თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავნის ბუნდესლიგური კარიერა გერმანულ მედია-სივრცეში აქტიურად განიხილება
"ლელო" უკვე წერდა გერმანიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, თავისუფალ ჭიდაობაში იქაური ნაკრების წევრ დავით ბიჩინაშვილის (84) ბუნდესლიგურ კარიერაზე - ჩვენებური "აალენიდან" "მაინცში" გადადიოდა. იქნებ თქვათ, გერმანიის მოქალაქე რაში უნდა გვაინტერესებდესო, მაგრამ მის გადასვლას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა იქაურ ინტერნეტ თუ მედია-სივრცეში, გადავწყვიტეთ, მცირე ნაწილი თქვენც შემოგთავაზოთ.

თანაც, არა გვგონია, ჩვენი თანამემამულის წინსვლა უცხო ქვეყანაში მთლად უინტერესო იყოს - საზღვარგარეთ წარმატებული ხალხი ხომ არც ისე ბევრი გვყავს. თან უცხოეთში წლების განმავლობაში ცხოვრების მიუხედავად, დათო სულით, გულით, მენტალიტეტით კვლავაც ქართველია და არც ისაა გამორიცხული, სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ თბილისშიც დაბრუნდეს საცხოვრებლად. ის ვერც უკრაინაში ცხოვრებამ შეცვალა და ვერც გერმანულმა პრაგმატიზმმა.

შეგახსენებთ საქმის წინა ისტორიას - ბიჩინაშვილი ხუთი წლის განმავლობაში "KSV აალენის" ღირსებას იცავდა და გუნდი ბუნდესლიგის ლიდერადაც აქცია, მაგრამ მასპინძლებმა პირობა ვერ შეუსრულეს და მანაც კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. ვიმეორებთ - აალენიდან აბარგება მან მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური პირობების გამო გადაწყვიტა და - არა კონკურენციის. მასპინძლები მას ხელფასს არ უგვიანებდნენ და შეპირებულს დროულადაც აძლევდნენ, მაგრამ სხვა პირობები ვერ შეასრულეს - სრულყოფილად ვერ დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ბინით, სამსახურით, რის გამოც მას ერთხანს ცოლ-შვილიც ვერ ჩაჰყავდა ახალ ქალაქში. ბიჩინაშვილს არც ჩვენთან საუბარში დაუმალავს, რომ აალენში საცხოვრებლად გადასვლა შეცდომა იყო.

ერთი სიტყვით, ბუნდესლიგის ერთ-ერთი ავტორიტეტული კლუბიდან წასვლა ჩვენებურს ამ გარემოებამ აიძულა. მით უფრო, ბუნდესლიგის გამორჩეულ მოჭიდავეს შეთავაზებებიც ბლომად ჰქონდა. მსურველთაგან ყველაზე მეტად "ASV მაინცი-88" აქტიურობდა და საწადელსაც მიაღწია - ბიჩინაშვილმა მათთან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და რამდენიმე დღეა, მათთან ვარჯიშობს.

აალენელები მხოლოდ მას შემდეგ შეფუცხუნდნენ, რაც ბიჩინაშვილის გადაწყვეტილება გახმაურდა. მათ ახალი მაცდუნებელი წინადადებები შესთავაზეს ქართველს, საქმეში მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობაც კი ჩაერია, მაგრამ ბიჩინაშვილი უკვე აღარ ენდო მათ და გადაწყვეტილება არ შეცვალა. "ჩვენთვის მტკივნეულია მისი დაკარგვა, მაგრამ მან მიიღო უკეთესი შეთავაზება" - განაცხადა აალენელთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ კლინგლერმა.

"მე ნამდვილად მინდოდა აალენში დარჩენა. აქ ბოლო წლებში იმ იმედით ვიყავი, რომ თავდაპირველ დაპირებას შეასრულებდნენ. ამ ხნის განმავლობაში სხვა კლუბების წინადადება არც კი განმიხილავს, მაგრამ იმედგაცრუება ძალიან დიდია. იმდენად დიდი, რომ წასვლა გადავწყვიტე და წავედი კიდეც მაინცში. იქაურებმა კარგი პირობები შემომთავაზეს" - ეს უკვე ქართველის სიტყვებია.

"მისი წასვლა ჩვენთვის სპორტული უფსკრულია, ჩვენ მას მოუთმენლად ველოდებით" - კონტრაქტის გაფორმების მეორე დღესვე წასულს ანკესი მაინც გადაუგდო კლინგლერმა.

რამდენადაც პესიმისტური განწყობაა აალენელთა ბანაკში, იმდენად საზეიმო ვითარებაა მაინცელთა კლუბში, სადაც სიხარულით ამბობენ, რომ უძლიერესი გერმანელი შეიძინეს. "ჩვენი, მთელი საზოგადოების ვალია, დავეხმაროთ მას, რომ მთელი კარიერა აქ გაატაროს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ბიჩინაშვილს" - ასე მიესალმა ახალწვეულს კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი ეჩარტ რიცკი.

"აალენი მაინც ტკბილად მაგონდება, რადგან იქ ბევრი კარგი სეზონი გავატარე" - მაინცის მეორე ნაპირიდან კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი ძველ გუნდს ბიჩინაშვილმა და გამოთქვა იმედი, რომ ახალ გუნდში ყველაფერი კარგად წარიმართება.

გერმანული პრესა დაწვრილებით მიმოიხილავს ჩვენებურის სპორტულ გზას. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ისაა ევროპის ორგზის მედალოსანი, გერმანიის ექვსგზის ჩემპიონი, ოლიმპიადაზე მეხუთე იყო, ბუნდესლიგაში კი ერთბაშად ორ წონაში - 84-სა და 96-ში ჭიდაობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ბუნდესლიგაში მაინც დაუმარცხებელია - 15-ვე შეხვედრა მოიგო. ჩვენი კოლეგები იმასაც ხაზგასმით ამბობენ, რომ გერმანიის ნაკრების თავკაც ალექსანდრ ლეიპოლდს ის კვლავაც წონის ლიდერად ეგულება და მარტში დიუსელდორფში ევროპის ჩემპიონატზეც აჭიდავებს. "მე კიდევ ვიჭიდავებ რამდენიმე წელიწადი" - ამყარებს მათ ოპტიმიზმს ბიჩინაშვილი. კლუბმა ის სამსახურითაც დააკმაყოფილა - ახალ კლუბში მწვრთნელადაც იმუშავებს, რადგან ეს მისი სპეციალობაა, რომლის დაუფლებაც საქართველოში დაიწყო და კიევში დაასრულა, როცა უკრაინის ღირსებას იცავდა. ბიჩინაშვილმა მაინცში უკვე ცოლ-შვილიც ჩაიყვანა - მეუღლე და ვაჟები, 10 და 4 წლისანები.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა