მოულოდნელად, ფავორიტი უკვე ბევრად ძლიერია
დღეს, ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების მეორე სერია იწყება. გასულ კვირას, პირველ სერიამ არა ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა, თუმცა შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ ღირს.

ამ კვირამ, შესაძლოა, სერიოზულად შეცვალოს ძალთა თანაფარდობა, ამასთან, ბოლიდების საბოლოო ვერსიას ინჟინრები მხოლოდ ავსტრალიის გრანპრიზე გამოიყვანენ. მიუხედავად ამისა, საინტერესოა გავეცნოთ ტესტების პირველი სერიის ანალიზს, რომელიც ჟურნალმა "ავტოსპორტმა" შემოგვთავაზა.

ოთხი დღის შედეგების მიხედვით, საუკეთესო დროის მფლობელი გახდა სებასტიან ფეტელი. ვერავინ შეძლო მისი შედეგის (1:22.810) გაუმჯობესება, რომელიც გერმანელმა მეორე დღეს დააფიქსირა. "ფერარის" პილოტებმა ოთხიდან სამ დღეს აჩვენეს საუკეთესო დრო, რითაც დაადასტურეს სხვა გუნდებზე უპირატესობა. მაგრამ მაინც გაურკვეველი რჩება - შეძლო თუ არა "სკუდერიამ" "მერსედესის" დაწევა.

ბარსელონაში "მერსედესი" ხისტი საბურავებით წრეს წრეზე ფარავდა. გერმანელებმა ოთხი დღის განმავლობაში, ჯამში 3 ათას კილომეტრზე მეტი გაიარეს, რაც ერთნახევარზე მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდის ანალოგიური მაჩვენებელი. დატვირთვა იმდენად დიდი იყო, რომ გუნდის პილოტები დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

ამასთან, "მერსედესმა" ნამდვილი ფურორი მოახდინა, როცა ახალი "ცხვირი" წარმოადგინა. ზამთარში, გერმანულ საჯინიბოში კონცენტრირება მოახდინეს აეროდინამიკაზე, რისი შედეგიც გახდა მანქანის წინა ნაწილის სრულად შეცვლა.

"ჩვენ ჯერ ყველაფერი არ გვიჩვენებია. დამიჯერეთ, მანქანა სწრაფია, - აღიარა ნიკო როსბერგმა. - მეტოქეებიც კარგად გამოიყურებიან, მაგრამ არავინ იცის, ჩვენ რამდენად სწრაფები ვართ". თანაგუნდელს დაეთანხმა ლუის ჰემილტონი: "შესანიშნავი დასაწყისი! ეს მანქანა შარშანდელზე უკეთესია".

ახალი მანქანით "ფერარიშიც" კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა "მერსედესთან" მომავალი ბრძოლის შესახებ ფრთხილად ლაპარაკობენ. "SF16H - ეს არის ნაბიჯი წინ შარშანდელთან შედარებით, მაგრამ იქნება თუ არა ეს საკმარისი ჩემპიონობისთვის, ამას მხოლოდ წლის ბოლოს გავიგებთ", - თქვა კიმი რაიკონენმა.

რაც შეეხება "რედ ბულს", ავსტრიელები ლიდერებს ჯერ ბევრით ჩამორჩებიან. RB12 ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ერთი და იგივე სახეობის საბურავით, "ფერარის" ერთ წრეზე რამდენიმე მეათედი წამით ჩამორჩებოდა.

ტესტების პირველი სერიის მთავარი მოულოდნელობა გახდა "ფორს ინდია". რთულია იმის თქმა - ხომ არ იყო ეს მარკეტინგული სვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში VJM09 სტაბილურად ხვდებოდა პირველ სამეულში, მესამე დღეს კი ნიკო ჰიულკენბერგმა საუკეთესო დროც კი აჩვენა. მართალია, შედარება მეტად პირობითია, მაგრამ გერმანელის შედეგი "სუპერსოფტის" საბურავით მხოლოდ სამი მეათედი წამით ჩამორჩებოდა სებასტიან ფეტელის აბსოლუტურად საუკეთესო დროს, რომელიც უფრო სწრაფი "ულტრასოფტით" იყო ნაჩვენები.

ცუდად გამოიყურებოდა ბარსელონაში "უილიამსი". გუნდი საკუთარი პროგრამით მუშაობდა და სწრაფ წრეებს არ აჩვენებდა - ვალტერი ბოტასი და ფელიპე მასა, მეტწილად, ოქმის მეორე ნახევარში იყვნენ. პილოტები აქებდნენ FW38-ს, მაგრამ ბოლო ორ დღეს, ძრავასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.

"მაკლარენმა" ბარსელონა ფაქტობრივად ხელცარიელმა დატოვა. ბოლო დღეს, სანამ სხვა გუნდები ათობით და ასობით წრეს გადიოდნენ, ფერნანდო ალონსომ მხოლოდ სამი წრე შეასრულა და ჩასათვლელი დრო ვერ დააფიქსირა. "მაკლარენი" ისევ ჩამორჩება კონკურენტებს სისწრაფეში, ძრავა კი კვლავ ხშირად გამოდის მწყობრიდან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჯენსონ ბატონმა მეტად იშვიათი მოვლენის ინიცირება მოახდინა - პიტ-ლეინის ზონაში წითელი დროშები ააფრიალეს. მექანიკოსებმა თითქოს გამოასწორეს ხარვეზი, მაგრამ მეორე დღეს პრობლემა განმეორდა. ასე რომ, გუნდმა ბოლო ორ დღეში მხოლოდ 54 წრე გაიარა და ჩააგდო სატესტო პროგრამა.

ახალი სეზონი "მაკლარენისთვის" ისევ "გადასასვლელი" იქნება. სადღაც ზაფხულში, გუნდს შეუეთრდება იოსტ კაპიტო, "ჰონდასაც" ახალი ბოსები ეყოლება და მხოლოდ მაშინ უნდა ველოდოთ გუნდისგან სტაბილურ პროგრესს.

ბოლოს, აუცილებლად უნდა ვთქვათ დებიუტანტ "ჰაასზე", რომელმაც მართლაც რომ გაისროლა ბოლოსწინა დღეს - რომენ გროსჟანმა მეორე დრო აჩვენა.

პირველი ტესტების საერთო ცხრილი

1. ფეტელი (ფერარი) 1:22.810 (195 წრე)

2. ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) +0.300 (99)

3. რაიკონენი (ფერარი) +0.667 (158)

4. რიკარდო (რედ ბული) +0.715 (199)

5. პერესი (ფორს ინდია) +0.840 (101)

6. კვიატი (რედ ბული) +1.483 (170)

7. სელიში (ფორს ინდია) +2.030 (133)

8. როსბერგი (მერსედესი) +2.057 332

9. ერიქსონი (ზაუბერი) +2.427 (196)

10. მაგნუსენი (რენო) +2.453 (264)

11. ფერსტაპენი (ტორო როსო) +2.583 (231)

12. ჰემილტონი (მერსედესი) +2.599 (343)

13. გუტიერესი (ჰაასი) +2.714 (168)

14. ბოტასი (უილიამსი) +2.838 (214)

15. გროსჟანი (ჰაასი) +3.064 (113)

16. ვერლიაინი (მანორი) +3.115 (125)

17. ნასრი (ზაუბერი) +3.243 (236)

18. ალონსო (მაკლარენი) +3.272 (122)

19. პალმერი (რენო) +3.379 (79)

20. საინსი (ტორო როსო) +3.429 (216)

21. მასა (უილიამსი) +3.673 (163)

22. ბატონი (მაკლარენი) +4.109 (135)

23. ჰარიატო (მანორი) +5.439 (129)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა