დღეიდან, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეია
2014 წლის 7 ივლისიდან მოყოლებული, ნოვაკ ჯოკოვიჩი 122 კვირის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. ივნისში, სერბმა როლან გაროსი მოიგო და კარიერული სლემი გაიფორმა. სერბი კარიერის მწვერვალზე ავიდა და მისი დამარცხება შეუძლებელი ჩანდა.

იმ მომენტში, კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან - ენდი მარეისთან უპირატესობამ რვა ათასი ქულა შეადგინა, რაც რეკორდი იყო ATP-ის ისტორიაში. თითქოს, ნოვაკის ლიდერობა დიდი ხანი უნდა გაგრძელებულიყო...

მაგრამ, ყველაფერს აქვს დასასრული. ბოლომდე ჯერაც გაურკვეველია, რა დაემართა როლან გაროსის შემდეგ ჯოკოვიჩს. პერიოდულად, მას ტრავმები აწუხებდა, მაგრამ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას უფრო მეტად ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები ჰქონდა. სერბმა აღიარა, რომ რაღაც მომენტში, დაკარგა სიყვარული თამაშის მიმართ. ახლა, ის ამბობს, რომ მოტივაცია ბრუნდება, მაგრამ ტურნირებზე კარგად ჩანს, რომ ნოვაკი ძველებურად აღარ არის დარწმუნებული საკუთარ თავში.

პირველი შოკი იყო წაგება უიმბლდონზე სემ კუერისთან. შემდეგ იყო მარცხი პირველ წრეში ოლიმპიადაზე. იქ სერბს წილისყრის მხრივ არ გაუმართლა და თავიდანვე ხუან მარტინ დელ პოტროს გადაეყარა. არგენტინელთან მარცხის შემდეგ, სერბი თვალცრემლიანი ტოვებდა კორტს. შემდეგ, აშშ-ის ღიას ფინალში კი გავიდა, მაგრამ იქ სტენ ვავრინკასთან წააგო. ბოლოს იყო შანხაის "მასტერსი" და ნახევარფინალში მარცხი რობერტო ბაუტისტა აგუტთან.

და აი, პარიზის "მასტერსი" ჯოკოვიჩის პრობლემების კულმინაცია აღმოჩნდა. სერბი ფინალში უნდა გასულიყო იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა რეიტინგში ლიდერობა, მაგრამ უკვე მეოთხედფინალში წააგო მარინ ჩილიჩთან, რომელიც, მანამდე, 14-დან 14 მატჩში ჰყავდა დამარცხებული.

ეს არადამახასიათებელი წაგებები იყო ჯოკოვიჩისთვის, რომელმაც 2015 წელს, ერთის გარდა ყველა ტურნირზე ფინალში გააღწია.

მარეის დევნა

წლის პირველი ნახევარი ენდი მარეისთვის წარმატებული იყო. ყოველ შემთხვევაში, "სლემის" სამ ფინალში გავიდა - ორჯერ ჯოკოვიჩთან წააგო, სამაგიეროდ, უიმბლდონზე გაიმარჯვა. მაგრამ, მაშინაც არარეალური იყო იმის წარმოდგენა, რომ სეზონის მიწურულს, ენდი მსოფლიოს პირველი ნომერი გახდებოდა.

ბრიტანელი არ იმჩნევდა, რომ საერთოდ აღელვებდა ეს საკითხი. "დიდი ოთხეულიდან" ის ერთადერთი იყო, ვინც არასოდეს ყოფილა პირველ პოზიციაზე. ენდი არ გეგმავდა პირველობის მოპოვებას ამ სეზონში, სამაგიეროდ, ცალკეულ ტურნირებზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. უიმბლდონზე მეორე ტიტულის მოპოვების შემდეგ, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამას მოჰყვა მცირე ჩავარდნა, რადგან ბრიტანელს ფიზიკურად გაუჭირდა. რიოდან ერთი კვირის თავზე, ენდიმ ცინცინატის "მასტერსის" ფინალი წააგო მარინ ჩილიჩთან, აშშ-ის ღიაზე კი მეოთხედფინალში დამარცხდა კეი ნიშიკორისთან.

იმ მომენტში, როცა ყველას ეგონა, რომ ენდის ძალა გამოელია, მომავალმა პირველმა ჩოგანმა ისევ მოუმატა. ბრიტანელმა მოიგო ATP500-ის ორი ტიტული, აგრეთვე შანხაის "მასტერსი", ახლა კი პარიზში ფინალამდე მიაღწია - ჯოკოვიჩის მეოთხედფინალში წაგების გათვალისწინებით, ეს საკმარისი აღმოჩნდა კლასიფიკაციაში ლიდერობის მოსაპოვებლად.

ამ მიზნამდე ბოლო ნაბიჯი ისეთი არ გამოდგა, როგორც ენდის თაყვანისმცემლები ოცნებობდნენ. ჯოკოვიჩის წაგების შემდეგ, მარეის ფინალში გასვლა სჭირდებოდა. ბოლო ბარიერი ამ გზაზე მილოშ რაონიჩი იყო - სერიოზული მეტოქე, რომელიც იბრძვის მესამე ჩოგანის სტატუსის მოსაპოვებლად. კანადელმა თამაშამდე საათნახევრით ადრე, სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და ბარძაყის კუნთის გაწყვეტის დიაგნოზი დაუსვეს. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რაონიჩის გამოსვლას წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ასე რომ, მილოში კორტზე არ გავიდა და ასე უბრძოლველად გადადგა ბოლო ნაბიჯი ოცნებისკენ ენდი მარეიმ.

მოკლედ, დღეს, ენდი ოფიციალურად გახდა მამაკაცთა პროფესიული ტურის რიგით 26-ე ლიდერი. ის პირველი ბრიტანელია, ვინც ამგვარ აღაიარებას ერთეულთა თანრიგში მიაღწია. წლევანდელ სეზონამდე ბრიტანეთს არც წყვილებში ჰყოლია პირველი ნომერი და ნავსი ენდის უმცროსმა ძმამ ჯეიმიმ გატეხა. ასე რომ, 2016 წელი ჩოგბურთში მარეებისა იყო.

თუმცა, მარეის ზეიმის დროს არ აქვს. ის ბევრით არ უსწრებს ჯოკოვიჩს და იმისთვის, რომ წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულოს, ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე წარმატებით გამოსვლა სჭირდება.

რაც შეეხება, ჯონ ისნერთან გუშინდელ ფინალს, ბრიტანელმა სამ სეტში ისე მოიგო, რომ ერთი ბრეიკიც არ შეასრულებინა მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ენდის ზედიზედ მე-19 მოგება.

პარიზის მასტერსი

1/2 ფინალი

ჯონ ისნერი (აშშ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 9) 6:4, 6:3; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-მილოშ რაონიჩი (კან, 4) უარი.

ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ჯონ ისნერი (აშშ) 6:4, 6:7(4), 6:4.

ყველა პირველი ნომერი

ენდი მარეი (ბრიტ) 07.11.2016 29 1

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 04.07.2011 24 223

რაფაელ ნადალი (ესპ) 18.08.2008 22 141

როჯერ ფედერერი (შვეიც) 02.02.2004 22 302

ენდი როდიკი (აშშ) 03.11.2003 21 13

ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 08.09.2003 23 8

ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 19.11.2001 20 80

გუსტავო კუერტენი (ბრა) 04.12.2000 24 43

მარატ საფინი (რუს) 20.11.2000 20 9

პატრიკ რაფტერი (ავსტრა) 26.07.1999 26 1

ევგენი კაფელნიკოვი (რუს) 03.05.1999 25 6

კარლოს მოია (ესპ) 15.031999 22 2

მარსელო რიოსი (ჩილ) 30.03.1998 22 6

თომას მუსტერი (ავსტრია) 12.03.1996 28 6

ანდრე აგასი (აშშ) 10.04.1995 24 101

პიტს სამპრასი (აშშ) 12.04.1993 21 286

ჯიმ კურიე (აშშ) 10.02.1992 21 58

ბორის ბეკერი (გერ) 28.01.1991 23 12

სტეფან ედბერგი (შვედ) 13.08.1990 24 72

მატს ვილანდერი (შვედ) 12.09.1988 24 20

ივან ლენდლი (ჩეხ) 28.02.1983 22 270

ჯონ მაკინროი (აშშ) 03.03.1980 21 170

ბიორნ ბორგი (შვედ) 23.08.1977 21 109

ჯიმი კონორსი (აშშ) 29.07.1974 21 268

ჯონ ნიუკომბი (ავსტრა) 03.06.1974 30 8

ილიე ნასტასე (რუმ) 23.08.1973 27 40

ცხრილში მოცემულია: პირველად ნომრად გახდომის თარიღი, ასაკი რეიტინგში პირველი ნომრის მოპოვების მომენტში და პირველ ადგილზე გატარებული კვირების რაოდენობა.

ენდი მარეი 2016 წელს

იანვარი: ავსტრალიის ღია (ფინალი)

აპრილი: მონტე კარლო (1/2 ფინალი)

მაისი: მადრიდი (ფინალი), რომი (ტიტული)

ივნისი: როლან გაროსი (ფინალი), ისტბურნი (ტიტული)

ივლისი: უიმბლდონი (ტიტული)

აგვისტო: ოლიმპიადა (ტიტული), ცინცინატი (ფინალი)

სექტემბერი: აშშ-ის ღია (1/4 ფინალი)

ოქტომბერი: პეკინი (ტიტული), შანხაი (ტიტული), ვენა (ტიტული)

ნოემბერი: პარიზი (ტიტული)

მოგება/წაგება: 74/9

2016 წელი ციფრებში

7 - ტიტულების რაოდენობა 2016 წელს (გამოიმუშავა 8 მილიონ ფუნტზე მეტი).

12 - ფინალების რაოდენობა 2016 წელს.

3 - უიმბლდონის მოგების შემდეგ, "დიდ სლემზე" კარიერაში სამი ტიტული აქვს აღებული.

2 - გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

22 - წაუგებელი სერია საფრანგეთის ღია პირველობიდან (ივნისი) ცინცინატის "მასტერსამდე" (აგვისტო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება