ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ეს ნაბიჯი ტუნისში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო გადადგა
ხმები, რომელიც თავის დროზე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების ზედმეტი ოპტიმიზმის ნაყოფი გვეგონა, რეალობად იქცა. ორიოდე კვირის წინ იქაურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ შესაძლოა, 6-8 მაისს ტუნისში გასამართი "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი ბაქოში გადმოეტანათ. ტუნისში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ყველას მოგეხსენებათ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სწორედ ამან შეაშფოთა.

გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მაღალი რანგის შეჯიბრებაა, ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა. ამიტომ საერთაშორისო ფედერაციისთვის სულ ერთი არ იყო მისი ბედი. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ტუნისში პოლიტიკური ვითარება გამოსწორდებოდა, მაგრამ იქ კვლავაც სროლები და დაძაბული ვითარებაა. ამიტომ საერთაშორისო ფედერაცია იოლად დაეთანხმა აზერბაიჯანელთა სურვილს და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის შეჯიბრება დათქმულ ვადებში ტუნისის ნაცვლად ბაქოში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ბაქომ წლეულს უკვე უმასპინძლა სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეჯიბრებას - მასტერსს. საერთაშორისო ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის იმითაცაა საინტერესო, რომ კიდევ ერთ სალიცენზიო შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი გვეძლევა. ტუნისი საკმაოდ შორსაა და ფინანსური პრობლემების გამო შარშან იქ ჩვენებმა ვერ იჭიდავეს და ეს არც წლეულს იყო მოსალოდნელი, ბაქო კი აქვეა და, სავარაუდოდ, გუნდსაც გაუშვებენ. ამით სალიცენზიო რეიტინგის შევსების შანსიც იზრდება. ვნახოთ, იქნებ იქ ქალთა გუნდმაც იჭიდაოს, რომელიც შეჯიბრებებით ისედაც შეზღუდულია.

სავარაუდოდ, ბაქოში კვლავაც არ ჩავა სომხეთის ნაკრები - მათ არც მასტერსზე უჭიდავიათ. ალბათ, აღარც რუსთა სომხური წარმოშობის ევროპის ჩემპიონი არსენ გალსტიანი (60) იზამს პირს იქით. მან მასტერსზე კი იჭიდავა, მაგრამ კოშმარულად იგონებს იქ გატარებულ დღეებს. როგორც რუსულ მედიაში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუდან ირკვევა, გალსტიანს ბაქოში წასვლა არც მაშინ სდომებია, მაგრამ მწვრთნელს დაუძალებია, თუ საჭირო გახდა, პირად დაცვასაც დაგიქირავებთო.

"ეციო გამბა იტალიელია და, ეტყობა, არაფერი იცის ყარაბახ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე" - განაცხადა მან და თან ამ კრიზისს განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა. გალსტიანს პრობლემები აეროპორტიდანვე დაეწყო, საპასპორტო რეჟიმის გავლისას - აზერბაიჯანელმა მებაჟე მანდილოსანმა როგორც კი მისი გვარი ამოიკითხა, მაშინვე ზემდგომთ უხმო. ისინიც დროზე მოვიდნენ, მაგრამ ქალაქში შესვლის ნებას არ აძლევდნენ, უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მოგცემთო. გალსტიანი აეროპორტის ერთ პატარა ოთახში გადაიყვანეს, სადაც საათი გაატარა. გამბა მიდგა-მოდგა და ყველა შეაწუხა, იქით რუსეთის ნაკრები დაიმუქრა, რომ დატოვებდნენ ტურნირს და ორგანიზატორებმა გალსტიანი ქალაქში შეიყვანეს, თუმცა რაღა ქალაქში - მან მთელი დრო სასტუმროში გაატარა და იქიდან მხოლოდ დარბაზში მისასვლელად გამოდიოდა. თან უსაფრთხოებისთვის მისი ყოფნა სასტუმროშიც კი გასაიდუმლოებული იყო, თანამშრომელთა ვიწრო წრემ იცოდა მხოლოდ.

გალსტიანს პრობლემები მარტო აეროპორტში არ შექმნია - დარბაზში მისი გვარის ყოველი გამოცხადება რა აკომპანიმენტით ჩაივლიდა, იოლად წარმოიდგენთ, ვითარებამ კი კულმინაციას მერვედფინალში მიაღწია, როცა მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი ილგარ მუშკიევი (სწორედ ამან მოიგო ჩვენი ტურნირი) დაამარცხა! გალსტიანისთვის ეს ნამდვილი კოშმარი იყო. სავარაუდოდ, ის მეორედ აღარ ეცდება იგივე სიტუაციაში მოხვედრას.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა