იტალიის თასი. 1/8 ფინალი

"ინტერის" წარმატებული სვლა იტალიის თასზეც გაგრძელდა, სადაც მილანურმა გრანდმა "ჯენოა" დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ლეონარდო ჩაუდგა გუნდს სათავეში, ეს მიჯრით მოპოვებული მესამე გამარჯვებაა, რაც ბუნებრივია გულშემატკივრებს ძალიან ახარებთ. ყველა სიკეთესთან ერთად, ერთი საოცარი ამბავიც მოხდა - "ნერაძურის" ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად სამმა იტალიელმა ფეხბურთელმა იასპარეზა. დიახ, ეს მართლაც ფანტასტიკური ამბავი "ჯენოასთან" მატჩში მოხდა და ოთხი ნომინალური მცველიდან სამი სწორედ იტალიელი იყო: მარკო მატერაცი, დავიდე სანტონი და ანდრეა რანოკია. ეს უკანასკნელი პირველად მოხვდა "ინტერის" ძირითად თერთმეტეულში და ეს ამბავი ერთი უხეში შეცდომით აღნიშნა, რომელზეც ქვემოთ ვიტყვით.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე გაგრძელდა მთელი 90 წუთის განმავლობაში. ლეონარდომ აშკარად სწრაფ გოლზე დაგეშა შეგირდები და შედეგსაც მიაღწია - მე-15 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სალი მუნტარიმ გრძელი გადაცემით სამუელ ეტოო მოძებნა, ვინც ორ მცველს აუარა გვერდი და ზუსტი დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ მუნტარი გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობდა და უშუალო მოვალეობას თავი კარგად გაართვა.

არადა, წარმოგედგინათ აქამდე მუნტარი პლეიმეიქერად? - ვგონებთ, ამაზე თავადაც არ უფიქრია. სათასო პაექრობებში მწვრთნელები ხშირად მიმართავენ ექსპერიმენტებს და ლეონარდომაც ასეთი ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო - არ არის გამორიცხული, განელი ფეხბურთელი მომავალშიც ვიხილოთ გამთამაშებლის პოზიციაზე. მეორე გოლი მილანელებმა ტაიმის მიწურულს გაიტანეს და ისევ ეტოომ გამოიჩინა თავი - შესანიშნავად მიიღო ბურთი, ერთი მოძრაობით ჩამოიცილა მეტოქე და მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა.

ჩამქრალი ინტრიგა გენუელებმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე აანთეს, როდესაც თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. პენალტი რუფოლფმა მოინადირა, ვის წინააღმდეგაც ანდრეა რანოკიამ იუხეშა - უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი სისრულეში ხარჯამ მოიყვანა. მილანელებმა მალევე აღადგინეს ორბურთიანი უპირატესობა და ამჯერად, მაკდონალდ მარიგამ გამოიჩინა თავი. 59-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მილანელებმა მორიგი კუთხური ჩააწოდეს, მარიგამ კი მაღალ ნახტომში დაჰკრა ბურთს თავური და გენუელთა კიპერი უშანსოდ დატოვა. სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოახერხეს, უფრო მეტისთვის კი არც დრო ეყოთ და არც საშემსრულებლო ოსტატობა.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტთა ყურადღების ეპიცენტრში დავიდე ბალარდინი მოხვდა, რომელმაც არბიტრი მიკერძოებაში

დაადანაშაულა. მოვუსმინოთ "ჯენოას" თავკაცს: "მართალია, ტერიტორიულ უპირატესობას "ინტერი" ფლობდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით მეტი სახიფათო მომენტი შევქმენით. ცუდად ნამდვილად არ გვიასპარეზია, მაგრამ მატჩის არბიტრმა ყველა სადავო ეპიზოდში მასპინძელთა მხარე დაიჭირა. გასაგებია, რომ თერთმეტმეტრიანით გავქვითეთ ერთი ბურთი, მაგრამ იმ ეპიზოდში თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო - საკამათო მომენტებში კი არბიტრი ყოველთვის "ინტერის" მხარეს იჭერდა."

ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ დაეთანხმა ლეონარდო და დასძინა, რომ მისმა გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა ალალად დაიმსახურა. ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, ორმაგად სასიამოვნოა, რომ "ინტერი" გამარჯვებებს სანახაობრივი ფეხბურთის დემონსტრირებით აღწევს.

კიდევ ერთი მეოთხედფინალისტის ვინაობა "რენცო ბარბერაზე" გაირკვა, სადაც "პალერმომ" "კიევოს" უმასპინძლა. ამ შემთხვევაშიც ფავორიტმა გაიმარჯვა და აქაც მინიმალური სხვაობით. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა და გატანა ვერონელებსაც შეეძლოთ, მაგრამ ფორტუნამ მასპინძელს გაუმართლა - შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე ათიოდე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც სიცილიელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ეს მისია თავის თავზე ფაბრიციო მიკოლიმ აიღო, ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა და შედეგიანი დარტყმით თამაშის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა.

სერია A-ს სატურნირო ცხრილში "პალერმოს" მეხუთე ადგილი უკავია და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი დელიო როსი სათასო პაექრობებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და შეეცდება გულშემატკივრები ტროფეით გაახაროს: "შეგვიძლია თუ არა თასის მოგება? - რატომაც არა, ამის საკმაოდ დიდი შანსი არსებობს. "პალერმოს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია და ამაში არაერთხელ დარწმუნდებოდით. "კიევოსთან" რთული მატჩი გადავიტანეთ და საწადელს მივაღწიეთ. დიახაც, ჩვენი მიზანი თასის მოპოვებაა, ეს შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა გულშემატკივრებისთვის."

ინტერი-ჯენოა 3:2

ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - მაიკონი (89. რივასი), რანოკია, მატერაცი, სანტონი - კამბიასო, მარიგა, ძანეტი - მუნტარი (58. ბიაბიანი) - პანდევი, ეტოო (70. ობი).

ჯენოა (4-4-2): სკარპი - რაფინია, დაინელი, მორეტი, კრიშიტო - იელენიჩი (46. მესტო), კუჩკა, ველოზო, ხარჯა (63. პალასიო) - რუდოლფი, ბოაკე.

გოლები: 1:0 ეტოო (15), 2:0 ეტოო (43), 2:1 ხარჯა (54-პენ.), 3:1 მარიგა (59), 3:2 სკული (90).

პალერმო-კიევო 1:0

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი (86. მუნოსი), ანდელკოვიჩი, ბოვო, გარსია (67. დარმიანი) - კურტიჩი (64. მილიაჩო), ლივერანი, ნოჩერინო - ილიჩიჩი, კასამი - მიკოლი.

კიევო (4-4-2): სკუიცი - სარდო (90. დენგუე), მორერო, ანდრეოლი, იოკიჩი (77. რინკონი) - გუანა, მემუშა, მარკოლინი, ბენტივოლიო (80. კირილოვი) - მოსკარდელი, გრანოჩე.

გოლი: 1:0 მიკოლი (80-პენ.).

teg...inter
ინტერი მაგარი ...გენავეთ ბიჭებოოოო. .იტალიელებს რაც შეეხება ინტერში ოთხი თამაშობდა და არა სამი..
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?