ხუთშაბათი
გიორგი ჯიქია ოლიმპიადისთვის ემზადება

გიორგი ჯიქია საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი დღეს ამერიკაში აგრძელებს სპორტულ კარიერას. სახელოვანი ქართველი სპორტსმენი ამერიკიდან საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ სამშობლოში არაერთხელ მოიწვია ეროვნულ და სხვა საერთაშორისო თუ მსოფლიო ჩემპიონატზე საპატიო სტუმრად და მთავარ მსაჯად, რაც დიდი დაფასებაა მოქმედი სპორტსმენისთვის. შესაბამისად, ჩემპიონატების პრესტიჟსაც განსაზღვრავს მისი სტუმრობა.

ჯიქიას ამ პერიოდისთვის მოგებული აქვს : მსოფლიო ჩემიონატი შოტოკანში (იაპონია, 2007); მსოფლიო თასი, (უკრაინა, 2008); მსოფლიო თასი (საფრანგეთი, 2010); მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო შოტოკან კარატეს კავშირის ეგიდით (თურქეთი, 2012); კარატეს მე-2 საერთაშორისო ჩემპიონატი (დუბაი, 2013); "ოფენ ნიუი ორკი" (მსოფლიოს კარატეს ფედერაცია, 2016). მეორე იყო შოტოკანის ევროპის მე-7 ჩემპიონატზე, მესამე - სტამბულის მე-4 საერთაშორისო ჩემპიონატზე, _ "ოფენ სტამბული" მსოფლიოს კარატეს ფედერაციის ეგიდით (2014); "ღია ნიკოლაევი", მსოფლიოს კარატეს ფედერაციის ეგიდით (2015) წელი; თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია მისი სპორტული მონაგრიდან...

"2015 წელს ევროპის ჩემპიონატზე, 67 კგ. წონით კატეგორიაში ინდივიდუალურ კუმიტეში მეორე, გუნდურში კი პირველი ადგილი დავიკავე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ჩემპიონატია დიდი საპრიზო ფულადი ფონდით. 6 ბრძოლა ჩავატარე ინდივიდუალურში, ფინალში გამიჭირდა, რადგან ძალიან გამოცდილი და ტიტულოვანი მოწინააღმდეგე მყავდა, შედეგიც შესაბამისი მივიღე.

2016 წელს ჩემთვის ყველაზე დიდი ტურნირი აღმოჩნდაNNEშ Yორკ Oპენ, სადაც გამარჯვება მოვიპოვე - 5 ბრძოლა ჩავატარე და ხუთივე მოვიგე მაღალი შედეგით. ბოლო სამი წელიწადია, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია მიწვევს მაღალი რანგის ჩემპიონატებზე საპატიო სტუმრად და მთავარ მსაჯად, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მსოფლიო კარატეს წინაშე. ყველაფერ ამის უკან ჩემი რეიტინგები და სპორტული მიღწევები დგას, ალბათ, დავიმსახურე...", _ გვითხრა ამერიკაში შეხმიანებისას მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი ჯიქიამ.

მისი სამომავლო გეგმები ოლიმპიადისთვის სამზადისს უკავშირდება და პირობას იძლევა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს. ამის იმედი ჩვენც გვაქვს.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,

საქართველოს კარატეს ეროვნული

ფედერაციის პრესმდივანი

00000000000

ლეგენდები. გურამ მინაშვილი 80

სისხლი და 100-ლირიანები რომის არენაზე

გასულ კვირას, 25 ნოემბერს გურამ მინაშვილი 80 წლისა შესრულდებოდა. შარშან, გაზაფხულზე გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი "40 წუთი, როგორც მთელი ცხოვრება". რადგან 2016 წელი ოლიმპიურია, ამიტომ, გთავაზობთ ამონარიდს გურამ მინაშვილის წიგნიდან რომის ოლიმპიადის შესახებ.

1960 წლის ოლიმპიადაზე საკალათბურთო შეჯიბრება ორი ჯგუფური ეტაპისგან შედგებოდა, ჩემპიონი ადრევე გამოვლინდა (აშშ), ხოლო მეორე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს სსრ კავშირი და იტალია დაუპირისპირდნენ.

"რომში გადამწყვეტი მატჩი იტალიასთან ვითამაშეთ, რის შემდეგაც სტეპან სპანდარიანს საბჭოელი ჟურნალისტების კრიტიკა დაატყდა, "სოვეტსკი სპორტმა" ისიც დაწერა, მთავარ მწვრთნელს გურამ მინაშვილიც არ ემორჩილებაო. "სკუადრა აძურასთან" მატჩისას იყო მომენტი, მართლაც არ მინდოდა მოედნის დატოვება, ცოტა შევეწინააღმდეგე კიდეც, თუმცა ვთვლი, რომ მწვრთნელმა ჩემი შეცვლა რომ გადაწყვიტა, სწორად მოიქცა.

ახლა, უფრო კონკრეტულად განვიხილოთ ზემოთ ნახსენები მომენტი: იტალია-სსრკ-ის შეხვედრისას სტეპან სპანდარიანმა ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში დამაყენა და მასპინძელთა მთავარი ბომბარდირის, მე-9 ნომრის, მარიო ალეზინის მეურვეობა დამავალა. მატჩი კარგად დავიწყეთ, მოწინააღმდეგეს თამაშის საშუალებას არ ვაძლევდით, ჩვენ კი ქულას ქულაზე ვითვლიდით და ანგარიშში სხვაობაც ჩვენს სასარგებლოდ იზრდებოდა.

იტალიელები იძულებულნი გახდნენ, ტაქტიკა შეეცვალათ, ძალიან მჭიდრო პრესინგი დაგვიპირისპირეს, გვახრჩობდნენ. ჩემს ვიზავის იმდენად ახლოს მოჰქონდა ჩემთან თავი, მეგონა შეჭმას მიპირებდა. ასეთი მეურვეობა ერთი მხრივ არასასიამოვნოა, მაგრამ, როცა კარგ ტექნიკას ფლობ, შენს სასარგებოდაც შეგიძლია გამოიყენო. მე მსგავს შემთხვევებში ფრთები მესხმოდა, რაც უფრო ახლოდან მიჭერდა მეურვე, მით იოლად შემეძლო მისი მოტყუება. მოკლედ, ჩემი მოწინააღმდეგის მოქმედება საკალათბურთო წესებს სცილდებოდა, ხელებით მიჭერდა, უხეშობდა...

ერთ მომენტში სახე ძალიან ახლოს რომ მომიტანა, ბურთი ორივე ხელით გვერდზე გავწიე და გაბრაზებულმა იდაყვი პირდაპირ ცხვირში ჩავუშვი! უმალ სისხლი წასკდა, ერთი ამბავი ატყდა და თამაშიც დროებით შეწყდა.

იტალიელებმა იცოდნენ, რომ სსრ კავშირთან "ვერცხლის მატჩისთვის" 5-ათასიანი დარბაზი მაყურებელს არ დაიტევდა და 12-ათასიან "პალაცოში" ამიტომაც გვათამაშეს. ტრიბუნებზე ნემსი არ ჩავარდებოდა, ადგილობრივებს ვერცხლის მოგების შანსი ჰქონდათ და ყველას სჯეროდა, რომ ჩვენი დამარცხება რეალური იყო.

იტალიელი კალათბურთელის სისხლი და მოედანზე 100-ლირიანი ხურდა ფულის სეტყვა ერთი იყო. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, ვიდრე ჯიბეებში ხურდის მარაგი არ ამოწურეს, იტალიელები არ გაჩერდნენ. ჩვენს სათადარიგოთა სკამთან ფული რამდენიმე ფენად "იდო".

სკამს მივუახლოვდი და იქ მჯდომ ვლადიმერ უგრეხელიძეს ქართულად წავჩურჩულე - "პტიცა", ფული მოაგროვე, ხვალ დაგვჭირდება-მეთქი. დარბაზის ადმინისტრაციას, ხურდებისგან მოედნის გასუფთავებაში ჩვენც მივეხმარეთ და მეორე დღეს, მე და უგრეხელიძემ ნასეტყვი ფულით ძვირფასი "პლასტინკები" შევიძინეთ.

ჯიბედაცარიელებული გულშემატკივარი მაინც არ ცხრებოდა, ყურისწამღებად სტვენდა, სპანდარიანმა მდგომარეობის განმუხტვის მიზნით შეცვლა ითხოვა და სათადარიგოთა სკამისკენ მიხმო. იმ მომენტში მეც აღელვებული ვიყავი და ნამდვილად არ მინდოდა მოედნიდან გასვლა, თუმცა მალევე დავჯექი.

სწორედ ეს ეპიზოდი დაიხვიეს ხელზე ჟურნალისტებმა, ჩემსა და მწვრთნელს შორის გაუგებრობაზე ალაპარაკდნენ. თან იმას ამტკიცებდნენ, სპანდარიანს გუნდში გავლენა აღარ აქვსო. რეალურად არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, ჩვენი ურთიერთობა იმ ეპიზოდს ნამდვილად არ შეუცვლია. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ამბის გაბუქების გამო მოერიდა სპეტან სპანდარიანი ევროპის 1961 წლის ჩემპიონატზე ჩემს წაყვანას.

"პალაცოში" დავბრუნდეთ. ჩემი შეცვლით ქომაგი ჩაცხრა, თამაში გაგრძელდა, მაგრამ სულ სხვა სცენარით: ალეზინიმ აიწყვიტა და მისი ქულების წყალობით იტალია არა მხოლოდ დაგვეწია, გაგვასწრო კიდეც. დაიწყო მეორე ტაიმი და სიტუაცია არ შეცვლილა, არადა აშკარაა, ვერცხლის მოგება თუ გვინდა, ტაქტიკური ცვლილებაა საჭირო.

სათადარიგოთა სკამის ბოლოში ვიჯექი და გაბრაზებული შევცქეროდი მოედანზე მიმდინარე მოვლენებს. მეორე ტაიმის დასაწყისში ჩემ გვერდით, თადარიგში აღმოჩნდნენ ლატვიელები: ოზერსი, კრუმინში, ვალდმანისი და მუიჟნიექსი. მოულოდნელად ერთმანეთში ლატვიურად დაიწყეს ლაპარაკი. მათი ენა არ მესმოდა, თუმცა ყური მოვკარი, რამდენჯერმე ჩემი გვარი ახსენეს. მინაშვილი ხომ ლატვიურადაც მინაშვილია და ურდუს ენაზეც. მაინტერესებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი მათი საუბრის შინაარსს. თან ისე ვიჯექი, თითქოს არაფერი მესმოდა.

ბოლოს ერთ-ერთი რიგელი მთავარ მწვრთნელთან მივიდა და "მინაშვილთან" ერთად რუსული სიტყვაც შეურია - "ნა პოლე" (მოედანზე). როგორც ჩანს, სტეპან სპანდარიანს ჩემი არსებობა დაავიწყდა და ლატვიელთა შეხსენება დროული აღმოჩნდა. მწვრთნელმა დამიძახა, მოედანზე დამაბრუნა და მატჩის ბოლომდე აღარ გამოვუცვლივარ. ისევ მარიო ალეზინის ავეწებე და მეორე ტაიმი ქულამწირი გამოუვიდა. იტალია 78:70 დავამარცხეთ, რომის ოლიმპიადა კი მეორე ადგილზე დავასრულეთ."

ვაჟა სიმონიშვილი

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა