სანდრო როსელმა პეპი კიდევ ერთი წლით (მიაქციეთ ყურადღება პეპის თითს) დაითანხმა, გუშინ მან "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

გუშინ ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონასთან" ოფიციალურად გააფორმა ახალი კონტრაქტი. ის, რომ 40 წლის სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობას პრინციპულ საკითხზე შეუთანხმდა, უკვე ვწერდით. გუშინ უბრალოდ ამ საქმეს თავი მოება. ხელმოწერის ცერემონიალი გუშინ დილით "კამპ ნოუზე" მოეწყო. სუპერწარმატებულმა მწვრთნელმა, რომელსაც ივნისის ბოლოს ეწურებოდა კონტრაქტი, ხელშეკრულება ზუსტად 12 თვით გააგრძელა. ახლა პეპი 2012 წლის 30 ივნისამდე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელია.

თუკი გვარდიოლა, ბოლომდე გაასრულებს (ანუ ოთხი წელი იმუშავებს "ბლაუგრანას" თავკაცად) ამ კონტრაქტს ის "ბარსელონას" ისტორიაში მეოთხე მწვრთნელი გახდება კლუბის გაწვრთნის ხანგრძლივობით კრუიფის, გრინველისა და რაიკაარდის შემდეგ. დიდი ხანია, რაც გვარდიოლა "კამპ ნოუზე" წარმატების სინონიმად იქცა - წინა ორი სეზონის განმავლობაში, რაც პეპი კატალონიურ გრანდს მოძღვრავს, "ბარსამ" 10 შესაძლებელიდან 8 ტიტული მოიგო! ესპანურ ლიგაში მან 100 მატჩში გამოიყვანა გუნდი და 79-ჯერ მოაგებინა. უფრო მეტიც, ვიდრე სტატისტიკას შეუძლია გვამცნოს - "ბარსამ" გვარდიოლას ხელში უმაღლეს დონეზე დახვეწა თამაშის სტილი, რომელსაც დედამიწის ზურგზე მილიონობით გულშემატკივარი აღტაცებაში მოჰყავს.

გუშინ პეპს დატვირთული დღე ჰქონდა, ის ცერემონიალზე მრჩეველის, ჟოზეფ ორობიტგის თანხლებით მივიდა, მას შემდეგ, რაც გუნდმა დილის ვარჯიში დაასრულა. კონტრაქტს ხელი პეპმა და "ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მოაწერეს.

2009 წელს გვარდიოლას გუნდმა ენითაუწერელი რამ ჩაიდინა - 6 ტიტული მოიგო! არა გვგონია, რომელიმე კლუბმა, თუნდაც იმავე "ბარსამ" ეს შედეგი მალე გაიმეოროს, თუკი ოდესმე ვინმე ამას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი სეზონის მიმდინარეობისას განაახლეს სერხიო ბუსკეტსმა და ბოიან კრკიჩმა, მომავალ კვირაში იმავეს ერიკ აბიდალი იზამს. ამბობენ, ბრაზილიელი დანი ალვეშის კონტრაქტთან მიმართებაშიც სასიკეთო ძვრებიაო...

მოდით, გავეცნოთ პეპის ყველაზე ფრთიან გამონათქვამზე და მიხვდებით, რატომ დავარქვით სტატიას ასეთი სათაური:

"ტიტულებს ვერ დაგპირდებით, მაგრამ ერთს ვიტყვი, ხალხი ჩვენით იამაყებს".

17/06/2008: პრეზენტაციაზე ნათქვამი

"მე სიტყვა მოგეცით, რომ მუხლჩაუხრელად ვიშრომებ და ასეც იქნება. არ გპირდებით მოგებებს, გპირდებით შრომას. ასე რომ, სწრაფად დაიკავეთ თქვენი სკამები, საოცარი სეზონი გელით".

16/08: "ბარსას" ფანებთან სეზონისწინა შეხვედრაზე ნათქვამი

"ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს ცხოვრებაში იშვიათია ასეთი დღე. აქ, ამ სტადიონზე ასე ითამაშო, სიამაყის საფუძველია. დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავახარეთ, ეს კი უდიდესი შეგრძნებაა".

02/05/2009: "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" 6:2 დამარცხების შემდეგ.

"მაგარია, მაგრამ გპირდებით, რომ არც ოთხშაბათს შეგარცხვენთ".

23/05: ესპანური დუბლის (ჩემპიონატი და თასი) ზეიმისას, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.

"ვერც კი წარმოიდგენთ, რა ლამაზია დღეს ბარსელონას ქუჩები, სტადიონი. მინდა სამი რამ გითხრათ: პირველი, თუკი ამ სეზონში რამე შეცდომა დავუშვით, გვაპატიეთ ამ მიღწევის გამო; მეორე, ყველა ჩემს კოლეგას დიდ მადლობას გადავუხდი და მესამე, ყველას გთხოვთ, ოვაციები მოუწყეთ ამ ბიჭებს, ფეხბურთელებს - წარმატების მთავარ შემოქმედებს".

28/05: ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ

"უნდა ავაშენო ის შენობა, რისი აშენებაც შემიძლია: ვიშრომოთ ბოლომდე, ვიზრუნოთ გუნდის წარმატებაზე, შევინარჩუნოთ მოტივაცია. მე მჯერა ამ გუნდის".

20/07: ახალი სეზონის წინ პირველ პრეზენტაციაზე.

"დავიწყებ იმით, რომ ჩემს ფეხბურთელებს მადლობას გადავუხდი იმ თვეებისთვის, რაც მათ კლუბის წარმატებას შესწირეს. არასოდეს დავივიწყებ, რომ რაც ვარ და ვინც ვარ, მათი დამსახურებით ვარ".

19/12: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ

"ჩვენ ფანებთან ვალში ვართ, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, მათ ძალიან მაგრად დაგვიჭირეს მხარი ჩემპიონატში".

16/05/2010: ზედიზედ მეორე ჩემპიონატის მოგების შემდეგ

"ძალიან დიდი სურვილი მაქვს ისევ ისე ვიმუშავო - ანუ კარგად. მინდა, რომ ფანები ისევ ამაყობდნენ "ბარსას" თამაშის სტილით.

19/07: ახალი სეზონისთვის მიძღვნილ პირველ პრესკონფერენციაზე

"ჩემი სიტყვა ასეთია - ისევ და ისევ - ყველაფერს გავიღებთ კლუბის წარმატებისთვის. მჯერა, რომ ეს სეზონიც "ბარსელონასთვის" დიდებული გამოდგება".

25/08: ახალი სეზონის პრეზენტაციაზე

"ასეთი დიდებული მომენტით ვტკბებით. ყველა მაგარ განწყობაზეა, რადგან თითოეული ფეხბურთელი მძიმე შრომის შედეგს ხედავს, თან როგორ შედეგს".

29/11: "კლასიკოზე" "რეალის" 5:0 განადგურების შემდეგ

"არ მინდა წარსულით ვიცხოვრო და დავტკბე. იგივე შედეგების გამეორება კი გაგვიჭირდება, მაგრამ, მწამს, რომ მოგებებს კვლავაც გავაგრძელებთ".

11/02: პრესკონფერენციაზე, სადაც პირველად გაცხადდა, რომ პეპი კონტრაქტს გააგრძელებდა

დოსიე

ხოსეპ გვარდიოლა ი სალა

დაიბადა: 1971 წ. სანტპედორი (კატალონია)

სიმაღლე: 180 სმ

საფეხბურთო ამპლუა: საყრდენი ნახევარმცველი

ბარსელონაშია 1983 წლიდან

კლუბები: ბარსელონა (1990-2001); ბრეშა (2001-2002, 2003); რომა (2002-2003); ალ-აჰლი (2003-2005); დორადოსი (2005-2006)

ესპანეთის ნაკრები: 47 თ. 5 გ.

სამწვრთნელო კარიერა: ბარსელონა ბ (2007-2008); ბარსელონა (2008-დღემდე).

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე