ფაბრეგასი "ჩელსიში"?

ინგლისური პრესა წერს, რომ „ჩელსის“ რუსი მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ზაფხულში „არსენალის“ კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის ყიდვას შეეცდება. აბრამოვიჩი ფაბრეგასში 50 მილიონი ფუნტის გადახდას ფიქრობს. დღევანდელი კურსით ეს 59,42 მილიონი ევროა.

მილიარდერი რთული ამოცანის წინაშე დგას - „ბარსელონას“ უნდა აჯობოს, „ბარსა“ კი, მოგეხსენებათ, სესკის მშობლიური გუნდია. ბრიტანეთში მიაჩნიათ, რომ თუ „ჩელსი“ ესპანელის შეძენას შეძლებს, ეს „ლივერპულისგან“ ფერნანდო ტორესის ყიდვაზე უფრო გასაკვირი ტრანსფერი იქნება. მოგეხსენებათ, „ლურჯებმა“ 9 დღის წინ ტორესშიც 50 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. როგორც ჩანს, „ჩელსის“ თავკაცობა მიიჩნევს, რომ ფაბრეგასი ფრენკ ლემპარდთან ერთად ნახევარდაცვაში განსაკუთრებულ წყვილს შექმნის.

„ბარსელონა“ ფაბრეგასის ყიდვას გასულ ზაფხულს ცდილობდა. ფეხბურთელსაც ძალიან უნდოდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნება. მან კარგა ხანს იჯიუტა, „არსენალს“ დაჟინებით სთხოვდა გათავისუფლებას, მაგრამ „მეთოფეებმა“ დაიჩემეს კაპიტანს 60 მილიონ ფუნტზე ნაკლებ არ გავყიდითო, შემდეგ კი ჩრდილოლონდონელთა თავკაცმა არსენ ვენგერმა ფეხბურთელი პირისპირ დაისვა, დაითანხმა და დატოვა. ინგლისურ პრესაში გამოქვეყნებული წერილების მიხედვით, ფაბრეგასს ამ ისტორიამ გული ატკინა. ნახევარმცველს ეგონა, რომ „ბარსა“ მის ყიდვას მეტად მოინდომებდა და „არსენალს“ გატეხავდა, სინამდვილეში კი ყველაფერი სესკისა და მისი მენტორის, ვენგერის პირისპირ შეხვედრაზე გადაწყდა. ფაბრეგასის ოცნება, ეთამაშა მისი კერპის პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, გუნდში, სადაც გამოდიან მისი მეგობარი ჟერარდ პიკე და ისეთი ვარსკვლავები, ანდრეს ინიესტა და ლეო მესი რომ არიან, სულ ცოტა ერთი წლით გადაიდო. აქვე უნდა დავძინოთ, რომ ბოლო დროს, პრესაში, აქა-იქ გამოჩნდა ეჭვნარევი პუბლიკაციები, რომ კატალონიელები არც მომავალ ზაფხულს გადაიხდიან ისეთ ფასს, როგორსაც „მეთოფეები“ მოითხოვენ.

როგორც ჩანს, სწორედ ამ მომენტით სარგებლობას აპირებს „ჩელსის“ პატრონი და მოლაპარაკებათა მაგიდასთან თავისი კოზირით, დიდძალი ფულით მიჯდომას გეგმავს. მაგრამ, თუ საკითხს მორალისა და ერთგულების კუთხით შევხედავთ, იბადება კითხვა: რამდენად დასაშვებია, რომ ფაბრეგასმა ლონდონი გადაკვეთოს და „არსენალიდან“ „ჩელსიში“ გადავიდეს? თუ გავითვალისწინებთ, რომ 23 წლის ვარსკვლავი არსენ ვენგერს მეორე მამად მიიჩნევს და ცხოვრებაში გამოყვანისთვის უზომოდ ემადლიერება, ასეთი რამ იოლად წარმოსადგენი ნამდვილად არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში „არსენალის“ ფანებს სწორედ ამის იმედი აქვთ, მაგრამ... განა ორი კვირის წინ „ლივერპულის“ ფანებს არ ჰქონდათ ტორესის ერთგულების იმედი?

ახლა, რაც შეეხება მწვრთნელს... „ჩელსის“ ბანაკიდან გამოვიდა ხმა, რომ აბრამოვიჩი კარლო ანჩელოტის გაშვების შემდეგ ჰოლანდიელი გუს ჰიდინკის მიყვანას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ჰიდინკისთვის „სტემფორდ ბრიჯი“ უცხო ადგილი არ არის. 2009 წელს ის სამი თვის განმავლობაში წარმატებით ედგა „ლურჯებს“ სათავეში. ჯერჯერობით, აბრამოვიჩი ჰიდინკს ფრენკ არნესენის ადგილს უმზადებს. შეგახსენებთ, რომ დანიელი არნესენი დასავლეთლონდონურ კლუბში სპორტულ დირექტორად მუშაობს და ზაფხულზე კონტრაქტი უმთავრდება. სხვა სიტყვებით, აბრამოვიჩი ანჩელოტის კიდევ ერთი წლით დატოვებს თანამდებობაზე, მაგრამ შემცვლელსაც ამთავითვე მიუსვამს გვერდით.

არნესენის ადგილზე რუს მილიარდერს თავიდან ბარსელონელი ჩიკი ბეგერისტაინის მიყვანა უნდოდა, მაგრამ უარი მიიღო. უარის სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ ყველამ იცის: „ჩელსიში“ ერთპიროვნული მმართველი მისი მეპატრონეა და სხვებს გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების საშუალება ნაკლებად ეძლევათ. იყო „ვესტ ჰემის“ ახლანდელი თავკაცის, „ლურჯების“ ყოფილი მწვრთნელის, ავრამ გრანტის ვარიანტიც, მაგრამ ჰიდინკი მას „ჩელსის“ ქომაგთა შორის პოპულარობით სჯობს.

გუს ჰიდინკმა 2010 წელს რუსეთის ნაკრების მწვრთნელობას დაანება თავი და თურქეთის ეროვნული გუნდი ჩაიბარა, მაგრამ უკვე დიდი კრიტიკის ობიექტად იქცა. საქმე ის არის, რომ ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით თურქებმა სამი მოგების შემდეგ სამი შეხვედრა წააგეს და თუ მარტში ავსტრიასთანაც დამარცხდებიან, მწვრთნელს სამსახურის დატოვება მოუწევს.

დაბოლოს, კიდევ ერთი „ლურჯი“ თემა: ფერნანდო ტორესი „სტემფორდ ბრიჯზე“ მიღებულ „იარებს იშუშებს“. მოგეხსენებათ, კვირას ლონდონში „ჩელსიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. ეს ესპანელი ფორვარდის დებიუტი გახლდათ ახალი გუნდის შემადგენლობაში, რომელიც მან უღიმღამოდ ჩაატარა, მაგრამ ამ დღეს მისი გასაჭირი მარტო ამით არ შემოიფარგლა: მას მერსისაიდელი ფანების ნასროლი საგნების აცილება და ლანძღვის მოსმენაც დასჭირდა. დღეს 26 წლის ფორვარდი ესპანეთის ნაკრებთან ერთად კოლუმბიელებთან სათამაშოდ ემზადება და ჟურნალისტებთან ასე ლაპარაკობს:

„ბოლო ხუთი დღე საშინელი მქონდა და ახლა, ესპანეთის ნაკრებში, მეგობრებთან ერთად ვისვენებ. მინდა გადავერთო. კარგად მესმის რასაც გრძნობენ „ლივერპულის“ ფანები. მე თავად ვიყავი ფანი და მათ განცდას კარგად ვხვდები, მაგრამ კლუბი ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები მოდიან და მიდიან. დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ეს ხალხი მომხდარს უფრო სამართლიანად შეაფასებს“.

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა