თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა ნაკრები 11-13 თებერვალს იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
ამ დილით, გამთენიისას თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა ნაკრები სტამბოლში გაემგზავრა, სადაც 11-13 თებერვალს იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამოვა.

ეს შეჯიბრება ჭიდაობის საერთაშორისო თუ თურქული ფედერაციების საიტებზე "ოქროს დიდ პრიზადაა" მოხსენიებული, რაც, ცოტა არ იყოს გაურკვევლობაში გვაგდებს. ამ რანგის შეჯიბრება სეზონში მხოლოდ ორჯერ ტარდება, "თავისუფლებში" კი პირველს უკვე უმასპინძლა კრასნოიარსკმა - ივან იარიგინის სახელობისას, ხოლო მეორე ივნისში თბილისში გასამართი ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირი უნდა იყოს. მაშ, დოგუს მემორიალი მესამე გამოდის? არადა, ბერძენ-რომაელებსა და ქალებში კვლავაც ორ-ორი ტარდება. ან, იქნებ, ჩვენსას არ ექნება ეს სტატუსი?

საკითხში გასარკვევად საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას დავუკავშირდით, სადაც გვიპასუხეს, რომ ეს შეჯიბრება საერთაშორისო კალენდარში "ოქროს დიდ პრიზად" კი მოიხსენიება, მაგრამ ის ივლისში ბაქოში გასამართი სუპერფინალის საგზურს არ იძლევა და ამის პრეროგატივა მხოლოდ ბალავაძის სახელობის ტურნირს გააჩნია. შესაძლოა, იაშარ დოგუს მემორიალი "ოქროს დიდი პრიზის" გათამაშება ქალებისთვის იყოს - მათი შეჯიბრება ვაჟთა პარალელურად იმართება, ქალთა პირველი ასეთი შეჯიბრება კი კრასნოიარსკში ჩატარებული იარიგინის მემორიალი იყო. თუ ეს ვარაუდი მართალია, მაშინ ვაჟთა ორივე სახეობას და ქალებსაც სეზონში მართლაც ორ-ორი "ოქროს დიდი პრიზი" გამოსდის.

ჩვენი გუნდის თავკაცი ზაზა თურმანიძე ერთი გამონაკლისის გარდა, სტამბოლში საჭიდაოდ ყველა წონაში საქართველოს ჩემპიონებს იახლებს: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), კობა კაკალაძე, ილია ხუციშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ბელდუხ გავაშელი (96), დავით მოძმანაშვილი (120).

ის ერთადერთი გამონაკლისი 66 კილოგრამია, სადაც ქვეყნის ჩემპიონ ცოტნე ბარამიძეს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ახალი კანონით, საქართველოს სახელით ასპარეზობის ნება აღარ აქვს - რამდენიმე წლის წინ ყაზახეთში წავიდა და ახლა იმათი სახელით თუ იჭიდავებს, ამიტომ მწვრთნელმა აქ ორი კონკურენტი წაიყვანა - ვიცე-ჩემპიონი ილია ხუციშვილი და ბრინჯაოს პრიზიორი კობა კაკალაძე, ვინც ევროპის ვიცე-ჩემპიონიცაა. როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთში არ იჭიდავებენ გუნდის ლიდერები - ოთარ თუშიშვილი (66) და გიორგი გოგშელიძე (96). ტრავმების გამო მათ არც საქართველოს ჩემპიონატში უჭიდავიათ და ოფიციალური მონაცემებით, ახლაც აგრძელებენ მკურნალობას.

იაშარ დოგუს ტურნირი საჭიდაო სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იქ მუდამ ძლიერი შემადგენლობა იკრიბება და, ალბათ, ასე იქნება ახლაც. სავარაუდოდ, სტამბოლში იჭიდავებს რუსთა ის უძლიერესი ხუთეულიც, რომელიც ჯამბულათ თედეევმა იარიგინის ტურნირზე დაასვენა - ვიქტორ ლებედევი (55), ბესიკ კუდუხოვი (66), დენის ცარგუში (74), ჰაჯიმურატ გაცალოვი (96) და ბილიალ მახოვი (120). ამათგან გაცალოვის გარდა, ყველა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია, გაცალოვმა კი იქ ფინალი წააგო. ამ ხუთეულიდან ყველზე საეჭვო ლებედევის ჭიდაობაა, რომელიც ძალიან ბევრს იკლებს.

საინტერესოა აზერბაიჯანელთა შემადგენლობაც, სადაც ძალზე ბევრი საკადრო გადაადგილებაა - რამდენიმე ლიდერი ზედა წონაში იჭიდავებს. იმათგან ზოგს მტკიცედ გადაუწყვეტია წონითი კატეგორიის შეცვლა, ზოგი კი ჯერაც საკუთარ თავს ცდის. იაშარ ალიევი, ნიჯატ მურადოვი (ორივე - 55), მაჰმუდ მაგომედოვი, ტორღულ ასკეროვი (60), ზელიმხან ჰუსეინოვი (66), ჯაბრაილ ჰასანოვი, კირილ გოსტიევი (74), ნოვრუზ ტემრეზოვი (84), ხეტაგ გოზიუმოვი, შარიფ შარიფოვი (96), ალი ისაევი (120) - ასეთია იქაურთა დაღესტნელ დამრიგებელ საიპულა აბსაიდოვის კრებული.

როგორც ვხედავთ, ზედა წონებში გამოდიან ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯილი (რუსეთიდან უნებართვოდ გადავიდა აზერბაიჯანში) მაგომედოვი, ასკეროვი, ჯაბრაილოვი და შარიფოვი. პირველ ორთან დაკავშირებით აბსაიდოვმა განაცხადა, რომ მათ ბევრი აქვთ დასაკლები და ერთბაშად ამას ვერ გააკეთებინებდნენ, თუმცა ასკეროვზე დასძინა, რომ მას დააკვირდებიან, რამდენად კარგად გამოიჩენს თავს ახლა წონაში. მისი სიტყვებიდან ისე ჩანს, რომ თუ შეგირდმა გაუმართლა, არც აქ დატოვებაა გამორიცხული, თუმცა ასკეროვისგან არც კიდევ უფრო მომატება გამორიცხა, რადგან ის ჯერ ახალგაზრდაა. სამაგიეროდ, მწვრთნელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონმა ჩამსულვარა ჩამსულვარაევმა საბოლოოდ დაასრულა 84-ში გადასვლის პროცესი, რადგან 74-ში მისი დაკლება უკვე შეუძლებელი ხდებოდა, თუმცა დასძინა, რომ 84-ში პირველ ნომრად კვლავაც შარიფოვს ხედავს. ანუ, შარიფოვი ევროპისთვის კვლავაც 84-ს დაუბრუნდება. აბსაიდოვს ერთი ნატურალიზებულიც მიჰყავს - რუსეთიდან გადაყვანილი გოტოვცევი. ამჯერად აქ იჭიდავებს ევროპის ჩემპიონი ჯაბრაილოვიც, თუმცა ის კვლავაც 66-ის ფალავნად რჩება.

სტანბულის ტურნირს თებერვალშივე ბულგარეთში კოლოვის სახელობის მემორიალი მოჰყვება, თუმცა იქ ჩვენები არ მიდიან (მხოლოდ ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ იან პეტროვის მემორიალში), თურმანიძის გუნდი კი საევროპოდ სასტარტო ტურნირად მარტში მახაჩყალაში გასამართ მსოფლიოს თასს მოიტოვებს. იქ გუნდური შეჯიბრებაა და მონაწილეთა რაოდენობა ისედაც შეზღუდულია - მხოლოდ ერთი სათადარიგოს წაყვანა შეიძლება და თან, რადგანაც სასტარტო იქნება, ევროპაზე წამსვლელებს აჭიდავებს. ევროპაზე წასაყვანი გუნდი ისედაც ლამის სრულადაა ცნობილი - იქ საქართველოს ჩემპიონებმა უნდა იჭიდაონ.

სტამბოლში 11 თებერვალს ვაჟთა შორის 55 და 74-ის ფალავნები იჭიდავებენ. 12-ში 60, 84 და 120-კილოიანთა შეხვედრები გაიმართება, 13-ში კი ლეიბზე 66-96-ის ფალავნები გავლენ. ტურნირი კომერციულია - ვაჟთა შორის ჩემპიონები 2 000 დოლარს მიიღებენ, მეორე პრიზიორები - 1000-ს, ბრინჯაოს მედალოსნებს კი 500-500 დოლარი გადაეცემათ, ქალებისთვის კი ანაზღაურება შედარებით დაბალია.

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის