ჩემპიონატის ლიდერმა საჯინიბომ სეზონში მერვე დუბლი შეასრულა
სინგაპურში "მერსედესის" მოულოდნელი წარუმატებლობის შემდეგ, იაპონიის "სუზუკაზე" ძალთა ჩვეულებრივი თანაფარდობა დაბრუნდა. შაბათს, კვალიფიკაციაზე ნიკო როსბერგმა მეორედ გაუსწრო თანაგუნდელს და პოული მოიპოვა, მეორე იყო ლუის ჰემილტონი - ასე რომ, "მერსედესის" პილოტებმა სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი დაიკავეს. მეორე რიგში იდგნენ ვალტერი ბოტასი და სებასტიან ფეტელი, მესამეში - ფელიპე მასა და კიმი რაიკონენი.

რბოლის სტარტი საკმაოდ საინტერესო და ცოტათი არეული გამოვიდა. როსბერგმა პირველი პოზიციის შენარჩუნება სცადა და მოსახვევში ფართო გარე რადიუსით შევიდა, მაგრამ ჰემილტონის მანქანას ტრასაზე უკეთესი მოჭიდება აღმოაჩნდა. შედეგად, ორი "მერსედესის" ბრძოლაში ბრიტანელმა ლიდერობა მოიპოვა, ხოლო როსბერგი ტრასის მიღმა აღმოჩნდა. ამის გამო, გერმანელმა სამი ადგილი დაკარგა - ჰემილტონის გარდა, მას ფეტელმა და ბოტასმაც გაუსწრეს.

ასევე სტარტზე მოხდა ფელიპე მასასა და დანიელ რიკარდოს შეჯახება. ორივე პილოტის ბოლიდზე საბურავი დაზიანდა, შემდეგ კი ბრაზილიელის გასწრებისას, ტრასიდან გადავარდა სერხიო პერესი. პილოტებს დაუგეგმავი პიტსტოპი დასჭირდათ, თუმცა სამივემ შეძლო ბრძოლის გაგრძელება.

კარგი სტარტი გამოუვიდა სებასტიან ფეტელს, რომელმაც მეოთხედან მეორე ადგილამდე გადაინაცვლა. საწყისი ხუთი წრის შემდეგ, პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: ჰემილტონი, ფეტელი, ბოტასი, როსბერგი, რაიკონენი, გროსჟანი, მალდონადო, ჰიულკენბერგი, საინსი, ერიქსონი...

თითქმის მთელმა რბოლამ ისე ჩაიარა, რომ ლიდერთა შორის მყოფ პილოტებს ბრძოლა პრაქტიკულად არ ჰქონიათ და სიტუაცია მხოლოდ პიტსტოპების დროს იცვლებოდა. სწორედ ამის წყალობით შეძლო მეორე ადგილზე გადასვლა ნიკო როსბერგმა. პიტსტოპების პირველი სერიისას, გერმანელმა მე-18 წრეზე გაუსწრო ბოტასს, ბოქსებიდან მეორედ გამოსვლისას კი ფეტელიც უკან ჩამოიტოვა და მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა. ასევე მეორე პიტსტოპისას რაიკონენმა შეძლო იმავე ბოტასის გასწრება. ნიკოსა და კიმის გაუმართლათ, რომ კონკურენტებზე ადრე შევიდნენ პიტსტოპზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია "მაკლარენის" მორიგი კრახი. რბოლის დროს, ფერნანდო ალონსო მუდმივად ჩიოდა "ჰონდას" ძრავის გამო: რადიოთი მან თავისი გუნდის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ესპანელის გასწრება მაქს ფერსტაპენმა შეძლო, მსოფლიოს ჩემპიონმა ისტერიულად დაიყვირა, რომ მის მანქანაზე GP2-ის ძრავა დაყენებული. როგორც ჩანს, ალონსოს მოთმინება იწურება. ეს რადიომოლაპარაკებები ჭორების მორიგ ტალღას წარმოშობს.

რბოლის ბოლო მესამედი კიდევ უფრო ღარიბი აღმოჩნდა საინტერესო მოვლენების მხრივ: ლიდერებს შორის სიმშვიდე იყო და ბრძოლა პოზიციებისთვის, ძირითადად, ქულათა ზონის მიღმა მყოფ პილოტებს შორის მიდიოდა.

პირველ ათეულში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა: ფინიშამდე ცხრა წრით ადრე, ფერსტაპენი კარლოს საინსს დაეწია მეცხრე პოზიციისთვის ბრძოლაში. მაქსს მხოლოდ ერთი წრე დასჭირდა იმისთვის, რომ თანაგუნდელი უკან ჩამოეტოვებინა. ეს მორიგი დარტყმა იყო ესპანელის ამბიციებზე, რომელიც ბოლო რბოლებში აშკარად აგებს ჰოლანდიელ ტალანტთან.

ფინიშთან ლუის ჰემილტონმა 18 წამამდე გაზარდა თავისი უპირატესობა. სტარტის მოგების შემდეგ, ბრიტანელის უპირატესობაში ეჭვი არავის შეპარვია. მსოფლიოს ჩემპიონმა სეზონში მერვე და კარიერაში 41-ე რბოლა მოიგო. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა თავის ბავშვობის კერპს, ლეგენდარულ ბრაზილიელს აირტონ სენას.

ნიკო როსბერგმა ისევ წააგო თანაგუნდელთან და სულ უფრო მეტად მოსჩანს მეორე პილოტად თანაგუნდელის ფონზე. სებასტიან ფეტელმა სცადა როსბერგის დაწევა, მაგრამ მესამე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია, რაც არ არის ცუდი შედეგი - "ფერარიმ" ბოლო ექვს რბოლაში მეექვსე პოდიუმი მოიპოვა.

კიმი რაიკონენი მშვიდად მივიდა მეოთხე ადგილამდე - თითქმის სამი წამი მოუგო ვალტერი ბოტასს. ორივე "ლოტუსს" გაუსწრო და მეექვსე ადგილზე გავიდა ნიკო ჰიულკენბერგი. აღვნიშნავთ ორივე "ლოტუსისა" და ორივე "ტორო როსოს" ქულათა ზონაში შესვლას, ხოლო "რედ ბულმა" ამ სეზონში პირველად ვერ მოიპოვა ქულები.

საერთო ჩათვლაში ჰემილტონი უკვე 48 ქულით უსწრებს როსბერგს. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, 11 ქულამდე გაზარდა ფეტელთან უპირატესობა. ხუთეულს ავსებენ რაიკონენი და ბოტასი, რომლებიც უსწრებენ ფელიპე მასასა და დანიელ რიკარდოს.

კონსტრუქტორთა თასზე "მერსედესი" უკვე 169 ქულით უსწრებს "ფერარის". მესამეზე მოდის "უილიამსი", ხოლო მეოთხე ადგილი დამაჯერებლად უჭირავს "რედ ბულს".

შემდეგი, მე-15 ეტაპი ორი კვირის შემდეგ გაიმართება - სოჭი უმასპინძლებს რუსეთის გრან-პრის.

სუზუკა (53 წრე, 307.471 კმ)

1(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:28.06,508 (2 პიტსტოპი)

2(1). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +18,964 (2)

3(4). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +20,850 (2)

4(6). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +33,768 (2)

5(3). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +36,746 (2)

6(13). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +55,559 (2)

7(8). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +1.12,298 (2)

8(11). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) +1.13,575 (2)

9(17). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) +1.35,315 (2)

10(10). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე (2)

11(12). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 1 წრე (2)

12(9). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (3)

13(20). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) 1 წრე (3)

14(15). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 1 წრე (2)

15(7). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 1 წრე (2)

16(14). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე (2)

17(5). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) 2 წრე (3)

18(19). ალექსანდერ როსი (მანორი, აშშ) 2 წრე (2)

19(18). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 3 წრე (3)

20(16). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 3 წრე

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი - 277 (8 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 229 (3); 3. სებასტიან ფეტელი - 218 (3); 4. კიმი რაიკონენი - 119; 5. ვალტერი ბოტასი - 111; 6. ფელიპე მასა - 97; 7. დანიელ რიკარდო - 73; 8. დანიილ კვიატი - 66; 9. რომენ გროსჟანი - 44; 10. სერხიო პერესი - 39; 11. ნიკო ჰიულკენბერგი - 38; 12. მაქს ფერსტაპენი - 32; 13. ფელიპე ნასრი - 17; 14. პასტორ მალდონადო - 16; 15. კარლოს საინსი - 12; 16. ფერნანდო ალონსო - 11; 17. მარკუს ერიქსონი - 9; 18. ჯენსონ ბატონი - 6.

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 506; 2. ფერარი - 337; 3. უილიამსი - 208; 4. რედ ბული - 139; 5. ფორს ინდია - 77; 6. ლოტუსი - 60; 7. ტორო როსო - 44; 8. ზაუბერი - 26; 9. მაკლარენი - 17.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]