როგორ ემზადებიან საქართველოს ჩემპიონატის განახლებისთვის ”ბაია”, ”სიონი”, ”კოლხეთი”, ”სამტრედია” და ”სპარტაკი”
შაბათს იმ გუნდების სატრანსფერო სიახლეებზე ვისაუბრეთ, XXII ჩემპიონატში ამბიციური მიზნები რომ უნდა ჰქონდეთ; აი, დღეს კი, დაპირებისამებრ, ეგრეთ წოდებული, მეორე ეშელონის გუნდების მზადებაზე მოგითხრობთ. რა თქმა უნდა, ეს ხუთი გუნდი (”ბაია”, ”სიონი”, ”კოლხეთი”, ”სამტრედია”, ”სპარტაკი”) სხვადასხვა ”განწყობით” შეხვდება ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპს: ზოგმა მეტ-ნაკლებად დაასრულა სელექცია, ზოგან კვლავაც უნდა ველოდოთ ახალი სახეების გამოჩენას, ერთი-ორგან კი ისევ ბუნდოვანი სიტუაციაა.

თუმცა, ჯობს თანმიდევრულად მივყვეთ და ”ბაიათი” დავიწყოთ. ზუგდიდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი გადამწყვეტ ეტაპზე, ფაქტობრივად, იმ შემადგენლობას უნდა დაეყრდნოს, მეორე წრეში რომ ასპარეზობდა. ანუ, ჯერ კიდევ შემოდგომაზე წასული 12 (!) ფეხბურთელი რომ ფინანსურად შეჭირვებულ ”ბაიაში” არ მიბრუნდებოდა, ყველასათვის ნათელი იყო და ზუგდიდურმა გუნდმაც პირველი ეტაპი მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელებით ჩაამთავრა. თუმცა, ”ბაიას” დანაკლისი კიდევ გაიზარდა: გუნდის ორი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი (თორნიკე ზარქუა, ნიკა კვეკვესკირი) კარიერას თბილისის ”დინამოში” აგრძელებენ; ასევე ახალგაზრდა შემტევი ლუკა გუგუჩია კი - ქუთაისის ”ტორპედოში” გადავიდა, ხოლო გამოცდილი მცველი ლევან აკობია ერთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ სომხეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა.

მოკრძალებული ფინანსური საშუალებიდან გამომდინარე, ”ბაიას” შემადგენლობაში სხვა ქალაქებიდან მოწვეულ ფეხბურთელებს არც უნდა ველოდოთ და პოტენციურ ახალწვეულთა შორის ის ადგილობრივი მოთამაშეები იქნებიან, პირველ ეტაპზე სხვადასხვა გუნდებში რომ ასპარეზობდნენ. აი, ახლაც ”კოლხეთთან” საკონტროლო მატჩში ”ბაიას” შემადგენლობაში გამოჩნდნენ კლუბის ყოფილი ფეხბურთელები, ამ სეზონის დაწყების წინ პირველი ლიგის ”სქურში” (წალენჯიხა) რომ გადავიდნენ: არჩილ მაქაცარია, ლაშა სვირავა, გიორგი ქირია.

მეორე ეტაპზე ”ბაიას” უმთავრესი საზრუნავი თუ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, აი, ”სიონს” კი, არა გვგონია, მსგავსი პრობლემა შეექმნას. მართალია, იმას ვერავინ იტყვის, ბოლნისელებს ზღაპრული პირობები აქვთო, თუმცა გიორგი ყიფიანის გუნდმა მზადებაც ”დათქმულ” დროს დაიწყო, ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა და რამდენიმე დღეში ურეკშიც გაემგზავრება, სადაც განაგრძობს კიდეც მეორე ეტაპისათვის მომზადებას.

ამ დროისათვის ”სიონიდან” ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ორი ფეხბურთელია წასული - რევაზ გოცირიძე და ვლადიმერ უგრეხელიძე; თავდასხმაში გოცირიძის ადგილს, სავარაუდოდ, არანაკლებ გამოცდილი რევაზ ჯიქია დაიკავებს, აი, ”სიონის” ნახევარდაცვაში კი, მეორე ეტაპისათვის, მართლაც სერიოზულ კონკურენციას უნდა ველოდოთ: 32 წლის კახა ჩხეტიანი და 33 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილი ბოლნისელთა გუნდს რომ გააძლიერებენ, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება; დიდი ინტერესით ველოდებით 23 წლის ირაკლი ჩირიკაშვილის გამოჩენასაც - ეს შემტევი სტილის ნახევარმცველი, შარშანდელი ზაფხულის მერე უგუნდოდ იყო და იმედია, საკუთარ შესაძლებლობებს ახალ გუნდშიც წარმოაჩენს. სერიოზული შევსებაა დაცვის ხაზშიც: ამ რგოლის ორივე პოტენციური ახალწვეული (დავით ბაქრაძე, ალექსანდრე ინწკირველი) საკმაოდ გამოცდილია და საქართველოს ჩემპიონატშიც არაერთი სეზონი აქვთ გატარებული.

ახლა კი იმ ორ გუნდზე უნდა ვისაუბროთ, მეორე ეტაპზე ერთადერთი და კონკრეტული ამოცანა რომ ექნებათ - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება! ხვდებით, ალბათ, რომ ”კოლხეთსა” და ”სამტრედიას” ვგულისხმობთ, გადამწყვეტ ეტაპს გადახალისებული შემადგენლობით რომ ხვდებიან. არადა, ფოთელი და სამტრედიელი ქომაგები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ თავიანთი საყვარელი გუნდების კვლავაც უმაღლეს ლიგაში ხილვას და ნამდვილად არავისთვის უნდა იყოს სულ ერთი ”კოლხეთისა” და ”სამტრედიის” ბედ-იღბალი. სამწუხაროდ, ამ ორივე დიდი ტრადიციების მქონე გუნდის პრობლემები შარშან ზაფხულშივე დაიწყო, მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში გრძელდებოდა და სიტუაცია სასიკეთოდ არც ამ ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე შეცვლილა.

იმავე ”კოლხეთში” ჯერ ისაც გაურკვეველია, დარჩება თუ არა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბესიკ შეროზია - ამ დროისათვის გუნდს ზაზა ინიაშვილი ავარჯიშებს და დიდი ალბათობით, მეორე ეტაპზე ფოთელები დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებით იასპარეზებენ. ამ შემთხვევაში კი, ”კოლხეთს” მეტად და მეტად გაუჭირდება უძლიერესთა რიგებში ადგილის შენარჩუნება; მით უფრო, რომ XXII ჩემპიონატის რეგლამენტით უმაღლესი ლიგიდან ორი გუნდი ავტომატურად ვარდება, ხოლო VIII ადგილზე გასული პლეი ოფის მატჩს ჩაატარებს პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან.

”კოლხეთის” მსგავსად არასახარბიელო სიტუაციაა ”სამტრედიაშიც”; თანაც, იმერულ კლუბში ცვლილებები უფრო ადრე დაიწყო: პირველი ეტაპის დასრულებისთანავე გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი გელა სანაია, ერთდროულად სამი ნახევარმცველი (ლაშა ქებაძე, ლევან ბაკურაძე, დავით კირკიტაძე) ბევრად ამბიციურ ”ტორპედოში” გააგრძელებს კარიერას; სულ რამდენიმე დღის წინ კლუბის ზედა სტრუქტურაშიც განხორციელდა საკადრო ცვლილებები, ოღონდ, რამდენად დადებითად იმოქმედებს ყოველივე ეს ”სამტრედიის” ასპარეზობაზე, ამას დრო გვიჩვენებს. ისე, ცოტა არ იყოს, უცნაურობასთანაც გვაქვს საქმე: ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი... ყველაზე გაჭირვებულებმა ჩაატარეს (”კოლხეთისა” და ”სამტრედიის” საკონტროლო შეხვედრა ფოთელთა გამარჯვებით დამთავრდა).

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე ცხინვალის ”სპარტაკია”, მაგრამ ბადრი კვარაცხელიას გუნდს რეალურად შეუძლია უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. ჯერ ერთი, უშუალო კონკურენტებს მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და, რაც მთავარია, გუნდი სერიოზულად ემზადება გადამწყვეტი ეტაპისათვის.

სხვათა შორის, სწორედ ”სპარტაკი” იყო ის პირველი გუნდი, მზადება ჯერ კიდევ დეკემბერში რომ დაიწყო და ახლა კი ურეკშია შეკრებაზე. პირველ ეტაპთან შედარებით ”სპარტაკში” გარკვეული ცვლილებები მოხდა, თუმცა გუნდიდან წასულ ფეხბურთელთაგან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ მხოლოდ შოთა კაშია მიიჩნეოდა (მეტ-ნაკლებად იმავეს თქმა ნიკოლოზ მაისურაძეზეც შეიძლება). სამაგიეროდ, გუნდი ნელ-ნელა ძლიერდება და მეკარის გარდა, პოტენციურ ახალწვეულებს ყველა რგოლში ვიხილავთ: ნუკრი მანჩხავას (დაცვაში), ვლადიმერ უგრეხელიძეს, გიორგი მამუჩიშვილს (ნახევარდაცვაში), ზვიად მეტრეველს (თავდასხმაში). თანაც, ”სპარტაკმა” მოახერხა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და პირველი ეტაპის ასევე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ვალერი ბოლქვაძე შეინარჩუნა. არადა, ამ ნიჭიერი ნახევარმცველის შეძენა არაერთ კლუბს სურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს