ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებებს ასეთი წარმატება აქამდე არასდროს მოუპოვებიათ
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დასრულებულ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" ფინალში კანადის ნაკრებს ბრწყინვალე სტილში 49:24 მოუგო, პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ წელიწადს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებებს ასეთი წარმატება აქამდე არასდროს მოუპოვებიათ. "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" პირველად გავიმარჯვეთ და ელიტაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ასპარეზობა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს გარანტირებული, რადგან 2017 წელს პლანეტის საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებებს საქართველო უმასპინძლებს.

ჯგუფურ ტურნირში ჩვენმა მეტოქემ, კანადის ნაკრებმა ტონგას გუნდს მოუგო და ფინალში თამაშის უფლება ისე მოიპოვა. ცხადია, ეს "უმცროსი ნეკერჩხლის ფოთლების" სიძლიერეზე მიუთითებდა და მომავალ, გადამწყვეტ მატჩს ქართველი რაგბის ქომაგები დიდი სიფრთხილით, თუმცა მაინც ოპტიმიზმით ელოდნენ. სუსტი გუნდი ფინალში ვერაფრით მოხვდება. ეს სენტენცია კანადამ დაამტკიცა, ოღონდ მხოლოდ მეორე ტაიმში, როცა ჩვენს მორაგბეებს საქმე უკვე მოთავებული ჰქონდათ.

მატჩის პირველ ნახევარში მთლიანად "უმცროსი ბორჯღალოსნები" დომინირებდნენ და მეტოქეს მოედნის ცენტრალური ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ.

ერთადერთხელ, ტაიმის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე, როცა ჩვენი გუნდი 24:0-ს იგებდა, ცენტრიდან დაკიდებულ ბურთზე უყურადღებოდ ვითამაშეთ და კანადელებს ლელოს გატანის საშუალება მივეცით.

იქამდე კი, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი გუნდის უპირატესობა საგრძნობი იყო, რაც ოთხ ლელოში აისახა კიდეც. ანგარიში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-15 წუთზე გახსნეს. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ კანადელები საკუთარ 22-მეტრიან ზონაში დაჯარიმდნენ. ბურთი ქართველმა მორაგბებმა აუტში გადაიტანეს, დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს და მძლავრი ბიძგებით ლელოში შევიდნენ. ბოლოს ბურთით ხელში მიხეილ ბაბუნაშვილი იყო. მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 5:0.

12 წუთში კანადელებმა ისევ ვერ გაუძლეს ჩვენი მორაგბეების ზეწოლას და ამჯერად მოედნის ცენტრში დაჯარიმდნენ. ჯინჭველაშვილმა ბურთი ისევ აუტში გადაიტანა. ხუთმეტრიანი დერეფანი ისევ იოლად მოვიგეთ და მოლით კვლავ ლელოში შევაღწიეთ. ამჯერად ლელო შერკინების ბურჯის, გიორგი მელიქიძის ანგარიშზეა. ჯინჭველაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 12:0.

მეტოქე ნელ-ნელა გატყდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, არ იცოდა, საქართველოს ნაკრების თამაშისთვის რა დაეპირისპირებინა. 33-ე წუთზე მეტოქის მოედნის ნახევარზე მათივე აუტი მოვიგეთ და ბურთი მარცხნივ ჩავათამაშეთ. მესამე ლელო გუნდს გარემარბმა გიორგი კვესელაძემ მოუტანა. ჯინჭველაშვილს გარდასახვა ისევ გაუცუდდა - 17:0.

ორი წუთის შემდეგ შედეგიანი შეტევა ისევ დერეფნის მოგების შემდეგ დაიწყო. მესამეხაზელი დავით პაპავაძის მიძალების შემდეგ ბურთი რაკიდან შეცვლაზე შესულმა თორნიკე ზოიძემ აიტაცა და ლელოში გადადო. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 24:0. ნათელი გახდა, რომ ეს მატჩი ქართველების იყო. ზოიძის ლელოს ის ეპიზოდი მოჰყვა, რომელზეც ზემოთ უკვე ვთქვით - 7:24. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საწყისი ათი წუთი ისევ ჩვენი გუნდის იყო. ჯერ გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 27:10. მერე, ორწუთიან შუალედში საქართველოს ნაკრებმა ორი ერთმანეთზე უკეთესი ლელო გაიტანა. 48-ე წუთზე ჩვენი გუნდის იერიში მარცხენა ფრთაზე განვითარდა. მორკინალების მიძალების შემდეგ ბურთი ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა, სადაც იერიშში ფულბეკი ირაკლი სვანიძე ჩაერთო, ამან კიდევ უფრო მარჯვნივ გარემარბ ანზორ სიჭინავას გადააწოდა, რომელმაც მეტოქე გადათელა და ლელოში ისე შეიჭრა. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 32:10.

ორ წუთში ისევ "უმცროსი ბორჯღალოსნები" უტევდნენ. კანადელებმა ბურთი საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ფეხით გამოიტანეს. ის გარემარბის, გიორგი კვესელაძის ნადავლი გახდა, რომელმაც მეტოქის მოშიშვლებული ზურგი დროულად შეამჩნია. ბურთი ფეხითვე გადაიკიდა, მიჰყვა, იოლად დაეუფლა და ლელო გაიტანა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 39:10.

ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენი გუნდი ოდნავ მოდუნდა. კანადელებმა ტემპს უმატეს და 55-ე წუთზე ლელო გაგვიტანეს - 17:39. სამ წუთში საქართველოს ნაკრების მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა გაიბრწყინა - ჩვენი გუნდის შეტევისას, ზედ კარის პირდაპირ ბურთი ფეხით გადაიკიდა და ეფექტური ლელო მიითვალა, რომელიც თავადვე გარდასახა - 46:17.

თამაშის დასრულებამდე დარჩენილ დროში კანადელებმა კიდევ ერთი გარდასახული ლელო ჩაიწერეს აქტივში, რასაც ჯინჭველაშვილმა ერთი საჯარიმოთი უპასუხა - 49:24.

საქართველო-კანადა 49:24

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. ბადრი ლიპარტელიანი, 12. სანდრო ილურიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. რეზო ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე.

16. გიორგი თედორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. თორნიკე ზოიძე, 19. გიორგი ცუცქირიძე, 20. რატი შანიძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი.

7ლ: მ. ბაბუნაშვილი, მელიქიძე, კვესელაძე (2), ზოიძე, სიჭინავა, ჯინჭველაშვილი. 4გ,2ს: ჯინჭველაშვილი.

სინბინი: ნეფარიძე.

მსოფლიოს ალაფა

VII ადგილისთვის

პორტუგალია-ჰონგ კონგი 47:21

V ადგილისთვის

ნამიბია-ფიჯი 24:36

III ადგილისთვის

ტონგა-ურუგვაი 43:44

ფინალი

საქართველო-კანადა 49:24

საბოლოო მდგომარეობა

1. საქართველო, 2. კანადა, 3. ურუგვაი, 4. ტონგა, 5. ფიჯი, 6. ნამიბია, 7. პორტუგალია, 8. ჰონგ კონგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გელა
გილოცავთ, ბიჭებო მგლები ხართ გენაცვალეთ.
murtalo
სიტყვები არ მყოფნის, თითები მიკანკალებს და ძლივს ვკრიფავ ასოებს...გილოცავთ ლომებო!
ალექსანდრე
უზომოდ გახარებული და აღფრთოვანებული ვარ. დიდი მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს! ვეთანხმები დათოს კომენტარს...
დათო
ყოჩაღ!!!!! ადრეც დავწერე და კიდევ მინდა გავიმეორო: ეს ღირსეული გამარჯვება გააპიარეთ ბოლომდე სკოლებში , ინსტიტუტებში, ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ ოჯახებში, რომ ამ ბიჭების ვაჟკაცობამ სტიმული მისცეს ათას და ასიათას მათ თანატოლს, რომ მათაც ირწმუნონ , რომ შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევა!!!! დიდი მადლობა მათ მშობლებს, მათ აღმზრდელებს, ფედერაციას და ყველას ვინც მათ ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო!!!! მე დღეს ვარ ამაყი და არ მეშინია ჩემი ქვეყნის მომავლის!!!! მადლობა ბიჭებო!!! P.S. კარგი იქნება თუ რომელიმე დიდ დარბაზში , მაგ. სპორტის სასახლეში, მოხდება ამ ბიჭებთან შეხვედრა. დარწმუნებული ვარ ცარიელ ადგილს ვერ იპოვით!!!
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს