გიორგი გოგშელიძის გუნდის მოკრძალებული მონაგარი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორი ბრინჯაოთი დაასრულა თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც გუშინ დამთავრდა ფრანგულ მაიკონში.

მსოფლიოს წლევანდელი პრიზიორები შმაგი თოდუა (60) და ტარიელ გაფრინდაშვილი (74) გახდნენ. გუნდურ ჩათვლაში ნაკრები მეექვსე ადგილზე გავიდა 29 ქულით. ამდენად, ამ გუნდმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი - 1 ბრინჯაო კი გააუმჯობესა, თუმცა გამოსვლა მაინც ვერაა დამაკმაყოფილებელი. აღსანიშნავია, რომ ორივე მედალოსანი წლეულს ევროპის მესამე პრიზიორიც გახდა.

გიორგი გოგშელიძის გუნდმა ეს მედლები ტურნირის პირველ დღეს, შაბათს მოიპოვა, როცა თოდუა ნახევარფინალში გავიდა, გაფრინდაშვილი კი მეოთხედფინალში დამარცხდა. სამტრედიელმა თოდუამ ტურნირი წმინდა მოგებით დაიწყო - კანადელი ჯოშუა ბონდარჩუკი 10:0 გაანადგურა, უკრაინელ ენრიკე ფომბეი-სანჩესს კი 6:2 აკმარა.

შეიძლება ითქვას, ჩვენებურმა მეოთხედფინალში უპრობლემოდ მოუგო ინდოელ შარვან შარვანს - 5:3, მაგრამ ნახევარფინალში ვერაფერს გახდა თურქთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ სელიმ კოზანთან - 0:11. თოდუა მასთან ევროპის პირველობაზეც დამარცხდა, მაშინაც ამავე ეტაპზე და ასევე წმინდად - 1:12. კიდევ ერთი საინტერესო პარალელი ისაა, რომ კოზანი ამჯერადაც ვერცხლს დასჯერდა, თოდუამ კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფრანგი ილმან მუხტაროვი დაძაბულ პაექრობაში 11:6 დაჯაბნა.

ბრინჯაოსთვის პაექრობა გაცილებით დაძაბული ჰქონდა თბილისელ გაფრინდაშვილს და შეიძლება, ითქვას, მარცხს სასწაულებრივად გადაურჩა. უფრო სწორად, მეტოქის, აზერბაიჯანელი მურად სულეიმანოვის ზედმეტმა თავდაჯერებამ გადაარჩინა - 9:0 უგებდა ჩვენებურს და წმინდა მოგებასთან ერთადერთი ქულა აშორებდა, მაგრამ ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება; თან ჩვენებურიც სათანადოდ არ შეაფასა, რის გამოც იოლად შეუშვა ილეთზე და გაფრინდაშვილმა ზურგსუკან გდებით ბეჭებზე დააწვინა!

არადა, მანამ თვითონ ქართველი ძლივს გადაურჩა „ტუშეს“, თუმცა კარგი დაცვა გამოავლინა და ხანგრძლივი ცოცვის შემდეგ გაექცა, მაგრამ რომ არა თავისივე შეცდომა, იქამდეც არ უნდა მიეყვანა საქმე: დასაწყისშივე სწორედ იმგვარი ზურგს უკან გდება დაუპირა, ზემოთ რომ ვახსენეთ.

გაფრინდაშვილმა ქვევით ჭიდობისას ხელები კარგად კი შეუკრა იღლიებში და გადასაგდებადაც წამოქაჩა, გადააგდო კიდეც, მაგრამ ილეთის ბოლომდე დასასრულებლად ძალა არ ეყო. ეს გდება სწორედ იმიტომაა სარისკო, რომ სათანადო ტექნიკასთან ერთად დიდ ძალას მოითხოვს და თუ კარგად არ გაქვს დამუშავებული, არც ღირს გარისკვად.

იმ ეპიზოდში გაფრინდაშვილსაც ისე დაემართა - სულეიმანოვმა დაუხურა ეპიზოდი და „ტუშეს“ არა, მაგრამ 4-ქულიან ფორას კი გამორჩა. როგორც გითხარით, მოგვიანებით მან ანგარიში 9:0-მდე გაზარდა, თუმცა ჩვენებურს მასთან ძველი ვალი ჰქონდა გადასახდელი - წლეულს ევროპის პირველობაზე სწორედ ამ აზერბაიჯანელთან დამარცხდა. ამიტომ ახლა როგორც კი დაიჭირა თავის საყვარელ ილეთზე, შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, ღირსეული რევანშიც აუღო და ეს მნიშვნელოვანი ამბავი უნაკლო მალაყითაც აღნიშნა.

გაფრინდაშვილი ძირითად ბადეში ამერიკელთა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ ჯონ მარკ ჰალთან 1:12 დამარცხდა. მანამ ჩვენებურმა ფრანგი კარლეს ანდრე აფა 12:2, ხოლო თურქი მუჰამეტ ლუტფი ქუჩუკილდირიმი 7:6 დაჯაბნა, სანუგეშოში კი იაპონელ იაჯურო იამასაკის წმინდად, 10:0 მოუგო.

თუმცა რამდენადაც გაფრინდაშვილმა გაგვახარა 0:9-ზე მოპოვებული წმინდა გამარჯვებით, ზუსტად ასევე დაგვწყვიტა გული ევროპის კიდევ ერთმა წლევანდელმა ბრინჯაოს მედალოსანმა ზურაბ ურთაშვილმა (120) - ისიც 9:0 უგებდა თურქ ჰუსეინ მეჰმეთ ციველეკს, მაგრამ მეტოქემ ბეჭებზე დააწვინა. ჩვენებური აქაც რევანშისთვის იბრძოდა - ციველეკთან დამარცხდა წლევანდელ ევროპირველობაზე და ახლოსაც იყო მიზანთან... ჯერ მარტო ამდენი ქულის დაგროვება რად ღირს და ნამდვილად საცოდაობაა, როცა ასეთ უპირატესობას ანიავებ... არადა, ურთაშვილი გუშინ ქულების მოპოვების და შეტევის იშტაზე ნამდვილად იყო - პირველ შეხვედრაში ბელარუსი ვიტალი პისნიაკი 2:20 წუთში 11:0 დაამარცხა. დონდლო და მოუქნელ ბელარუსს თავიდან ფეხი კარგად გამოსდო გარედან და უკან 4-ქულიანზე გადაჩეხა.

ერთი ქულა მეტოქის დაუკმაყოფილებელი პროტესტისთვის მიიღო, თუმცა ეს არც სჭირდებოდა, რადგან პისნიაკთან ყველაფერი გამოსდიოდა - ფეხშიც თავისუფლად შევიდა და გადააგდო, ფეხებიდან ჯვარედინ მოვლებაზეც კარგად დაატრიალა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რასაც უნდოდა, იმას გაუკეთებდა. აკი საბოლოოდ იოლი გამარჯვებაც მოიპოვა, თუმცა არ შერჩა და მერე ვერც სანუგეშოში გადავიდა.

შაბათს ნახევარფინალში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ევროპის წლევანდელი ფინალისტი რობერტ დინგაშვილიც (50) გავიდა, თუმცა უმედლოდ დარჩა. ის ჯერ ყირგიზ ხურშიდ პარპიევთან დამარცხდა 9:4, დამამშვიდებლის ფინალში კი ყაზახ იერბულან სარკიტბაევთან 6:12 წააგო. მერვედფინალში დინგაშვილმა სომეხი არმან ანტონიანი 9:7, ხოლო იაპონელი რიო მაცუი 7:7-ზე დამატებითი მაჩვენებლებით დაამარცხა.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან თითო შეხვედრა მოიგეს მექი სიმონიამ (69) და გივი მაჭარაშვილმა (96), რომლებმაც ერთნაირი ანგარიშით, სუფთად - 10:0 მოუგეს, შესაბამისად, კანადელ ტეივირ სინგ ბოალს და სლოვაკ გაბრიელ ტისცის. მომდევნო შეხვედრა სიმონიამ ამერიკელ ზაჰიდ ვალენსიასთან 2:13 დათმო, მაჭარაშვილი კი წმინდად დამარცხდა უნგრელ კრისტოფ ვიტმანთან.

კახა ირემაძე (55) და ევროპის კიდევ ერთი წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი სულავა (66) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ, შესაბამისად, უკრაინელ ანდრეი იაცენკოსა და ამერიკელ ალეს უილიამ პანტალეოსთან.

50 კგ.

1. რიჩარდ სპენსერ ლეე (აშშ); 2. ხურშიდ პარპიევი (ყირგიზეთი); 3. იერბულან სარკიტბაევი (ყაზახეთი), ალიაბას რზაზადე (აზერბაიჯანი); 5. რობერტ დინგაშვილი (საქართველო).

55 კგ.

1. აფგან ხაჩალოვი (აზერბაიჯანი); 2. ხასანხუსეინ ბადრუდინოვი (რუსეთი); 3. გულომჯონ აბდულაევი (უზბეკეთი), დატონ დაიან ფიქსი (აშშ); 17. კახა ირემაძე (საქართველო).

60 კგ.

1. რეიმან ბიუკაგა ბიაბანი (ირანი); 2. სელიმ კოზანი (თურქეთი); 3. შმაგი თოდუა (საქართველო), კეზიკ ჩიმბა (რუსეთი).

66 კგ.

1. ენეს ვაჰიტ უსლუ (თურქეთი); 2. ახმედ უსმანოვი (რუსეთი); 3. ორხან აბასოვი (აზერბაიჯანი), იუჰი ფუჯინამი (იაპონია); 26. გიორგი სულავა (საქართველო).

74 კგ.

1. მარკ ჯონ ჰალი (აშშ); 2. აჰმად იუსეფ ბაზრიგალენი (ირანი); 3. ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო), ნიკიტა სუჩკოვი (რუსეთი).

84 კგ.

1. არსენ-ალი მუსალალიევი (რუსეთი); 2. ოსმან გოცენი (თურქეთი); 3. დზიანის კრამიანკოუ (ბელარუსი), გაჯიმურად მაგომედსაიდოვი (აზერბაიჯანი).

96 კგ.

1. ჰოსეინ ლოტფალი შაჰბაზიგაზვარი (ირანი); 2. ერიკ სვენ ტილე (გერმანია); 3. კრისტოფ ვიტმანი (უნგრეთი), ზნაურ კოჩიევი (რუსეთი); 11. გივი მაჭარაშვილი (საქართველო).

120 კგ.

1. ყაზბეგ ხუბულოვი (რუსეთი); 2. უმარ ისრაილოვი (აზერბაიჯანი); 3. ჰუსეინ მეჰმეტ ციველეკი (თურქეთი), ამირ რეზა მოჰამად ჯაფარ ამირი (ირანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
[PHOTO] "არ შეიძლება მისი დედა იყოს... 20 წლის გოგოს წააგავს" - "კაირატის" მეკარის დედამ ყველა გააოგნა
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ - კუკურელიამ ახსნა, რა იყო "ლივერპულის" მთავარი სისუსტე ამ მომენტში
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"მოჭიდავეს წაგება არ უნდა აშინებდეს, მის გარეშე მოგება არ მოდის"
მსოფლიოს საკლუბო თასი: ელიზბარ ოდიკაძე საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
"ჩემპიონი" მსოფლიოს საკლუბო თასზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა
დოპინგ-სკანდალი: ზოიძეს ოქროს აძლევენ, მელიას ვერცხლს ართმევენ