ხუთშაბათიდან წინასასეზონო მზადება მადრიდის "რეალმა" დაიწყო

ხუთშაბათიდან წინასასეზონო მზადება მადრიდის "რეალმა" დაიწყო, დღეიდან კი საქმეს ჩემპიონი "ბარსელონაც" შეუდგება. როგორც "სამეფო კლუბის" შემთხვევაში, "ბარსას" შეკრებასაც სრულყოფილს ვერ ვუწოდებთ, "დამნაშავე" კი კვლავ მუნდიალია...

ბუნებრივია, ხოსეპ გვარდიოლას, რომელმაც ახლახან სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა კონტრაქტი "ბარსელონასთან", არ ეყოლება ის ფეხბურთელები, რომელთაც მუნდიალზე მიიღეს მონაწილეობა. ასეთი კი ბევრია, ბოლობოლო "ბარსელონამ" მსოფლიოს კლუბებიდან ყველაზე მეტი წარგზავნა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ყველაზე მეტიც დაუბრუნდა ჩემპიონის რანგში. გვარდიოლა 28 ფეხბურთელით იწყებს, რომელთაგანაც 17 (!) კლუბის პირველი და მეორე სარეზერვო გუნდების წარმომადგენლები არიან. ინფორმაციის გაჩენისთანავე ამ სიით დავინტერესდით, რადგან გვეიმედებოდა, რომ მათ შორის ქართველი გიორგი ჭანტურია იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არაა. 28 ფეხბურთელი დღეს დილის 9 საათზე ჟოან გამპერის ცენტრში გამოცხადდება სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

მაშ ასე, გთავაზობთ იმ 11 ფეხბურთელის სიას, რომელიც დღეიდან შეუდგება ახალი სეზონისთვის მზადებას: პინტო, მილიტო, მაქსველი, ადრიანო, კეიტა, ჟეფრენი, იბრაჰიმოვიჩი და კრკიჩი. ასევე ვიქტორ სანჩესი, ენრიკე და ჰლები, რომელთა "ბარსელონური" მომავალი ეჭვქვეშაა. ეს სამეული გასხვისებული იყო იჯარის წესით (შესაბამისად, "ხერესში", "რასინგში" და "შტუტგარტში") და დაუბრუნდა კატალონიურ გუნდს, ხელახალ გასხვისებამდე. 17 ახალგაზრდიდან გამოვყოფთ ჯონათან დოს სანტოსს (რომელიც ბოლო წამს აღარ შეიყვანეს მექსიკის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში) და ვიქტორ ვასკესს.

მთელი კვირის განმავლობაში "ბარსა" დღეში ორჯერ ივარჯიშებს ინტენსიურად, დილაობით და საღამოობით (გამონაკლისი დღევანდელი შეკრებაა, სადაც დიდი ყურადღება დაეთმობა სამედიცინო ტესტებს), "ბარსელონა" მხოლოდ უქმეებზე დაისვენებს. მოკლედ, ჩემპიონი სერიუზულად შეუდგება საქმეს, ფაქტია, კონკურენტი "რეალი" კიდევ უფრო ძლიერდება...

შაბათს ადრიანო კორეიამ ხელი მოაწერა "ბარსასთან" ოთხწლიან ხელშეკრულებას. შემდეგ ის მედიას სანდრო როსელმა წარუდგინა, ანდალუსიური კლუბის ყოფილი მცველის პრეზენტაცია კი დღეს გაიმართება. "თავს უბედნიერეს ადამიანად მივიჩნევ. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება შეკრება და როდის გავიცნობ ახალ თანაგუნდელებს. ეს ნამდვილი ოცნებაა, რომელიც ასრულდა, როცა გავიგე, რომ ჩემით "ბარსელონა" დაინტერესდა და ტრანსფერის წინააღმდეგი არც "სევილია" იყო, დედამიწის ზურგზე ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა. ძალიან ამაღელვებელი მომენტია, ახლახან მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი. ახლა გვარდიოლას განკარგულებაში ვარ, სადაც სურს იმ პოზიციაზე ვითამაშებ, "ბარსელონასთვის" ბოლომდე დავიხარჯები", - განუცხადა ბრაზილიელმა "ბარსა ტვ-ს".

დღეს შეკრების გახსნასთან დაკავშირებით მედიას პეპ გვარდიოლა წარუდგება და გუნდის გეგმებზე ილაპარაკებს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 11 საათზეა დაგეგმლი და "ბარსა ტვ" მას პირდაპირ ეთერში აჩვენებს. "ბარსელონას" მწვრთნელთა შტაბში ერთი სიახლეა, გუნდის მეკარეთა მწვრთნელი ამიერიდან ყოფილი გოლკიპერი კარლეს ბუსკეტსი იქნება. ბუსკეტსი 7 სეზონი "ბარსელონა ბ-ში" მოღვაწეობდა, პოსტზე კი ხუან კარლოს უნსუე შეცვალა. ბუსკეტსმა ფეხბურთელის კარიერა "ლეიდაში" 2003 წელს დაასრულა.

ერთი კვირის წინათ, "ბარსელონას" მეორე გუნდი ებრაელმა შემტევმა გაი ასულინმა დატოვა, რომელსაც კლუბმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. ასულინი "ბლექბერნ როვერსში" მივიდა, სადაც ერთკვირიან სინჯებს გადის. შეგახსენებთ, რომ ასულინი 12 წლის ასაკიდან "ბარსელონას" აკადემიაში იზრდებოდა და ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ასულინს ესპანური მოქალაქეობაც აქვს, ამიტომ თუკი სემ ელერდაისს ფეხბურთელი მოეწონება, კლუბი მას უპრობლემოდ გაიფორმებს.

"ბარსელონას" პირველი ამხანაგური მატჩი 29 ივლისსაა, როცა კატალონიური გრანდი ნორვეგიულ "ვალერანგას" შეხვდება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა