საქმეს ისეთი პირი უჩანს, 66 კგ-ში საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი ცოტნე ბარამიძე კარიერას დაასრულებს

საქმეს ისეთი პირი უჩანს, საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი 66 კილოგრამში, გორელი ცოტნე ბარამიძე კარიერას დაასრულებს. არადა, ის ჯერ მხოლოდ 24 წლისაა. ჭაბუკთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი არც ისე დიდი ხნის წინათ ნაკრების ერთ-ერთ პერსპექტიულ კანდიდატად მიიჩნეოდა, როგორც მისი უფროსი ძმა - არჩილ ბარამიძე. ნოემბერში ცოტნემ დამაჯერებლად გაიმარჯვა საქართველოს პირველობაზე, მაგრამ კარიერის ჩარხი უკუღმა სწორედ მას შემდეგ დაუტრიალდა.

საქმე ისაა, რომ 2007 წელს მან მოქალაქეობა შეიცვალა - მრავალთა მიერ გატკეპნილ გზას ისიც გაჰყვა და ყაზახეთში წავიდა. მართალია, რამდენიმე წელიწადში ისევ უკან დაბრუნდა, მაგრამ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) სწორედ ამ მიდი-მოდის იმიზეზებს და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი სახელით გამოსვლის უფლებას არ აძლევს. თავიდან გვეგონა, რომ FILA-ს მიზეზად მოქალაქეობის შესახებ არსებული რეგლამენტი მოჰყავდა, რომლის თანახმად, სხვა ქვეყანაში უნებართვოდ წასვლა საერთაშორისო არენიდან ორწლიანი იზოლაციით ისჯება, მაგრამ ამ მხრივ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო - ბარამიძეს ყაზახთა სახელით პირველხარისხოვან ოფიციალურ შეჯიბერებებში არ უჭიდავია და იქაურები არც საქართველოში მის დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდნენ.

პირიქით, FILA-ს ყაზახებმაც სთხოვეს, მაგ კაცს ჩვენი სახელით არც უჭიდავია სადმე, არც გვჭირდებოდა და არც სამშობლოში მის დაბრუნებას ვეწინააღმდეგებით, უყოყმანოდაც ვუშვებთ ჩვენგან და იქნებ თქვენც დართოთ საქართველოს სახელით ჭიდაობის ნებაო, მაგრამ FILA-მ ახალი კანონი მოიშველია, რომლის თანახმადაც მოქალაქეობის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ანუ, ბარამიძეს ლიმიტი ამოწურული აქვს - ერთხელ უკვე შეიცვალა, როცა ყაზახეთში გადავიდა, ახლა კი ეს პასპორტის შეცვლის მეორე შემთხვევა იქნება.

ასე და ამგვარად, ისე გამოდის, 24 წლის ბიჭს რეალურად დაემუქრა კარიერის დასრულების საფრთხე, რაც ძალზე ცუდი იქნება. გარდა იმისა, რომ ბარამიძე ნაკრებისთვისაც საჭიროა, ყველაფერს მისი ოჯახური მდგომარეობაც ამძიმებს - სახლში ავადმყოფი დედა ჰყავს, მამა კი რამდენიმე წლის წინათ სტეფაწმინდაში ტურნირზე შვილების ქომაგობისას დაეღუპა (არჩილის ჭიდაობაზე).

ამ შექმნილ ვითარებაში რა გამოსავალი არსებობს? ალბათ, არც არაფერი. მართალია, FILA-მ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გამოგზავნილ განმარტებით ბარათს რეკომენდაციაც მოაყოლა, თუ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებით, შეგიძლიათ, FILA-ს სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივროთო, მაგრამ საეჭვოა, აქედან რამე გამოვიდეს - სავარაუდოდ, იქაც იგივე კანონს აგვიფრიალებენ. საუბედუროდ, FILA-ს ეს კანონი არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ზემოაღნიშნულ მოქალაქეობის შეცვლის შესახებ არსებულ რეგლამენტს ეწინააღმდეგება - იქ ლაპარაკია მოქალაქეობის თვითნებურ შეცვლაზე და არა ამ ცვლილების რაოდენობაზე. ანუ, ის არ არეგულირებს, ვის რამდენჯერ შეუძლია პასპორტის შეცვლა, არამედ სულ სხვა რამეს ითვალისწინებს.

როგორც ამბობენ, FILA-მ ეს ახალი კანონი რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ზეწოლით თუ რეკომენდაციით მიიღო. მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციის ავტონომიებიდან წასული მოჭიდავეები მთელ მსოფლიოს მოედვნენ და მათთვის მიგრაციის პრობლემა მართლაც აქტუალურია. იქნებ რუსები ამ პროცესს არც თავიდან მიესალმებოდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზე დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, ახლა კი სერიოზულად შეშფოთდნენ, რადგან ასეთი ნატურალიზებულები მათივე ათლეტებისთვის იქცნენ დაუძლეველ ზღუდეებად. შორს რომ არ წავიდეთ, საამისოდ უახლოესი წლებიდანაც ბევრი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ მხოლოდ თავისუფალ ჭიდაობაში. მაგალითად, ბოლო წლებში 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსთა გამოკვეთილ ლიდერს, ოლიმპიურ და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, ეროვნებით ოს ჰაჯიმურატ გაცალოვს სულ უფრო მეტად ავიწროებს ასევე ოსი, ოღონდ აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ხეტაგ გოზიუმოვი.

გაცალოვმა მას შარშან მსოფლიოს პირველობის ფინალში გაჭირვებით სძლია, წლეულს კი იმავე ეტაპზე დამარცხდა და მეხუთედ გაჩემპიონების შანსი დაკარგა.

ევროპის შარშანდელი პირველობის ფინალში ასევე აზერბაიჯანში გადაბარგებულმა ჩეჩენმა ზელიმხან ჰუსეინოვმა (60) რუსი ადამ ბატიროვი დაამარცხა, ეროვნებით ოსები და ვლადიკავკაზიდან გადასულები არიან უზბეკეთის ”თავისუფალთა” ნაკრების ლიდერები - მსოფლიოს ჩემპიონი, ამ ტურნირის ბოლო ორი პირველობის ფინალისტი ზაურბეკ სოხიევი (84) და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არტურ ტაიმაზოვი (120), რომლებსაც ასევე ხშირად დაუმარცხებიათ რუსები. საინტერესოა, რომ გოზიუმოვი კვლავაც ვლადიკავკაზში ემზადება იქაური ნაკრების თავკაც მალიკ თედეევთან.

გაცალოვიც იმავე დარბაზში ვარჯიშობს პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობით, ოღონდ თედეევის კონტროლქვეშ. თუმცა ეს არაა გამონაკლისი - სხვა ქვეყნებში წასული ფალავნები საბოლოოდ მაინც მშობლიურ ქალაქებში ბრუნდებიან სავარჯიშოდ, რადგან იქ დიდი კონკურენციაა, კარგი სპარინგები არ აკლიათ, რაც წარმატების წინაპირობაა. ერთი სიტყვით, ისინი ისევ რუსეთში ემზადებიან და მერე უგებენ რუსებს, რომლებსაც უკვე კატეგორიულად აღარ სურთ, კონკურენტებს ვარსკვლავები ჯერ გაუზარდონ, მერე კი მოუმზადონ კიდეც, რაც ძალაუნებურად ხდება ამ პირობებში.

რუსებს განსაკუთრებით დიდი პრობლემები აზერბაიჯანელებმა შეუქმნეს, რომლებიც მასობრივად იწვევენ ჩრდილო კავკასიელ ფალავნებს. შედეგად მათ უკვე გუნდურ პირველობაშიც ართმევენ ლიდერობას, მაგრამ სხვა მხრივაც მოუნდომეს დაჩაგვრა - ევროპის წლევანდელ პირველობამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, შეიძლება ითქვას, პირდაპირ წაართვეს დაღესტნელი მაჰმუდ მაგომედოვი (55)! მაშინ აზერბაიჯანელებს ამ წონაში თავისი მოჭიდავე დაუშავდათ და დანაკლისის შესავსებად დაღესტანს მიაშურეს, რაკიღა ნაკრების თავკაციც იქაური ჰყავთ. რუსები აფრთხილებდნენ მათ, რომ არ სურდათ მაგომედოვის გაშვება და რაკი ფალავანმა წინა წელს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს თასზე იჭიდავა, არ ჰქონდათ მისი ტურნირში დაშვების ნება. არ ვიცი, აზერბაიჯანელებს რისი იმედი ჰქონდათ, ალბათ, თავიანთი ფულებისა, მაგრამ მაგომედოვი მაინც წაიყვანეს, კიდეც აჭიდავეს და ევროპის ჩემპიონიც გახდა. შედეგად, რუსებმა FILA-ში იჩივლეს და იმის მიუხედავად, რომ მათი არქივიდან მსოფლიოს საკამათო თასის ოქმები საერთოდ გაქრა, ვიდეო და ფოტომასალის წარდგენით სიმართლე მაინც დაამტკიცეს და სპორტსმენის დისკვალიფიკაციასაც მიაღწიეს, თუმცა საინტერესოა, რომ FILA-მ მას ოქროს მედალი არ ჩამოართვა.

ეტყობა, რუსებმა ახლა ამ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა განიზრახეს და FILA-ს ზემოაღნიშნული კანონი მიაღებინეს. თუმცა მანამდე რუსებმა პრობლემის მოგვარება თავისთან სცადეს - ორი წლის წინათ ჭიდაობის იქაურმა ფედერაციამ მკაცრად გააფრთხილა დაღესტანისა და ჩრდილო ოსეთის რეგიონალური ფედერაციები, რათა აღეკვეთათ სპორტსმენთა მიგრაცია. უცხო ქვეყნებში გადახვეწილთა უმეტესობა მართლაც ამ ორ ავტონომიაზე მოდის, მაგრამ რაც გამოვიდა მიხეილ მამიაშვილის სამწყსოს ამ დავალებიდან, კარგად ჩანს - ეს პროცესი ოდნავადაც არ შეჩერებულა და მას შემდეგ კვლავაც არაერთი მოჭიდავე წავიდა უცხოეთში.

თუმცა მაინც გასაკვირია, რატომ ჩაერეოდნენ რუსები ზემოაღნიშნული კანონის მიღებაში - მათგან მხოლოდ მიდიან, უკან კი არავინ ბრუნდება. ლაპარაკი თუ იმაზეა, რომ უცხოეთში გადასული ფალავნები ხშირად იქაც იცვლიან მოქალაქეობას და რუსეთში თუ არ ბრუნდებიან, სხვა ქვეყნებში გადადიან, მაშინ საკითხი კიდევ გასაგებია.

ისე, ერთხელ რუსები თვითონ გაიხლართნენ ანალოგიურ საკანონმდებლო აბლაბუდაში. 2007 წლის ბოლოს მათ ქართული წარმოშობის ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ერთ დროს დაუმარცხებელი მძიმეწონოსანი დავით მუსულბესი სლოვაკეთში გაუშვეს. მანამდე მუსულბესი სპორტიდან წავიდა და ორი წლის შემდეგ დაუბრუნდა ხალიჩას პეკინის ოლიმპიადის მოახლოების გამო. მის არყოფნაში რუსეთის ნაკრებს ამ წონაში ახალი ლიდერი გამოუჩნდა - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ბახტიარ ახმედოვი და მუსულბესს იოლად შეელივნენ.

ეტყობა, იფიქრეს, რაღაში გვჭირდებაო, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ მან ძველებურად აკრიფა ფორმა და ჩვენთვის ავადსახსენებელ ევროპის 2006 წლის პირველობაზე ფინალში გასვლით ლიცენზიაც მოიპოვა (შეგახსენებთ - მაშინ ის ფინალში დავით მოძმანაშვილთან დამარცხდა, რომელიც იქვე დოპინგზე ჩავარდა) ანუ მათი ფალავნებისთვის სახიფათო მეტოქედ იქცა, მაშინვე მოინდომეს მისი დაბრუნება. უფრო სწორად, შეეცადნენ, მისთვის პეკინში გამოსვლის ნება წაერთმიათ, კარგად ხვდებოდნენ - დაბრუნებით ვერ დაიბრუნებდნენ, რადგან თვითონვე დართეს გადასვლის ნება. ამ ნიუანსის გამო მათი არც ის პრეტენზია ჩანდა რეალური და აკი ვერც გახდნენ ვერაფერს - მუსულბესმა პეკინში იჭიდავა და ბრინჯაოც მოიპოვა, თუმცა ახმედოვმა შედეგით აჯობა - მეორეზე გავიდა. სხვათა შორის, მან ის ფინალი ტაიმაზოვთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა