინაშვილმა, დავით ასუმბანმა (60), ლევან წიკლაურმა (81), ვალერი ლიპარტელიანმა (90), ლომერ ჟორჟოლიანმა (100) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100). რაც შეეხება თბილისის ტურნირზე გასაყვან შემადგენლობას, ის ჯერ საბოლოოდ არაა გარკვეული, მაგრამ აქ საქმე მაინც მარტივადაა - წინასწარი შეპირებით, საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებმა უნდა იჭიდაონ.

ამ საქმეში ერთადერთ პრობლემას ის ქმნის, რომ ობიექტური მიზეზით, ქვეყნის პირველობა რამდენიმე ლიდერმა ან გამოტოვა, ან - სამეულში ვერ მოხვდა. შესაძლოა, მწვრთნელებმა ამ წონებში მესამე პრიზიორები დაასვენონ და მათ ნაცვლად ესენი აჭიდაონ, იმათ კი შანსს სხვა შეჯიბრებებზე მისცემენ. ეს საკითხი საბოლოოდ ამ დღეებში გაირკვევა. სამაგიეროდ, გარკვეულია, რომ თბილისში არ იჭიდავებს ბოლო წლების ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა - ვალერი ლიპარტელიანი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე მედალოსნებში ვერ მოხვდა.

ნაკრები 16 იანვარს შეკრებას დაიწყებს, რითაც თბილისის ტურნირისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავა. ოღონდ ჯერ არც ისაა გარკვეული, შეკრებას დუშეთში გაივლიან თუ - თბილისში, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, დედაქალაქს არჩევენ.

გუშინ ნაკრების ძირითადმა ბირთვმა დიღომში, ძიუდოს აკადემიაში ივარჯიშა, პროცესს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილიც დაესწრო. ის გაეცნო სპორტსმენთა მზადებას, გაესაუბრა ნაკრებისა თუ ფედერაციის ხელმძღვანელობას, ბოლოს კი პრესისთვის ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, როგორც სეზონის პირველი შეჯიბრება. მოგეხსენებათ, ამას თბილისის მსოფლიოს თასი მოსდევს, სეზონის დასაწყისში ორი ასეთი შეჯიბრება კი საშუალებას მოგვცემს, უკეთ დავაკვირდეთ ჩვენს სპორტსმენებს, გამოვავლინოთ ის ჯგუფი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ წლის განმავლობაში. წლევანდელი სეზონი სალიცენზიოა და ამიტომ განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით გუნდს."

ვარჯიშის მიმდინარეობისას ნაკრების თავკაც სოსო ლიპარტელიანსაც გავესაუბრეთ გუნდის უახლოეს გეგმებზე.

- თავდაპირველად ბაქოში წამსვლელ ექვსეულზე ვთქვათ - რამდენად არიან ისინი მზად ტურნირისთვის?

- მასტერსი სეზონის პირველი შეჯიბრებაა, სადაც მხოლოდ რეიტინგის 16 მოწინავეს იწვევენ. ჩვენგან 6 ფალავანი მიდის და ვიმედოვნებთ, შედეგიც იქნება. მოგეხსენებათ, დეკემბერში იაპონიაში ვიყავით, სადაც გუნდმა ნაყოფიერად ივარჯიშა. წვრთნა არც თბილისში შეგვიწყვეტია, აქაც დიდი სამუშაო ჩავატარეთ და წარმატებისაც ამიტომ გვეიმედება. თუმცა ეს ძალზე ძლიერი ტურნირია, სადაც ერთი ქვეყნიდან რამდენიმე კაციც კი შეიძლება გამოვიდეს, ასეთი რამე კი მსოფლიოს პირველობაზეც არ ხდება - იქ, მაქსიმუმ, ორმა იჭიდაოს.

- თბილისის ტურნირისთვის მზადებას როდის შეუდგებით?

- 16 იანვარს დავიწყებთ შეკრებას. თბილისში გაირკვევა, ვინ იჭიდავებს სეზონის დარჩენილ შეჯიბრებებზე - "დიდი მუზარადისა" თუ "დიდი პრიზის" ტურნირებზე. ვინც აქ წააგებს, ალბათ, უცხოეთში წასვლის შანსი არ ექნება.

- თბილისში საჭიდაო შემადგენლობა საბოლოოდ გაირკვა?

- აქ საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებმა უნდა იჭიდაონ, თუმცა იქნებ ზოგიერთ წონაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს. კერძოდ, გვინდა, რომ თბილისში გამოვცადოთ არსენ მაჭარაშვილი, რომელიც ამჯერად დაიკლებს და 66-ში გამოვა. ასევე მინდა, 60-ში პაატა მერებაშვილმაც იასპარეზოს. ალბათ, მეტი ცვლილება არ მოხდება, ხოლო ვის ნაცვლად იჭიდავებენ ისინი, ამას ვარჯიშების შემდეგ გადავწყვეტთ. აქვე განვმარტავ, რომ ცვლილება შეეხებათ მხოლოდ ბრინჯაოს მედალოსნებს, თორემ ფინალისტები თბილისში ნამდვილად იასპარეზებენ.

- ვალერი ლიპარტელიანზე არაფერი გითქვამთ, რომელიც ასევე ვერ მოხვდა ქვეყნის მედალოსნებში. ის არ იჭიდავებს თბილისში?

- თბილისში არ გამოვა, თუმცა შანსს აუცილებლად მივცემთ. ის უფრო მომდევნო შეჯიბრებებში ჩაერთვება გუნდში.

- ახლებურ ვარჯიშებს შეეგუვნენ ბიჭები?

- კი, უკვე შეეგუვნენ. თავიდან გაუჭირდათ, განსაკუთრებით - იაპონიაში, მაგრამ უკვე შეეჩვივნენ და სიძნელეები დასძლიეს. დაუძლეველი არაფერია და თუ არ შეეჩვევიან, ისე არც შედეგები იქნება. ამიტომ სხვა გზა არცაა.

- ახლანდელ ვარჯიშზე არ ჩანან ნაკრების ძველი ლიდერები, რომლებმაც საქართველოს პირველობაც გამოტოვეს. მათთვის დასრულდა წლევანდელი სეზონი თუ შანსი ისევ რჩებათ?

- ჯერჯერობით დასრულებულია. მათ უნდა იგრძნონ, რომ თავის ნებაზე არავინ მიუშვებთ ანუ, როცა უნდათ, მაშინ იჭიდაონ, როცა უნდათ - არა. ცხადია, ისინი გუნდის გაფართოებულ მონახაზში რჩებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკრებში არ არიან.

- ირაკლი ცირეკიძეს თუ ესაუბრეთ, რას აპირებს?

- ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ამ დღეებში შევხვდები. თუ მას კვლავაც უნდა ჭიდაობა და თანაც ჩვენს რეჟიმს შეეგუება, ალბათ, მოგვიანებით შანსსაც მივცემთ.

- ავსტრიელი კონსულტანტი პეტერ ზაიზენბახერი როდის ჩამოდის და თქვენს შორის უფლებები საბოლოოდ გაირკვა თუ არა?

- ის გამთენიისას ჩამოფრინდებოდა და შეკრებაზე ჩვენთან იქნება, თუმცა ბაქოში არ წამოვა. უფლებები საბოლოოდ განისაზღვრა - ზაიზენბახერი ფიზიკურ მომზადებას და ექიმთა ჯგუფს მიხედავს. ის ფიზმომზადებისთვის სპეციალურ პროგრამას დაგვიწერს, ცხადია, ჩემთან შეთანხმებით და ყველა შეკრებაზე გუნდთან ერთად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე