საქართველო Vშ მოლდოვა

მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი

საქართველო-მოლდოვა

თბილისი. დინამო არენა. 12 ნოემბერი. 21: 00 LIVE I არხზე

12 ნოემბერს, 21 საათზე, საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საშინაო შეხვედრაში მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ვლადიმირ ვაისის კრებულს მიზნად მხოლოდ გამარჯვება აქვს დასახული. მოლდოვა არ არის სან მარინო და ანდორა, მაგრამ იმ ყალიბის გუნდია, რომლის ძლევაც საკუთარ მოედანზეც შეგვიძლია და სტუმრადაც...

ორი მაქსიმალისტი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ამბობს, რომ მოლდოვასთან ჭკუით უნდა ვითამაშოთ. ცხადია, ბევრი შეტევა მოგვიწევს, მაგრამ დაცვაშიც ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო. სლოვაკი სპეციალისტი მოლდოვასთან მატჩში მიზნად მხოლოდ 3 ქულას ისახავს:

"ჩვენ ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს და ვიცით, რომ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებს არ აქვს ისეთი შედეგი, როგორიც გვინდა, რომ ჰქონდეს, თუმცა ბოლოდროინდელი მატჩები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ჩვენ ცუდად არ გვითამაშია ავსტრიისა და ირლანდიის წინააღმდეგ, ხოლო უელსთან საგარეო მატჩი კიდევ უფრო კარგად ჩავატარეთ, განსაკუთრებით - მეორე ტაიმი...

ფურცელზე საქართველოსა და მოლდოვის მატჩი არის ჯგუფის ორი აუტსაიდერის დაპირისპირება, თუმცა მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევ ციკლში ჯერ არ უთქვამს თავისი საბოლოო სიტყვა და ეს მომდევნო მატჩებში უნდა დამტკიცდეს...

ძალიან დიდი ყურადღებით, ჭკუით უნდა ვითამაშოთ მოლდოვასთან. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს არ იქნება იოლი მოწინააღმდეგე. ჩემი პირველი თამაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იყო ყაზახეთთან. ეს გუნდები ჰგვანან ერთმანეთს, თუნდაც - ტაქტიკურად. მაშინაც და მერეც ჩვენ გვქონდა საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემა.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში 2 გოლი გვაქვს გატანილი. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, გატანილი გოლების გრაფაში "10" გვწერებოდა... ეს უნდა გამოსწორდეს. ჩვენი მიზანია მართლაც საოცარი ქართველი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება".

ვაისის დარად, მოლდოვის ნაკრების დამრიგებელი, საბჭოთა საფეხბურთო სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი - იგორ დობროვოლსკიც ოპტიმისტურადაა განწყობილი. ის ამბობს, რომ მისი გუნდი თბილისში შემტევი ფეხბურთის დემონსტრირებას შეეცდება. მისი აზრით, მოლდოვას "დინამო არენაზე" გაუჭირდება, მაგრამ მაინც ბოლომდე უნდა იბრძოლოს:

"ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრების თამაში და გავარჩიეთ ის. უახლოეს მომავალში უკვე ფეხბურთელებთან ერთად გავაანალიზებთ მომავალი მოწინააღმდეგის ავ-კარგს, "სტანდარტებს" და სხვა საინტერესო მომენტებს. როგორც უნდა წავიდეს თამაში, შევეცდებით, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი...

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 85 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს საზღვარგარეთ. ზოგი - მაღალ დონეზე თამაშობს, ზოგი - ვერა, მაგრამ ციფრი სწორედ ასეთია. ასე რომ, ქართული სკოლა, ალბათ, მაინც არის - ტექნიკა, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები... ფეხბურთი დღეს გარკვეული მიმართულებით მიდის და არც საქართველოა გამონაკლისი. როცა ქართველი ფეხბურთელი ხვდება სხვადასხვა უცხოურ კლუბში, ის ხდება უფრო მეტად დისციპლინირებული, ფიზიკურად უფრო ძლიერი... ყველაფერი იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული, სადაც ის თამაშობს...

უცხოეთში წასვლა ქართველებზე და მხოლოდ დადებითად აისახება. მათ აქვთ ტექნიკა და ინდივიდუალიზმი. ახლა კი, ამ ყველაფერთან ერთად, დისციპლინის ქვეშაც მოექცნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მატჩი იქნებოდა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. კარგი გუნდია. აგებენ, მაგრამ კარგ ფეხბურთს თამაშობენ...

ერთი მხრივ, არის შეგრძნება, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, რომ გუნდი შეიკრა, გამოჩნდა თავდაჯერება, დავიწყეთ შეტევა, ვთამაშობთ უშიშრად... ჩვენი ერთ-ერთი თამაში გავარჩიეთ, ვნახეთ ჩვენ მიერ გატანილი და გაშვებული გოლები. დავასკვენით, რომ უფრო მეტი თავდაჯერება გვჭირდება".

ჯანო ვერაო...

საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში, თუ არ ვცდებით, საერთოდ არ ყოფილა მატჩი, რომელშიც ჩვენს ეროვნულ გუნდს აბსოლუტურად ოპტიმალური შემადგენლობით ეთამაშოს.

ასე იქნება მოლდოვასთან მატჩიც, რომელსაც ტრავმის გამო ჯანო ანანიძე გამოტოვებს. როგორც იცით, მიზეზი თეძოს კუნთის სპაზმია, რომელიც ჩვენებურმა რუსულ პრემიერლიგაში "ტომთან" მატჩისწინა ვარჯიშზე მიიღო.

არადა, ანანიძე შესანიშნავ ფორმაში იყო. "სპარტაკი" წლეულს ძალიან კარგად თამაშობს, ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტია და ამაში ჯანოს დიდი წვლილიც არის. მოლდოველებმაც იციან ანანიძის ფასი და უფრთხიან კიდეც, თუმცა...

ჯანო ნაკრებთან ერთადაა და აქაური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ეგაა, ვლადიმირ ვაისმა გვითხრა - დიდი სურვილის მიუხედავად, ძალიან მეეჭვება, ანანიძემ მოლდოვასთან მატჩამდე გამოჯანმრთელება შეძლოსო...

მოლდოველთა

დანაკლისი

დანაკლისს ვერ ასცდა მეტოქეც. იგორ დობროვოლსკის რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლება. ამათგან ორს გამოვარჩევთ.

ერთია ცენტრალური მცველი იგორ არმაში. ეს ფეხბურთელი კიშინიოვის "ზიმბრუს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მან ითამაშა შვედურ "ჰამარბიში", 2010 წლიდან კი კრასნოდარის "ყუბანის" ფეხბურთელი და ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია.

მოლდოვას თბილისში ვერც 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი არტურ იონიცე დაეხმარება. ისიც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, "როსტოვის" ნახევარმცველ ალექსანდრუ გაცკანთან ერთად.

არმაშის არ იყოს, იონიცაც "ზიმბრუს" აღზრდილია. ის მოლდოვის შემდეგ თამაშობდა შვეიცარიულ "არაუში", რის შემდეგაც იტალიაში გადაბარგდა და იქ "ვერონაში" სერია A-ც დააჭაშნიკა, ამ დროისთვის კი "კალიარიში" თამაშობს.

ტრავმირებული ფეხბურთელების გარდა, მოლდოვის ნაკრებს ჰყავს დისკვალიფიცირებული მოთამაშეებიც - ანდრეი კოჟოკარი და ალექსანდრ დედოვი (ორივე - "მილსამი").

შემადგენლობას გადახედეთ და დარწმუნდებით - მოლდოვას არ ჰყავს ბევრი ლეგიონერი და, აქედან გამომდინარე, მათთვის თუნდაც ერთი მათგანის გამოკლება უკვე სერიოზულ დანაკლისს წარმოადგენს.

გამორჩეულნი

როგორც ყველა გუნდში, მოლდოვის ნაკრებშიც არიან გამორჩეული ფეხბურთელები. მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და, შესაბამისად, დობროვოლსკისაც არჩევანის საშუალება აქვს. საქართველოს ნაკრებთან მატჩს ან "მორდოვიას" კარის დარაჯი ილია ჩებანუ დაიწყებს, ანდაც - ბერძნული "ლევადიაკოსის" მეკარე სტანისლავ ნამაშკო.

მოლდოვა ბევრ გოლს უშვებს, მაგრამ დაცვაში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი მაინც ჰყავს. ამ რგოლში, უპირველეს ყოვლისა, "ბაშაქშეჰირის" მცველი ალექსანდრუ ეპურეანუ უნდა ვახსენოთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ვეტერანი იგორ გოლოვატენკო. ეს გამოცდილი უკანახაზელი რუსეთის ჩემპიონატში გატარებული სეზონების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა სათამაშოდ.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ნახევარდაცვის უდავო ლიდერად ითვლება "როსტოვის" შუახაზელი ალექსანდრუ გაცკანი, რომელიც ერთადერთია მოლდოვის დღევანდელ ნაკრებში, ჩემპიონთა ლიგაში რომ თამაშობს.

თავდასხმაში უნდა გამოვარჩიოთ იგორ ბუგაიოვი, ვისაც ყაზახეთის შედარებით ძლიერ ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვს, და ეუგენიუ სიდორენკო. თუმცა აქ გამორჩევა მხოლოდ პირობითია, რადგან მოლდოვას ყველაზე მეტად გოლების გატანა უჭირს.

მთავარი ვარსკვლავი

ალბათ არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მოლდოვის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი მისი 49 წლის დამრიგებელი იგორ დობროვოლსკია - საბჭოთა ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის ნიჭის დამფასებელი დღევანდელ საფეხბურთო საქართველოშიც ძალიან ბევრია.

მოსკოვის "დინამოს" ვარსკვლავმა, მას შემდეგ, რაც "რკინის ფარდა" გაიხსნა, ითამაშა შვეიცარიულ "სერვეტში", "ჯენოაში", "მარსელში", "ატლეტიკოსა" და დიუსელდორფის "ფორტუნაში". საბჭოთა კავშირის ნაკრებში დობროვოლსკიმ 25 მატჩი ჩაატარა (7 გოლი), რუსეთის ნაკრების მაისურით გამართულ 18 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ხოლო დსთ-ის (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) ნაკრებში - 4 მატჩი (1 გოლი).

დობროვოლსკი მოლდოვის ნაკრებს პირველად 2007-09 წლებში წვრთნიდა. ის გუნდს წლეულს დაუბრუნდა, მანამდე კი რამდენიმე მოლდოვური კლუბი და რუსული "სახალინი" გაწვრთნა.

სხვათა შორის, დობროვოლსკის გაწვრთნილი "დაჩია" ჩემპიონთა ლიგიდან თავის დროზე გია გეგუჩაძის "ზესტაფონმა" დაითხოვა. მაშინ მოლდოველთა მწვრთნელი მთლად კორექტული ვერ იყო ქართული გუნდის მიმართ, თუმცა ეს უკვე წარსულია.

თემიდა

თბილისურ მატჩს ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. არბიტრად დანიშნულია 30 წლის გეორგი კაბაკოვი, ვისთვისაც ეს პირველი სანაკრებო მატჩი იქნება. აქამდე, კაბაკოვი ძირითადად ჭაბუკთა მატჩებს უძღვებოდა. მას დაეხმარებიან მარტინ მარგარიტოვი და მარტინ ვენევი.

ალეკო კაკაურიძე

საქართველო

მეკარეები - ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ), გიორგი ლორია (კრ. სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები - უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), ოთარ კაკაბაძე (ჟიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი);

ნახევარმცველები - ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა);

თავდამსხმელები - დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია).

მოლდოვა

მეკარეები - ილია ჩებანუ (მორდოვია, რუსეთი), სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), ალექსეი კოშელევი (შერიფი), ნიკოლა კალანჩეა (კრაიოვა, რუმინეთი);

მცველები - ალექსანდრუ ეპურეანუ (ბაშაქშეჰირი, თურქეთი), კატალინ კარპი (ვიტორული, რუმინეთი), ადრიან კასკავალი (ლუჩ ენერგია, რუსეთი), ვიქტორ გოლოვატენკო (ზარია ბელცი), ვიტალი ბორდეანი (შერიფი), ვიაჩესლავ პოსმაკი (დაჩია), პეტრუ რაცუ, ვადიმ ბოლოჰანი (ორივე - მილსამი), იონ ჟარდანი (ზიმბრუ);

ნახევარმცველები - ალექსანდრ გაცკანი (როსტოვი, რუსეთი), ეუგენ ზასევიჩი (ტრაკაი, ლიტვა), გეორგე ანდრონიკი, ალექსანდრუ ანტონიუკი (ორივე - მილსამი), ვლადისლავ ივანოვი (ტირასპოლი), მაქსიმ მიხაილოვი (ზარია ბელცი), მაქსიმ ანტონიუკი (აკადემია);

თავდამსხმელები - ეუგენიუ სიდორენკო (მილსამი), იგორ ბუგაიოვი (ზარია ბელცი), რადუ გინსარი (შერიფი), დან სპატარუ (ზიმბრუ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა