ხუთი ბრინჯაო და არც ერთი ოქრო-ვერცხლი - ასეთია ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი ბაქოში, `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ ტურნირში...

ხუთი ბრინჯაო და არც ერთი ოქრო-ვერცხლი - ასეთია ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაგარი ბაქოში, `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ ტურნირში... მათი მფლობელები ბესარიონ გოჩაშვილი (55), მალხაზ ქურდიანი (60), გიორგი გოგშელიძე, ბელდუხ გავაშელიშვილი (ორივე - 96) და ლევან ბერიანიძე (120) გახდნენ.

ზედმეტია ლაპარაკი ნაკრების წარუმატებელ გამოსვლაზე, როცა 21-კაციანი გუნდიდან ფინალამდე ერთი მონაწილეც ვერ აღწევს და ლიდერები ადრეულ ეტაპზე აგებენ. ზოგიერთი - კვლავაც სტრატეგიულ მეტოქესთან... გასაგებია, რომ ნაკრები ახლა იწყებს მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას და ჯერ არაა ფორმაში; გასაგებია ისიც, რომ ეს შეჯიბრება ლამის პირდაპირ მიება საერთო ფიზმომზადებისთვის მაღალმთიანეთში გავლილ შეკრებას. შესაძლოა, ზოგიერთი ჩვენებურის წაგებაში მსაჯებსაც მიუძღვით წვლილი, მაგრამ არა მგონია, ეს ჩვენების სუსტ გამოსვლას ამართლებდეს. სამწუხაროდ, ქართულ საჭიდაო ნაკრებებში დაღმასვლა, ჭიდაობის ხარისხის გაუარესება მუდმივ ტენდენციად იქცა. ბაქოური შედეგიც ამის გაგრძელება გვგონია, თორემ კიდევ შეიძლებოდა თავის დამშვიდება იმით, რომ მსოფლიოს ჩემპინატამდე დარჩენილ დროში ვითარების გამოსწორება შეიძლება. აქამდე ამისი თუ კიდევ გვეიმედებოდა, სამწუხაროდ, ახლა ეს იმედიც შემცირდა. ამასთან, სხვა გუნდებიც მზადების იგივე ეტაპზე არიან, ანუ ფორმისგან ჯერ მათაც ბევრი აშორებთ, თუმცა ჩვენზე ბევრად უკეთ გამოვიდნენ. განსაკუთრებით მოულოდნელი ამერიკელთა ყოჩაღობაა - ოთხი ფინალი იჭიდავეს, მაგრამ ყველა წააგეს.

თუმცა ბაქოში რამდენიმე ისეთი ფაქტიც მოხდა, რაც ნაკრების თავკაც ზაზა თურმანიძისთვის უთუოდ საინტერესო იქნება. მაგალითად, მძიმე წონაში ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ახალგაზრდა ბერიანიძემ ევროპის ექსჩემპიონი დავით მოძმანაშვილი დაამარცხა... ვფიქრობთ, აქ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ძალზე საინტერესო ვითარება იქმნება - მართლაც საინტერესოა, ვის დააყენებს მწვრთნელი?

55 კგ

აქ ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ გოჩაშვილი გამოვიდა, თუმცა მაინც გვგონია, გაურკვევლობა ისევ გრძელდება. ჯერჯერობით ისეთი ვითარებაა, გოჩაშვილისთვის ლიდერობის ჩამორთმევას ვერც ახალგაზრდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახერხებს, მაგრამ ვერც ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჭიდაობს ისე, ქომაგს გული საგულეს ჰქონდეს. ის ვახტანგ ბალავაძის სახელობის `ოქროს დიდი პრიზის~ ტურნირზე მეხუთეზე გავიდა, ამჯერად კი მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ აზიის ჩემპიონ შინიჩი იომოტოსთან დამარცხდა დამატებით დროში. მანამდე ასევე დამატებით დროში თვითონ აჯობა ყაზახ იერკებალა ტურგუნბაიევთან, სანუგეშოში კი ჯერ რუსთა ახალბედა ყაზბეგ შამსუდინოვს ორ სეტში აჯობა, ბრინჯაო კი მეორე იაპონელის - იასუჰირო ინაბას ასევე ძირითადში დამარცხებით მოიპოვა.

სამწუხაროდ, ამ წონაში ვერც ამირან ელბაქიძემ დაგვამახსოვრა თავი რაიმეთი და ვერც - ლაშა ლომთაძემ. ორივე პირველივე წრეში დამარცხდა ამერიკელებთან - ელბაქიძე ობენსონ ბლანკთან, ლომთაძე - მომავალ მესამე პრიზიორ ანგელ ესკობედოსთან.

1. შინიჩი იამამოტო (იაპონია), 2. ნარიმან ისრაპილოვი (რუსეთი), 3. ბესარიონ გოჩაშვილი (საქართველო), ანგელ ესკობედო (აშშ)... 18. ამირან ელბაქიძე, 21. ლაშა ლომთაძე (საქართველო).

60 კგ

ალბათ, ზაზა თურმანიძეს ქურდიანის ბრინჯაო ცოტა დაამშვიდებს. იქნებ მწვრთნელი შეგირდისგან უფრო მეტს ელოდა, მაგრამ მისი სტაბილურობა უთუოდ გაახარებს - ქურდიანი წლეულს საქართველოს პირველობაზე მეორეზე გავიდა და მოიგო ბალავაძის ტურნირი... ქურდიანი მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უმთავრესი კანდიდატია და მისი გამოსვლა ამიტომ იქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას. ასაკის კვალობაზე, ურიგოდ არც ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონ გიორგი ბალიაშვილს უჭიდავია - ბრინჯაოსთვის ქურდიანთან დამარცხდა, მაგრამ ის წლეულს გადმოვიდა ეროვნულ ნაკრებში და თან სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. ამ მიზეზით საქართველოს ჩემპიონატიც გამოტოვა.

არადა, ძირითად ბადეში ის ყველაზე შორს წავიდა - ირანელ აბას მოჰამადჰუსეინ დაბაგისთან და აზერბაიჯანელ აგაჰუსეინ მუსტაფაევთან დამაჯერებელი გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა, იქ კი ჩვენთვის ბედისწერად ქცეულ ამერიკელ რონდელ ბუჩთან წააგო. ამასობაში ბადის ამავე ნახევარში ქურდიანი კიდევ უფრო დამაჯერებლად მუსრავდა მეტოქეებს - იაპონელ ჰიროუკი ოდას და ყირგიზ ულან ნადირბეკ ულუუს, ვიდრე მეოთხედფინალში ამერიკელ ბუჩთან არ წააგო. სანუგეშოში ქურდიანმა ჯერ უზბეკი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დილშოდ არიფოვი დაამარცხა დამატებით დროში, მერე კი ბალიაშვილსაც აჯობა, თუმცა პირველი სეტი მასთან 1:3 დათმო.

ამ წონაში წარუმატებლად გამოვიდა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი მალხაზ ზარქუა - იაპონელ შოგო მაედასთან წააგო პირველივე წრეში.

აქ ძალიან ძლიერად იჭიდავა უკრაინელმა ოლიმპიადის ვიცე და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს პრიზიორმა ვასილ ფედორიშინმა, რომელმაც ფინალში ჩვენი გამამწარებელი ამერიკელი ბუჩი დაჯაბნა.

1. ვასილ ფედორიშინი (უკრაინა), 2. რონდელ ბუჩი (აშშ), 3. მალხაზ ქურდიანი (საქართველო), საეიდ აჰმადალი აჰმად ზარინკოლაელი (ირანი). 5. გიორგი ბალიაშვილი, 18. მალხაზ ზარქუა (საქართველო).

66 კგ

აქ ერთადერთი ნათელი წერტილი ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი გოგა ხუჭუა აღმოჩნდა, თუმცა მედალს ვერც ის შეწვდა და მეხუთეზე დარჩა. პირველ წრეში მან საყურადღებო გამარჯვება მოიპოვა - თანაგუნდელი შალვა მუზიაშვილი ორივე სეტში 1:0 დაამარცხა. სამწუხაროდ, ამის მერე თვითონაც ვერაფერი გააწყო - ჯერ მომავალ ფინალისტთან, აზერბაიჯანელ ემინ აზიზოვთან წააგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ირანელ მოსენ ჯანან ბახშიანთან დამარცხდა. ცხადია, ეს არაა სახარბიელო შედეგი, მაგრამ საყურადღებოდ ის გვეჩვენა, რომ ახალგაზრდა კონკურენტმა შედარებით უფროსს აჯობა, ანუ ლიდერობისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. პაატა ნოზაძემ პირველივე შეხვედრა წააგო ამერიკელ ბრენტ ჰაროლდ მეტკალფთან.

კვლავ დამაჯერებლად იჭიდავა აზერბაიჯანელმა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ჯაბრაილ ჰასანოვმა. ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა დამაჯერებლად მოიგო წლევანდელი ევროპირველობა და კვლავაც აგრძელებს წარმატებულ სვლას უფროსებში.

1. ჯაბრაილ ჰასანოვი, 2. ამინ აზიზოვი (ორივე - აზერბაიჯანი), 3. მოსენ ჯანან ბახშიანი (ირანი), ბრენტ ჰაროლდ მეტკალფი (აშშ). 5. გოგა ხუჭუა, 12. შალვა მუზიაშვილი, 14. პაატა ნოზაძე (სამივე - საქართველო).

74 კგ

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს წონა ჩვენს ნაკრებში უსუსტესია - სამივე ჩვენებური პირველივე წრეში დამარცხდა და სამივე რუსეთის ნაკრების წევრებთან! ყველაზე სერიოზული მეტოქე ოთარ ურატაძეს შეხვდა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ირბეკ ფარნიევი. გელა საღირაშვილი გაჯი გაჯიევთან დამარცხდა, მარადი ზოიძე - ანუარ გედუევთან. რატომღაც ამ წონაში რუსებს ექვსი კაცი ჰყავდათ - ვერ გეტყვით, რატომ, რადგან ქვეყანაზე სამი კვოტა იყო დაწესებული. რა გასაკვირია, ჩემპიონობაც მათ რომ დარჩათ და აზერბაიჯანელთა ლიდერი ჩამსულვარა ჩამსულვარაევი იქამდე თუ არ მიუშვეს. თუმცა ცოტა მოულოდნელია ახალბედა ალექსანდრ გოსტიევის გამარჯვება. არადა, მან ჩამსულვარაევი დაამარცხა.

1. ალექსანდრ გოტოვცევი (რუსეთი), 2. ტრევის პაულსონი (აშშ), 3. ჩამსულვარა ჩამსულვარაევი (აზერბაიჯანი), კამალ მალიკოვი (აზერბაიჯანი)... 12. მარადი ზოიძე, 14. გელა საღირაშვილი, 20. ოთარ ურატაძე (საქართველო).

84 კგ

აქ მხოლოდ ბექა ჭელიძის ჭიდაობას თუ გამოვყოფთ, თუმცა მომავალმა ჩემპიონმა, აზერბაიჯანელმა ნოვრუზ ტემრეზოვმა არ გაგვახარა - ჯერ არჩილ ქიტიაშვილს აჯობა,, მერე - ჭელიძესაც. სამწუხაროდ, ჩვენებურებმა მას ერთი სეტიც ვერ მოუგეს. სანუგეშოში ჩვენებურები ერთმანეთს შეხვდნენ და ჭელიძემ დამატებითში მოიგო, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მეორე აზერბაიჯანელთან, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორსა და ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ შარიფ შარიფოვთან ვერაფერს გახდა. თორნიკე სვანიძე უზბეკ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ სოსლან თიგიევთან დამარცხდა.

1. ოვრუზ ტემრეზოვი (აზერბაიჯანი), 2. იაკობ ჰერბერტი (აშშ), 3. შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი), გიორგი რუბაევი (რუსეთი)... 5. ბექა ჭელიძე, 15. არჩილ ქიტიაშვილი, 16. თორნიკე სვანიძე ( სამივე - საქართველო).

96 კგ

ქომაგთა მთავარი ყურადღება სწორედ ამ წონისკენ იყო მიპყრობილი - ყველას აინტერესებდა გოგშელიძის გამოსვლა, მაგრამ მან იმედები ვერ გაგვიმართლა. ყველაზე მწარე კი ნახევარფინალში აზერბაიჯანელთა ოს ფალავანთან, ევროპის ორგზის ჩემპიონთან, ოლიმპიადისა და მსოფლიოს მედალოსან ხეტაგ გოზიუმოვთან წაგება იყო, თუმცა ამასაც გააჩნია - პირველი სეტი ჩვენებურმა ქულებით სუფთად წააგო - 0:6! მეორეში მეტი წინააღდეგობა კი გაუწია, მაგრამ ისიც 1:2 დათმო. შეხვედრა არ გვინახავს, მაგრამ ამხელა სხვაობას ნამდვილად არ ველოდით. ფორმისგან ჯერ გოგშელიძეც შორსაა და ყაზახ ზუმაგალი მამუტოვთან და ირანელ ჯაფარ ალიდად დალირისთანაც გაუჭირდა მოგება - ორივეს ორ სეტში აჯობა და ყველაში ერთნაირი მინიმალური ანგარიშით - 1:0.

ამ წონაში ქართულ-აზერბაიჯანული ნახევარფინალები გაიმართა - როცა გოგშელიძე გოზიუმოვთან აგებდა, გავაშელიშვილი იქაურთა წლევანდელ ჩემპიონ ჯამალედინ მაგომედოვთან მარცხდებოდა. არადა, ჩვენებურმა პირველი სეტი მოიგო, მაგრამ მომდევნოები ჯამში 0:9 წააგო! გავაშელიშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაც მარცხით დაიწყო უკრაინელ ვალერი ანდრიიცევთან - პირველი სეტი 0:6 დათმო. კიდევ კარგი, მომდევნოები მოიგო.

ფინალში გოზიუმოვმა მაგომედოვს დამაჯერებლად აჯობა და, ალბათ, საბოლოოდ გასცა პასუხი კითხვას, ვინ იჭიდავებს მსოფლიოზე აზერბაიჯანის ნაკრებში ამ წონაში.

1. ხეტაგ გოზიუმოვი, 2. ჯამალედდინ მაგომედოვი (ორივე -აზერბაიჯანი), 3. გიორგი გოგშელიძე, ბელდუხ გავაშელიშვილი, 12. დაჩი ქერაშვილი (სამივე - საქართველო).

120 კგ

ეტყობა, მართალი იყო დავით მოძმანაშვილის მწვრთნელი დავით ხურცია, როცა მახაჩყალას ტურნირის მერე გვითხრა, შესაძლოა, მოძმანაშვილი მსოფლიომდე ვერც შევიდეს ფორმაშიო - დისკვალიფიკაციამოხდილი ევროპის ექსჩემპიონი მართლაც ვერ აჩვენებს მისთვის ჩვეულ ჭიდაობას. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობთ, რომ პირველივე შეხვედრაში ძლიერ თურქთან, ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ფათიჰ ჩაკიროღლუსთან დამარცხდა - მერე ბერიანიძესთანაც წააგო. ბაქოში მან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო - ამერიკელ ლეს სიგმანთან. ვფიქრობთ, ჩვენებური კრიზისს სეზონის ბოლომდე ვერ დაძლევს.

სამაგიეროდ, აქ ახალგაზრდების ერა იწყება - ბერიანიძემ მართლაც კარგად იჭიდავა.

რუსი კირილ გოტოვცევისა და ბელარუს ევროპის პრიზიორ ალექსეი შემაროვის ბარიერი უპრობლემოდ გაიარა და ესეც ჩაკიროღლუსთან დამარცხდა. თუმცა იოლად არაფერი დაუთმია და პირველი სეტი მოიგო კიდეც. სამივე პერიოდში ერთნაირი ანგარიში აღინიშნა - 1:0. მოძმანაშვილთან მისი შეხვედრაც დამატებითში გადავიდა, სადაც გადამწყვეტი სეტი ბერიანიძემ 2:0 მოიგო.

დავით ოთიაშვილი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

საინტერესოა, აქ მსოფლიოზე ვის დააყენებს თურმანიძე? ბერიანიძემ ბალავაძის ტურნირზეც ვერცხლი მოიპოვა, ახლა კი კონკურენტ მოძმანაშვილსაც აჯობა. მაგრამ ამ წონაზე მსჯელობისას ნურც გიორგი საკანდელიძეს დავივიწყებთ, რომელიც სამი კვირის წინ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა, მომავალ კვირაში კი ამავე ასაკში მსოფლიოს პირველობა ელოდება. თუმცა საეჭვოა, ის ამდენ ტურნირზე აჭიდაონ ასე მიყოლებით. თანაც, ბერიანიძე როგორღაც დაიჩაგრა, რაკი ახალგაზრდებში არც ევროპაზე წაიყვანეს და არც - მსოფლიოზე... მაგრამ დაველოდოთ მწვრთნელთა გადაწყვეტილებას.

1. ფატიჰ ჩაკიროღლუ (თურქეთი), 2. ტერველ დლაგნევი (აშშ), 3. ალი ისაევი (აზერბაიჯანი), ლევან ბერიანიძე... 5. დავით მოძმანაშვილი, 17. დავით ოთიაშვილი (საქართველო).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა