საარჩევნო რბოლა პროტესტი რეგიონებში გადევედი კაცი ჭკუიდან!..

გურული პოლიტიკა ქართულ ფეხბურთში შეიჭრა

ორშაბათს კვლავ ხმაური იყო გურიაში სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით - რამდენიმე უშედეგო ლანჩხუთური პროტესტის შემდეგ, გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები, არც მეტი, არც ნაკლები, გურიის ვიცე-გუბერნატორის კაბინეტში შეიკრიბნენ და თავიანთი პრეზიდენტის, კახა ებრალიძის გადაწყვეტილებები "სამთავრობო დონეზე" გააპროტესტეს...

ამით უფრო აშკარა გახდა ის ვარაუდი, რომ გრფფ-ის გამგეობის წევრები ზეწოლას განიცდიან, რაზეც მათი შეცვლილი "ჩვენებებიც" მიუთითებდა. ვითარებას კიდევ უფრო დრამატულს ხდის ის ფაქტი, რომ გუბერნიაში რამდენიმესაათიან "საიდუმლო სერობას" უშიშროების მაღალჩინოსანი ესწრებოდა. ამას ვიცე-გუბერნატორი სოსო ერქომაიშვილი იმით ხსნის, რომ მასთან კაბინეტში უკვე იმყოფებოდა უშიშროების წარმომადგენელი, როცა გრფფ-ის გამგეობის წევრები ესტუმრნენ. თუმცა ამ პოზიციას დამაჯერებლობა აკლია - რას უცდიდა ძალოვანი თითქმის 4 საათი, როცა ვიცე-გუბერნატორი და გამგეობის წევრები გრფფ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იხილავდნენ?

ამ ოთხი საათის განმავლობაში კი გურული მაღალჩინოსნის კაბინეტი "ალყაში" მოაქცია ადგილობრივმა მედიამ და სკანდალიც მათ გაახმაურეს. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მათ კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ - მაღალჩინოსნები კარს აწვებოდნენ, მაგრამ მედიამ იძალა და "ბომბიც გახეთქა".

"მოგეხსენებათ, გურიის ფედერაციის სამყაროში ხმაურია, გაიმართა აქციაც, ფედერაციის ხელმძღვანელის მხრიდან არ მოხდა ამ საკითხზე შესაბამისი რეაგირება, გამოხმაურება. აქედან გამომდინარე, ფედერაციის გამგეობის წევრებმა მათი რეაგირების გარეშე დატოვების შემდეგ მომართა გუბერნიას. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა, მუშა პროცესია, რასაც ჩვენ ნებისმიერ მოქალაქესთან ვახორციელებთ. მობრძანდნენ გუბერნატორთან. გუბერნატორმა კი მე დამავალა მათთან გასაუბრება და საქმის შესწავლა. მობრძანდნენ ბატონები, ვიმსჯელეთ, შევეცადეთ, რომ გურიის ფედერაციის ხელმძღვანელთან დაგვემყარებია კავშირი, თუმცა მცდელობის შედეგი არის არადამაკმაყოფილებელი - ის არ გამოეხმაურა ჩვენს გამოძახილს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ბატონები, რომლებიც არიან გურიის ფეხბურთის ფედერაციის წევრები, აპირებენ განცხადების გაკეთებას", - უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს სოსო ერქომაიშვილმა, ვისაც მიაჩნია, რომ "კახა ებრალიძემ რამდენიმე არასწორი ნაბიჯი გადადგა".

ჩვენ კომენტარი კახა ებრალიძეს ვთხოვეთ:

"მეც ჟურნალისტებიდან გავიგე ეს ყველაფერი. ზეწოლა რომ იყო გამგეობის წევრებზე, ამაში ეჭვი არც მეპარებოდა! სხვანაირად, ისინი კვირა დღეს, სამუშაო საათების შემდეგ ლანჩხუთში არ ჩამოვიდოდნენ, ან შემდეგაც, როცა ჩამოვიდნენ, შემეხმიანებოდნენ წინასწარ. არც ამჯერად არავინ შემხმიანებია და რას ნიშნავს, რომ ჩემთან კომუნიკაცია არ შედგა? თუ არ გჯერათ, ამოვიღებ სატელეფონო ჩანაწერს - ერთი ზარიც არ შემოსულა! გამგეობის წევრები ყოველდღე სხვადასხვას ამბობენ, რადგანაც მათზე ზეწოლაა და ეს არაა მათი სურვილი, თორემ ადამიანს რაც გინდა, არ დაგავიწყდება. სხვა საქმეა, ამის სამართლებრივი მხარე. აქციის დროს გამგეობის წევრებმა თქვეს, რომ კახა ებრალიძეს უფლება კი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ რატომ არ გვკითხაო. იმ საღამოს წერილი დაწერეს, რომელსაც არც ადრესატი ჰყავს და არაფერი!!! გაავრცელეს სოციალური ქსელით. ახლა გავიგე, რომ ამ წერილზე, რომელიც არც მიმიღია, რეაგირებას მთხოვენ, თურმე. იქ წერია, რომ მე კანონი დავარღვიე და ამას ხელს აწერენ. ანუ 1 საათში "გაერკვნენ", რომ დანაშაული ჩამიდენია! დღეს კი ბენია თავბერიძე აცხადებს ჟურნალისტებთან, რომ გრფფ-ს წესდებას არ იცნობს! თუ არ იცნობს, საიდან ასკვნის, რომ დავარღვიე?! თქვენ გგონიათ, რომ არ იცნობს წესდებას? არა! მან იცის და მითხრა კიდეც, რომ დებულება არ დამირღვევია, მაგრამ მასზე ზეწოლაა და ადამიანობაც ჰყოფნის, ყველაფერზე არ მოაწეროს ხელი. ამ ხალხს ხელფასები აქვს. მესმის მათი, ოჯახები ჰყავთ სარჩენი... ჩემი გადაყენება? კი ბატონო, გადამაყენონ! თუმც ამის ბერკეტი არ არსებობს! არ მიყვარს, როცა ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ 1 ლარი ხელფასი არ მაქვს ფედერაციაში და არ ვიბრძვი პირადი კეთილდღეობისთვის, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად არ დავთმობ ჩემს სიმართლეს", - ამბობს გრფფ-ის თავკაცი.

"ლელომ" კომენტარი გრფფ-ის გამგეობის წევრს ბენია თავბერიძეს თხოვა:

- ბატონო ბენია, რა ხდებოდა დღეს ვიცე-გუბერნატორის კაბინეტში?

- რა ხდებოდა და, ახლა, შეიძლება, მთლად დალაგებულად ვერც გითხრათ, გადევედი კაცი ჭკუიდან, ისეთ დღეში ვარ... გამგეობის წევრები ვიყავით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ გურიას ჰყავდეს ჩვენი წარმომადგენელი.

- ჰო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო კახა ებრალიძემ. თქვენ ფიქრობთ, რომ მან კანონი დაარღვია?

- არა, მე ვამბობ, რომ არ გვკითხა.

- თუმცა მოხსენებით ბარათში ხელს აწერთ, რომ გრფფ-ის თავკაცი უკანონოდ მოიქცა...

- იმ შეხვედრაზე ხომ იყავით? მე ვთქვი, რომ არ ვიცნობ დებულებას.

- რამდენად დამაჯერებელი ან სწორია, რომ გამგეობის წევრი არ იცნობთ დებულებას? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რაც არ იცით, იმას აპროტესტებთ...

- ვიცი, რასაც მეუბნებით, მაგრამ არ ვიცი, დებულება არ მინახავს!

- ბატონო ბენია, ხომ არ ჯობდა, ჯერ გენახათ ეს დებულება, რომელშიც წერია, რომ დავის დროს უფლება არ გაქვთ მიმართოთ სხვას, გარდა საფეხბურთო დავების განმხილველი არბიტრაჟისა...

- ხო, არ ვიცი, არ წამიკითხავს დებულება. არ ვიცი...

- შეხვედრაზე უშიშროების წარმომადგენელიც რომ იყო?

- არ ვიცი, მე არაფერი შეხება არასდროს მქონია უშიშროებასთან და არც ამ უწყების წარმომადგენლებს ვიცნობ სახეზე...

გავრცელებული ინფორმაციით, კახა ებრალიძის შეცვლის საკითხიც იხილება. თუმცა გრფფ-ის წესდების მიხედვით, არსებულ ვითარებაში ამის შესაძლებლობა თითქმის ნულის ტოლია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის