საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ნაკრებმა "ანკარის თასი" მოიგო
ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ნაკრები ჰყავს.

წლეულს გაზაფხულზე ჩვენმა გუნდმა სტამბოლში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონის პირველობაში ზედიზედ მეოთხედ იასპარეზა. წინა შეჯიბრებებისგან განსხვავებით, ამჯერად ქართველებმა სიურპრიზი შესთავაზეს ტურნირის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და გულშემატკივრებს: მეორე დივიზიონის ერთადერთი საგზურისთვის ბრძოლაში ოთხ ნაკრებს აჯობეს - ბოსნია-ჰერცეგოვინას (8:0), სამხრეთ აფრიკას (6:5), ლუქსემბურგსა (5:0), ჰონკონგს (14:3) და მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა წააგეს მასპინძლებთან - 4:5. საბოლოოდ მე-2 ადგილს დასჯერდნენ.

ამას წინათ საქართველოს ჰოკეისტებს (კახა ამბროლავა, ამირან გეფერიძე, მიხეილ სახოვი, გია ოგანეზიანი, არტიომ კაზიულინი, ოლივერ ობოლგოგიანი, მიხაელ სალუნოვი, რევაზ ცომაია, დავით მინასიანი, დიმიტრი შამინი, დავით ოგანეზიანი, სემიონ ხარიზოვი, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი, ივან შვეცოვი, დანიელ სოროკინი, მთავარი მწვრთნელი დმიტრი აფანასიევი) რევანშის შანსი მიეცათ და გამოიყენეს კიდეც: თურქეთის დედაქალაქმა "ანკარის თასზე" საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც ყინულის ახალი მოედნის გახსნას მიეძღვნა.

მთავარი პრიზისთვის თურქეთი, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა იბრძოდნენ. ჩვენებმა ორივე მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს - ჯერ ბოსნიელებს მოუგეს 14:2, შემდეგ მასპინძლები დაამარცხეს 8:1 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

- ანკარას გადახალისებული შემადგენლობით ვეწვიეთ, - გვითხრა ყინულის ჰოკეისტთა მწვრთნელმა ილია დავიდოვმა. - ტრავმის გამო ვერ ითამაშეს კაპიტანმა ვიტალი დუმბაძემ, მეკარე ანდრეი ილიენკომ, დმიტრი სმეტანინმა, გიორგი ჯეირანაშვილებმა.

ნაკრებში რვა ახალწვეული გვყავს. მათი გამოცდის კარგი შანსი მოგვეცა, თუმცა ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ შეჯიბრებისთვის მომზადებაც ვერ მოვასწარით - მხოლოდ თამაშის დღეებში ვივარჯიშეთ დილაობით. პირველ ტურში ბოსნიელებს იოლად ვაჯობეთ. მასპინძლებთან, რომლებსაც ნაკრებში, ასევე, რამდენიმე ახალწვეული ჰყავთ, პირველ პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა. ოცწუთიანი მონაკვეთი ფრედ - 1:1 დასრულდა. მეორე პერიოდში ბიჭებმა გაილაღეს და შვიდი უპასუხო შაიბა გაუტანეს თურქებს. მესამე პერიოდში უკვე შეტევის თავი აღარ ჰქონდათ და ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. არც მიკვირს - ჩვენ ხომ სავარჯიშოდ ელემენტარული პირობებიც არ გვაქვს. საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრაც მოიგო და მთავარი პრიზი მოიპოვა.

- გაისად მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში ისევ მოგიწევთ თამაში. მზადებას როდის დაიწყებთ?

- ვერ გეტყვით, ყველაფერი დაფინანსებაზეა დამოკიდებული. არადა, ბოლო დროს ჩვენში ყინულის ჰოკეისადმი ინტერესი გაიზარდა. ბათუმსა და ქუთაისში ახლაც ვარჯიშობენ მოზარდები. რამდენი ხანია, დარბაზის მშენებლობას გვპირდებიან, მაგრამ დღემდე არ დაადგა საშველი.

- საერთაშორისო ფედერაციაში ამბობენ, ეროვნულ ჩემპიონატს თუ არ ჩაატარებთ, შესაძლოა, მსოფლიოს პირველობაზე აღარ დაგიშვანო, - ჩაერია საუბარში ბაკურიანის "მიმინოს" ხელმძღვანელი გოჩა ჯეირანაშვილი, რომელმაც წლეულს სტამბოლში 47 წლისამ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და აქტიურ სპორტსაც დაემშვიდობა, თუმცა ისევ ყინულის ჰოკეიში რჩება. - რამდენიმე წლის განმავლობაში რეგულარულად ვმართავდით საქართველოს პირველობებს, რომლებშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა: ბაკურიანის "მიმინო" და თბილისის "რუხი მგლები", "ჯვაროსნები" და "ყინულის რაინდები". ასე რომ, სექტემბრიდან ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

"მიმინო" ბორჯომის სასპორტო სკოლასთანაა ჩამოყალიბებული, ამიტომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შეძლებისდაგვარად გვეხმარება. წლეულს, მაგალითად, ფორმებისთვის 13.500 ლარი გამოგვიყვეს. მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ ნაკრების წევრი მიმინოელები 500-500 ლარით დააჯილდოვეს. საგაისოდაც მუნიციპალიტეტის იმედი გვაქვს.

საქართველოს ნაკრები 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 დივიზიონის საგზურის მოპოვების რეალური ფავორიტი იქნება, საამისოდ მომზადებაა საჭირო - ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად მსოფლიოს პირველობის წინ, სულ მცირე, ორი საფუძვლიანი შეკრება მაინც უნდა მოეწყოს.

სათანადო დახმარება თუ იქნება, ქომაგებს აუცილებლად გავახარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუკა
მიხარია რომ საქართველოს ყავს ჰოკეის ნაკრები, რომელიც წარმატებას აღწევს მწირი რესურსებით. იქნება ამ ლამაზ სპორტის სახეობას მიხედოს სახელმწიფომ. ბაკურიანში უნდა იყოს ყინულის სტადიონი.
ჰოკეი
მათი გვერდია:facebook.com/GIHNF
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა