თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ხუან მარტინ დელ პოტრო მამაკაცთა პროფესიულ ტურში სრულფასოვნად დაბრუნდა
დუბაისა და დოჰას ტურნირების გარდა, ჩოგბურთელები გასულ კვირას კიდევ სამ შეჯიბრში არკვევდნენ ურთიერთობას. აკაპულკოში მამაკაცებს შორის დავიდ ფერერმა შეინარჩუნა ტიტული, ქალებს შორის კი ხისელა დულკომ ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პირველი ტურნირი მოიგო. ასევე არგენტინული ტრიუმფი დაფიქსირდა დელრეი ბიჩის კორტებზე - ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ხუან მარტინ დელ პოტრო სრულფასოვნად დაბრუნდა მამაკაცთა პროფესიულ ტურში.

ამერიკის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი დელრეი ბიჩში თამაშობდა. აქ ფავორიტი ენდი როდიკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკელთა პირველმა ნომერმა დევისის თასის სასარგებლოდ გამოიტანა განაცხადი ტურნირიდან. იგივე მიზეზით დელრეი ბიჩში ვერ ვიხილეთ ჟულიენ ბენეტო (საფრანგეთი), რადეკ შტეპანეკი (ჩეხეთი) და მიხალ პრსიეჟნი (პოლონეთი). ამიტომაც ძირითად ბადეში კვალიფიკაციაში დამარცხებული ოთხი ჩოგბურთელი ვიხილეთ, თუმცა ისინი პირველივე წრეში გამოეთიშნენ ბრძოლას.

როდიკის უარის გამო დელ პოტრო ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირის წინ არგენტინელი რეიტინგში 166-ე ადგილს იკავებდა. მის თამაშში დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა - წინა ორ ამერიკულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ორივეჯერ ტოპ-ათეულის წევრთან დამარცხდა - ვერდასკოსთან და იმავე როდიკთან. დელრეი ბიჩში კი ასეთი დონის მოთამაშეები არ იყვნენ, რაც არგენტინელის შანსს მნიშვნელოვნად ზრდიდა.

ნახევარფინალში დელ პოტრო ტურნირის მეორე ნომერ მარდი ფიშს შეხვდა. ორივენი ამ ეტაპზე სეტის წაუგებლად მივიდნენ, მაგრამ ერთმანეთში თამაშისას მასპინძელი ვერ გაუმკლავდა დელ პოტროს ენერგიულ თამაშს. მეორე სეტში იყო ბრძოლა, ფიშმა ორი ბრეიკიც გააკეთა, მაგრამ მაინც წააგო - 1:6, 5:7. მეორე ნახევარფინალში სერბმა იანკო ტიპსარევიჩმა 6:4, 6:4 მოიგო 21 წლის იაპონელ კეი ნიშიკორის, რომელმაც სამი წლის წინ სწორედ დელრეი ბიჩის ტურნირის მოგებით გააცნო თავი საჩოგბურთო სამყაროს, მაგრამ მას შემდეგ სერიოზული წარმატებისთვის არ მიაღწევია.

ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, თუმცა ამას ანგარიშის მიხედვით ვერ ვიტყვით. სტარტზე ტიპსარევიჩმა მოიპოვა ინიციატივა და 4:1 დაწინაურდა. მალე დელ პოტრომაც მოუმატა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი გადამწყვეტი ბრეიკიც გააკეთა. სერბი არ დანებდა და შემდეგ გეიმში სამმაგი ბრეიკი-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა და სეტი წააგო.

მეორე სეტი ნაკლებად დრამატულად წარიმართა - აქ ბრეიკების გაცვლა არ ყოფილა. დელ პოტრომ უბრალოდ სეტის შუაში აიღო მეტოქის მოწოდება და ეს უპირატესობა პარტიის ბოლომდე შეინარჩუნა.

დელ პოტრომ მერვე ტიტული მოიგო კარიერაში. რაც მთავარია, გასული სეზონის სტარტზე მაჯაზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ ის სრულფასოვნად დაუბრუნდა ტურს. არგენტინელი ამ კვირას დევისის თასზე არ ითამაშებს, ასე რომ შეუძლია დაისვენოს და მშვიდად მოემზადოს ორი მასტერსისთვის (ინდიან უელსი და მაიამი), რომელიც მარტში ამერიკაში გაიმართება. სხვათა შორის, დელრეი ბიჩში ტრიუმფის შემდეგ ხუან მარტინი რეიტინგის ასეულში დაბრუნდა - ახლა ის 89-ე ნომერია.

კაცებს შორის აკაპულკოს ტურნირი პრესტიჟული "500" კატეგორიისა იყო. რვა განთესილიდან ოთხი ესპანეთს წარმოადგენდა. მონაწილეთა შემადგენლობა კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, მექსიკაში თამაშზე უარი რომ არ ეთქვათ დავიდ ნალბანდიანს, ტომი რობრედოსა და მილოშ რაონიჩს.

ყველა ფავორიტმა ვერ დაამტკიცა თავისი სტატუსი. მაგალითად, ფერნანდო ვერდასკო პირველივე წრეში დამარცხდა ტომაშ ბელუჩისთან. სამაგიეროდ, ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალისტმა ალექსანდრ დოლგოპოლოვმა მიაღწია ნახევარფინალამდე, გზად კი შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა დაამარცხა.

ნახევარფინალში უკრაინელი დავიდ ფერერთან დამარცხდა, რომელსაც ბადის მხრივ აშკარად გაუმართლა - მოუგო კვალიფიკაციის გამარჯვებულსა და უაილდქარდის მფლობელს და მხოლოდ ხუან მონაკოსთან იწვალა. ნახევარფინალში ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, მეორე და მესამე პარტიებში კი ფერერმა გასაღები მოუძებნა დოლგოპოლოვის თამაშს და მხოლოდ ორი გეიმი დათმო - 5:7, 6:1, 6:1.

თუ ბადის ზედა ნახევრიდან მეოთხედფინალამდე ოთხი განთესილი მივიდა, ქვედა მხრიდან ფავორიტის სტატუსი მხოლოდ ნიკოლას ალმაგრომ დაამტკიცა, რომელიც სამხრეთამერიკულ სათიხნარო სეზონში ზედიზედ მესამე ტიტულს უმიზნებდა. ორი იოლი სასტარტო მოგების შემდეგ ესპანელს სამი სეტის ჩატარება დასჭირდა სანტიაგო ხირალდოსთან და ბელუჩისთან, მაგრამ მაინც გავიდა ფინალი.

ფერერს ალმაგროსთვის ხუთიდან ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული, თუმცა სამჯერ საქმე მესამე სეტამდე მივიდა. ასე მოხდა ამჯერადაც. პირველ პარტიაში ალმაგრო 5:2-ს იგებდა, მაგრამ ჩოგბურთელებს მაინც ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ, სადაც უფრო ძლიერი დევიდი აღმოჩნდა. მეორე სეტშიც ისევ ყველაფერი მე-13 გეიმში გადაწყდა და ამჯერად უფრო ზუსტად ალმაგრო მოქმედებდა. მაგრამ ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ ნიკოლასი ძალიან დაიღალა და შეცდომებს უმატა. ბოლო პარტია მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა და ის ფერერმა 6:2 მოიგო.

თუ აკაპულკოში კაცების ტურნირს თითქმის მილიონიანი ფონდი ჰქონდა, ქალებს აქ მხოლოდ 220 ათასი დოლარი უნდა გაეთამაშებინათ. თითქმის ყველა წამყვანი მოთამაშე დოჰაში თამაშობდა, აქ კი ძირითადად გრუნტის მოყვარულები იყვნენ შეკრებილნი. საკმაოდ სწრაფად გამოეთიშნენ ბრძოლას განთესვის ლიდერები - გერმანელი იულია გორჯესი მეორე წრეში გავარდა, სლოვენიელმა პოლინა ჰერცოგმა კი პირველივე შეხვედრა დათმო.

ზედიზედ მეორე ტურნირის მეოთხედფინალს მიაღწია ესპანელმა ლაურა პოუს-ტიომ. რეიტინგის მიხედვით ის ბოლო იყო ძირითად ბადეში, მაგრამ შეძლო ორი რუმინელის - სიმონა ჰალეპისა და სორანა კირსტეას დამარცხება და მხოლოდ მომავალ ჩემპიონ ხისელა დულკოსთან წააგო. არგენტინელის აკაპულკომდე მხოლოდ ავსტრალიის ღიაზე ჰქონდა ნათამაშება, სადაც კაროლინ ვოზნიაცკისთან დამარცხდა. მექსიკური სტარტისთვის ის კარგად მოემზადა და ფინალამდე ჩატარებული ოთხი მატჩიდან სამში იოლი გასეირნება გამოუვიდა. ყველაზე მეტად სწორედ პოუს ტიოს დამარცხება გაუჭირდა, სადაც ესპანელმა პირველი სეტი მოიგო და მეორეშიც ახლოს იყო გამარჯვებასთან.

ორივე ნახევარფინალი მხოლოდ ერთი საათი გაგრძელდა და თითქმის ერთნაირი ანგარიშით დასრულდა: დულკომ მოუგო ანაბელ მედინა-გარიგესს (6:0, 6:2), პარა-სანტონხამ შვედი იოჰანა ლარსონი შეაჩერა (6:2, 6:0). გადამწყვეტი მატჩი ნერვული გამოვიდა, ორივე ჩოგბურთელი ხშირად ცდებოდა, ბრეიკები კი ძალიან ბევრი იყო - 14 ჯამში გათამაშებული 21 გეიმიდან. ასეთ დაძაბულ ბრძოლაში უფრო ძლიერი დულკო აღმოჩნდა - 6:3, 7:6. არგენტინელმა კარიერაში მეოთხე და ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი ტიტული გაიფორმა.

ATP

Abierto Mexicano Telcel Aabar Investment PJS
აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 995 000 დოლარი

ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 1)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 3) 7:6, 6:7, 6:2.

International Tennis Championships

დელრეი ბიჩი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 442 5000 დოლარი

ფინალი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 6) 6:4, 6:4.

WTA

Abierto Mexicano Telcel

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ხისელა დულკო (არგ)-არანჩა პარა-სანტონხა (ესპ, 6) 6:3, 7:6(5).

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის