ლა ლიგა. XXV ტურის მიმოხილვა, ფრაზები, ინციდენტი, მსხვერპლი, გოლები, სტატისტიკა და სიმბოლური ნაკრები

ორშაბათის მატჩის გამო ერთი დღით გადმოგვეწია ტურის მიმოხილვა. რა თქმა უნდა, კარგად ვუწყოდით, რომ აუტსაიდერთა დაპირისპირება ბევრად ვერ შეცვლიდა ჩვენ საწერ თემას, მაგრამ არც "მალაგასა" და "ალმერიას" უპატივცემულობა იქნებოდა. XXV ტურის მიმოხილვაში გარკვეული სიახლეები შევიტანეთ, რასაც ქვემოთ თავად უკეთ შეაფასებთ.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ტური, რომელმაც აღადგინა ჩემპიონის 7-ქულიანი უპირატესობა კონკურენტზე, ტური, რომელმაც ორი მაგარი თამაში გვაჩუქა (მადრიდსა და ბილბაოში), სადაც არც "ბარსელონას" და არც "რეალს" მიუღიათ მონაწილეობა.

ექვსქულიანი, რომელიც იტალიელმა მოიგო

ბოლოდან დავიწყებთ, როგორც ქრონოლოგიურად, ისე სატურნირო ცხრილის მიხედვით - ორშაბათს ბოლო და ბოლოსწინაადგილოსანმა ადგილები გაცვალეს, "ლა როსალედაზე" 30 ათასამდე ინჩასის გასახარად "მალაგამ" "ალმერიას" 3:1 სძლია თამაშში, რომელიც რეფერი ალვარეს ისკუერდომ გააფუჭა. არ დაგავიწყდეთ, რომ საქმე ანდალუსიურ დერბისთან გვქონდა, დერბი კი ყოველთვის დერბია, თუნდაც აუტსაიდერთა შორის. კატალონიელმა მსაჯმა კი აქეთ-იქით არიგა ბარათები, არადა თამაში ამის საჭიროებას არ მოითხოვდა, ბოლოს მან "ალმერია" 9 კაცის ამარა დატოვა.

მანუელ პელეგრინის გუნდმა დაძაბული ორთაბრძოლა სათავისოდ მეორე ტაიმში შემოატრიალა, თავიდან კი სტუმრები სოფიან ფეგულის გოლით (რომელიც მეკარე კაბალიეროს კომიკურ შეცდომას მოჰყვა) დაწინაურდნენ. გადამწყვეტი შესვენებაზე გაკეთებული შეცვლა გამოდგა, ჩილელმა ნაჩო კამაჩო სკამზე დასვა და გამოცდილი ენცო მარესკა შეუშვა მოედანზე. იტალიელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საგოლე პასი გააკეთა. მოკლედ, "მალაგას" 3 ქულა მოუპოვა. აუტსაიდერები უძახე და გუნდებმა დიდებული შოუ დადგეს, თამაშის ტემპი წუთითაც არ დაცემულა, იყო ბრძოლა თოთოეული გოჯისთვის.

ლეო ვს რონალდო, დუბლი 26

არგენტინელის და პორტუგალიელის დაუსწრებელი დუელი გრძელდება, რომელიც ბოლო დროს ლეო მესის უპირატესობით მიმდინარეობს. მაშ ასე, მესის "ბარსამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "მალიორკა", დიდწილად ლეოს ბრწყინვალე თამაშის წყალობით. კრიშტიანო რონალდომ კი ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო გოლის შეგდება, ვერც მისმა "რეალმა" მოიგო "დეპორტივოსთან" - 0:0. მიუხედავად ამისა, CR7-ზე (იშიფრება, როგორც კრიშტიანო რონალდო ნომერი 7 - ასე უძახიან ხშირად პორტუგალიელს) ენა ვერ მოგიბრუნდება, თქვა, ცუდად ითამაშაო.

როგორ ითამაშა ლეომ? მან 26-მდე გაზარდა გოლების რაოდენობა ლა ლიგაში, თან პირველი და გადამწყვეტი გოლი მისია. კიდევ ერთი "უცნაურობა" ისაა, რომ ტანდაბალმა არგენტინელმა ბურთი თავით გაიტანა (პირველად სეზონში). ამის მერე მესის მანევრირების მეტი საშუალება მიეცა, ძალიან კარგად გაითამაშა ბურთი რამდენჯერმე დავიდ ვილიასთან, ის იყო მთავარი შემოქმედი "ბარსას" წარმატების ბალეარულ ცივ საღამოს. სტატისტიკის გრაფაში დააკვირდით, რამდენი პასი გააკეთა მესიმ და რამდენი იყო აქედან ზუსტი.

როგორ ითამაშა რონალდომ? პორტუგალიელმა პირველ ნახევარში კი გაიტანა "დეპორტივოს" კარში, მაგრამ ეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. კარგი თამაშის მიუხედავად, რონალდო გოლისა და საგოლე პასის გარეშე დარჩა, პირველ შემთხვევაში მასპინძლები ძელმა იხსნა, მეორეში - ქარიმ ბენზემა დამწყები პროფესიონალივით მოიქცა და 100%-იანი საგოლე მომენტი ქარს გაატანა.

- მესი რონალდო

გოლი 1 0

დარტყმა 2 (1) 8 (4)

პასი 85 (80) 53 (36)

დაკარგვა 10 9

მოპოვება 0 2

ჯარიმა (მასზე) 1 4

Gოალ.ცომ 8,0 7,5

პირველი - ხუთი წუთი და გოლები

"მალიორკასთან" მატჩის 85-ე წუთზე პირველად მოირგო "ბარსას" მაისურა 19 წლის მარტინ მონტოიამ, მან ბრაზილიელი ადრიანო შეცვალა. ფულბეკი, რომელსაც მეტსახელად "მაქინა" (მანქანა) შეარქვეს, არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემების გამო. მონტოია მე-17 ფეხბურთელია "ბარსელონას" სარეზერვო გუნდიდან, რომელსაც პეპ გვარდიოლას ხელში დებიუტი ჰქონდა მთავარ გუნდში. პირველი კი სერხიო ბუსკეტსი იყო.

"სიმართლე გითხრათ, როცა სკამზე ვიჯექი უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე მას მერე, რაც პეპმა მითხრა, გაემზადეო. ძალიან იოლია მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაში, ის ხუთი წუთი თავს ბრწყინვალედ ვგრძნობდი", - განაცხადა მონტოიამ.

ლა ლიგაში პრემიერგოლი გაიტანა "ვალენსიას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟონას გონშალვეს ოლივეირამ ან უბრალოდ ჟონასმა. 26 წლის ფეხბურთელი დეკემბერში

"გრემიოსთვის" აგორებდა ბურთს, ესპანეთში დებიუტი კი წინა ტურში "სპორტინგთან" ჰქონდა, როცა ბოლო 11 წუთი ითამაშა და "ღამურების" მძინარე შეტევის ხაზი გამოაცოცხლა. უკვე მეორე მატჩში კი მან გმირობა ჩაიდინა, 64-ე წუთზე შესულმა საფეხბურთო კათედრალზე, "სან მამესზე" გაიტანა 81-ე წუთზე და "ვალენსიას" ბილბაოში მოაგებინა!

ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა 21 წლის მექსიკელმა ჯოვანი დოს სანტოსმაც. თუკი ვალენსიელ ჟონასს 2 თამაში ეყო სადებიუტო გოლამდე, "რასინგის" ახალწვეულს სამი დასჭირდა (ისიც ჯერ მხოლოდ შეცვლაზე შედის) - ჯოვანიმ 68-ე წუთზე გაიტანა "ვილიარეალის" კარში. მართალია, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი კოკე (ხორხე მეროდიო) ამ კლუბში ახალწვეული არ არის, მაგრამ 19 წლის ფეხბურთელი კიკე ფლორესმა იანვარში დააწინაურა მთავარ გუნდში, "სევილიასთან" მატჩში კი მან დიეგო ფორლანის ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და კარიერაში პირველი გოლი შეაგდო პრიმერაში.

იქ, სადღაც შორს... გულთან ახლოს

რაულ ტამუდო პირველად გამოვიდა "ესპანიოლის" სტადიონზე "ესპანიოლის" წინააღმდეგ - 10 წლის განმავლობაში გუნდის კაპიტანი და კლუბის ისტორიაში მთავარი მეგოლე ახლა "რეალ სოსიედადის" მაისურით იდგა მოედანზე და "კორნელია ელ პრატისგან"... ოვაციებს იღებდა - "ესპანიოლის" ფანები აფასებენ თავიანთ ლეგენდებს. მოკლედ, ვეტერანს სტადიონზე თბილად, მაგრამ მოედანზე ცივად შეხვდნენ - ყოფილი თანაკლუბელები. პირველ ტაიმში რაულს კარლოს კამენიმ საგოლე გასროლა აუღო, ბასკური გუნდი კი 1:4 შერცხვა. "ბრწყინვალე "ესპანიოლია", გუნდს დიდ წარმატებას ვუსურვებ. მე მიყვარს "ესპანიოლი", მაგრამ ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ის რისი თამაშის საშუალებაც შარშან არ მქონდა", - განაცხადა ტამუდომ თამაშის შემდეგ.

ტურის ფრაზები

მე-5 ადგილი - დავიდ ნავარო (ვალენსია): "რა ვიცი, მე კი არაფერი მომსვლია", - ფერნანდო ლორენტესთან შეჯახების შემდეგ, როცა ბასკ ფორვარდს თავზე რამდენიმე ნაკერი დაადდეს. კიდევაც რომ უკვირს...

მე-4 ადგილი - პეპ გვარდიოლა: "ამდენი ხანი თამაშის რიტმში ჩაჯდომა არასოდეს გაგვჭირვებია", - "ბარსელონას" თავკაცი "მალიორკასთან" 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ.

მე-3 ადგილი - ჟოზე მოურინიო: "მეორე ტაიმში "დეპორი" პრაქტიკულად არ შეხებია ბურთს. ჩვენ მეკარისა და 10 მცვველის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში", - "რეალის" მწვრთნელი 0:0-ის შემდეგ.

მე-2 ადგილი - ხოსე ულოა: "მსაჯს ხელი ჩამოვართვი და მადლობა გადავუხადე, რომ მხოლოდ წითელი ბარათი მომცა და პირდაპირ ჯოჯოხეთში არ გამიშვა. ისე მეცა", - "ალმერიას" არგენტინელი ფორვარდი "მალაგასთან" მატჩში საკამათო გაგდების მერე.

პირველი ადგილი - მიქაელ ლაუდრუპი: "როცა იქნება, ეს "ბარსაც" "დაშრება", - "მალიორკას" თავკაცი ჩემპიონთან 0:3 მარცხის შემდეგ.

ტურის ინციდენტი

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა "ვალენსიას" მცველმა დავიდ ნავარომ საჰაერო დუელში იდაყვი გაჰკრა ფერნანდო ლორენტეს. ბასკს რამდენიმე ნაკერი დაადეს და ლამის შესაცვლელი გახდა. როგორ არ გააგდეს (არც კი გაუფრთხილებიათ) "ლოს ჩეს" მცველი, საოცარია.

ტურის სიმბოლური ნაკრები

ვადგენთ კვლავ ნეიტრალური Goal.com-ის მიხედვით. (3-4-3)

მეკარე

დანიელ არანსუბია (დეპორტივო): "რეალთან" მატჩში კარის მშრალად შენახვისთვის.

მცველები

სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე): "ოსასუნას" კარში გატანილი გოლისთვის და ლიდერობისთვის.

ალბერტო ლოპო (დეპორტივო): ბენზემასა და ადებაიორის განეიტრალებისთვის.

ალბერტო ლორა (სპორტინგი): ბოლო დროს ხიხონელთა დაცვა, მოულოდნელად, საიმედო გახდა. ეს კი 23 წლის ლორას დამსახურებაცაა.

ნახევარმცველები

ხოაკინი (ვალენსია): "ბილბაოსთან" მატჩის შემოტრიალებისთვის, მოედანზე "ყველგან ყოფნისთვის".

ხავი მარკესი (ესპანიოლი): დინამიკური თამაშისთვის და გოლისთვის.

სეიდუ კეიტა (ბარსელონა): ჩავის ღირსეულად შეცვლისთვის.

პედრო მუნიტისი: "ვილიარეალის" დაცვის ფლანგების მორღვევისთვის.

თავდამსხმელები

კრიშტიანო რონალდო (რეალი): უგოლოდ, მაგრად მეორე ტაიმში დიდებულად თამაშისთვის.

ფერნანდო ლორენტე (ბილბაო): გოლისთვის, თავგანწირვისთვის.

ლიონელ მესი (ბარსელონა): გოლისთვის და იმისთვის, რომ მესია.

ტურის მსხვერპლნი

ჯონათან დე გუზმანი (მალიორკა): "ბარსასთან" მატჩში ბარძაყის კუნთი დაიშავა.

რუბენ პერესი (დეპორტივო): "რეალთან" ტერფი დაიზიანა.

ფელიპე კაისედო (ლევანტე): "ოსასუნასთან" მატჩში მარჯვენა მუხლი დაიზიანა.

ხავი მარკესი (ესპანიოლი): "რეალ სოსიედადთან" მატჩში დაშავდა.

ტურის სტატისტიკა

26 გოლი (2,6 მატჩში), 52 გაფრთხილება, 3 გაძევება

ყველაზე მეტი მაყურებელი: ვისენტე კალდერონი, 48 000

ყველაზე ცოტა მაყურებელი: სიუტატ დე ვალენსია, 11 700

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - რეალი

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - ატლეტიკო

ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - დეპორტივო

ყველაზე მეტი კუთხური: 10 - რეალი

ყველაზე დიდი ბურთის ფლობის %: 74 - ბარსელონა

ლა ლიგის TOP-10 "დონ ბალონის" შეფასებებით

1. მესი ბარსელონა 170 7,73

2. ინიესტა ბარსელონა 181 7,24

3. როსი ვილიარეალი 166 7,22

4. რონალდო რეალი 179 7,16

5. ბ. ვალერო ვილიარეალი 164 7,13

6. კასორლა ვილიარეალი 169 7,04

7. დ. ალვეში ალმერია 176 7,04

8. ვილია ბარსელონა 162 6,75

9. არანსუბია დეპორტივო 128 6,74

10. პედრო ბარსელონა 167 6,68

სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
"ბავშვობა ყინულზე, ახლა – პოემა ასფალტზე: ფერსტაპენის გენიალური სეზონი და მეხუთე ჩემპიონობის მოლოდინში...
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
"სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები" - ლიონელ მესი
"ლივერპულს" ტრანსფერი პირადად ჩაუშალა, ახლა კი იქ მწვრთნელად მიდის? - სლოტის შემცვლელად გლასნერი განიხილება
"ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა!" - დვალიშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს