20 წლის ქართველი ჩოგბურთელი არიზონის უნივერსიტეტის მესამეკურსელია და ჩოგბურთში ოსტატობასაც იქვე იმაღლებს
ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი შოთა მეფარიძე არიზონის უნივერსიტეტის მესამეკურსელია და ჩოგბურთში ოსტატობასაც იქვე იმაღლებს. სანამ ოკეანის გაღმა სასწავლებლად გაემგზავრებოდა, არაერთ ტურნირში მან წარმატებით ითამაშა და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ასპარეზობაც მოასწრო.

20 წლის სპორტსმენი საშობაო-საახალწლო არდადეგებზე იმყოფება თბილისში. იგი თავად მოგითხრობთ ჭაბუკობის წლებსა და სამომავლო გეგმებზე.

- აპრილში ოცი წელი შემისრულდა, - გვითხრა შოთამ. - ჩოგბურთის თამაში ხუთი წლისამ დავიწყე, რითაც ოჯახური ტრადიცია გავაგრძელე - დეიდა ეკა თოხაძე და ბაბუა გურამ თოხაძე თავის დროზე ტიტულიანი ჩოგბურთელები იყვნენ და უცხოეთში წასვლამდე ისინი მავარჯიშებდნენ.

- პირველ გამარჯვებას როდის გაუსინჯეთ გემო?

- 2005 წელს ცხრა წლისამ ბაბუას სახელობის ტურნირი მოვიგე. 12-წლამდელთა შორის გერმანიაში BMW-ს ტურნირში გავიმარჯვე - ფინალში სერბ პიტერ კრალჯიჩს ვაჯობე. 2010 წელს ერთეულებში რენას და დათოს საერთაშორისო ტურნირში მივაღწიე წარმატებას, ხოლო წყვილებში ხუთ შეჯიბრებაში დავიკავე პირველი ადგილი, უმეტესობა ალექსანდრე ბაკშისთან ერთად, რომელიც ახლა ამერიკაში, ტეხასის შტატში სწავლობს.

ორჯერ საქართველოს პირველობა მოვიგე: 16-წლიანთა ფინალში გიორგი დათაშვილს ვძლიე, ხოლო 18-წლამდელთა გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი ჯავახიშვილს ვაჯობე. 16 წლისამ ოთხ საერთაშორისო ტურნირში დავიმსახურე მთავარი პრიზები. ჩემთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წელი: ჯერ სომხეთსა და ყაზახეთში 18-წლამდელთა ტურნირებში გავიმარჯვე, ვენის საერთაშორისო ტურნირის სტარტზე რუს ბორის პოკატილოს ვძლიე სამ სეტში, მერე კიდევ სამი ორთაბრძოლა მოვიგე და 128 მონაწილეს შორის რვა საუკეთესოში მოვხვდი.

შვეიცარიაში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში ვიასპარეზე, მაგრამ მხოლოდ ორი წრე გავიარე.

- სამაგიეროდ, წლის შედეგებით 18-წლამდელთა რეიტინგის პირველ ასეულში მოხვდით და 2014 წელს ამ ასაკში უიმბლდონის ტურნირზეც მიგიწვიეს...

- დიახ, ლონდონში ჩავედი კიდეც, მაგრამ არ მითამაშია.

- რატომ?

- ვენისა და შვეიცარიის ტურნირებში ჩემი თამაში ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩოგბურთის მწვრთნელ ჯონ ჩოუბოის უნახავს. მისი რეკომენდაციით უნივერსიტეტში ჩავირიცხე. იქაური წესებით კი, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს სწავლების პერიოდში მხოლოდ ამერიკის უნივერსიადებში შეუძლია ასპარეზობა, პროფესიონალთა ტურნირებში არდადეგებისას თუ ითამაშებს. ამიტომ ლონდონში მყოფს შემატყობინეს, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება თუ გსურს, უიმბლდონის კორტებს არ გაეკაროო.

უმაღლესის დატოვებას, ძალიან კი გამიჭირდა, მაგრამ უიმბლდონის დათმობა ვარჩიე, თუმცა მაშინვე ჩემს თავს ვუთხარი, აუცილებლად დავბრუნდებოდი ინგლისში და უიმბლდონის ტურნირში, ოღონდ - პროფესიონალებში, აუცილებლად ჩავებმებოდი. როდის? ცხადია, უნივერსიტეტის შემდეგ. უმაღლესს კი 22 წლისა დავამთავრებ.

- კაროლინაში სწავლობდით, არიზონაში რატომ გადახვედით?

- ორი წელიწადი ვითამაშე ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ნაკრებში, რომელიც მთელ ამერიკაში 500 გუნდს შორის საუკეთესო ოცეულში იყო. რაც იქ ვიყავი, 21 შეხვედრა ერთეულებში, 17 კი წყვილებში მოვიგე. უნივერსიტეტის გამოცვლა რომ გადავწყვიტე, წლეულს, ზაფხულში რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლისგან მივიღე მიწვევა.

არიზონის უნივერსიტეტის ჩოგბურთის მწვრთნელი, იუნიორებში მსოფლიოს ექსჩემპიონი ქლენსი შილდსი დამიკავშირდა - ჩვენთან გადმოდიო სასწავლებლად. ჯონ ჩოუბოიმაც იქ წასვლა მირჩია, ჩოგბურთის უკეთესი პროგრამა აქვთო.

ახალი სასწავლებლის სახელით შვიდიდან ხუთი შეხვედრა მოვიგე. ოთხი თვეა იქ ვარ და წინსვლას აშკარად ვგრძნობ.

- გაისად, თებერვალში საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები დევისის თასზე ითამაშებს. გუნდში ვაკანტურ ადგილებზე მოსახვედრად საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ შესარჩევი ტურნირი ჩაატარა. მასში მონაწილეობის სურვილი არ გაგჩენიათ?

- საქართველოს ნაკრებში თამაში ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. 2013 წელს მქონდა ბედნიერება, დევისის თასზე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ მეთამაშა - წყვილებში მე და გიორგი ცივაძე 4:1-ს ვიგებდით, მეტოქემ ასპარეზობა რომ შეწყვიტა.

წლეულს, ზაფხულში თელავის საერთაშორისო ტურნირში გამოვდიოდი და პროფესიული რეიტინგისთვის ერთი ქულა მოვიპოვე. საქართველოს ნაკრებში გამოსვლის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ, როგორც გითხარით, უნივერსიტეტი მიკრძალავს პროფესიულ შეჯიბრებებში გამოსვლას.

ორ წელიწადში, უმაღლესის დამთავრების შემდეგ გზა ხსნილი მექნება და დიდი ხნის ოცნებასაც ავისრულებ - უიმბლდონის ტურნირზე მოსახვედრად არაფერს დავიშურებ.

ეკა თოხაძე:

- მწვრთნელობა ახალი დაწყებული მქონდა, შოთას რომ ვამეცადინებდი. ორივეს მამაჩემი - გურამ თოხაძე გვაკვალიანებდა. დღეს შოთა უკვე გამოცდილი, პროფესიონალი ჩოგბურთელია, ძალიან შრომისმოყვარეა. თბილისში რომ ჩამოდის, დღეს არ კარგავს უქმად.

ამ დღეებშიც ერთად ვვარჯიშობთ. ვატყობ, რომ ძალიან არგო ახალ უნივერსიტეტში გადასვლამ. ბოლო ოთხ თვეში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საგრძნობლად აიმაღლა ოსტატობა. მჯერა, რომ საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრებს კარგი ცვლა ეზრდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jumber
რა წარმატებებზეა საუბარი,მისი ასაკის ჩოგბურთელები პირველ ასეულში არიან,შოთა კი სამწუხაროდ ათასეულშიც კი არ შედის.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"შავი ლომი" | "ბენეტონთან" ტრევიზოში
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ქართველი ჩოგბურთელები: ალექსანდრე მეტრეველი ესენის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა იზმირის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: თელავის ტურნირს ცივაძე, მეფარიძე და ბაკში შემორჩნენ
ალექსანდრე მეტრეველი: წყვილები ჩვენი სუსტი წერტილია
ალექსანდრე მეტრეველი: ბოლომდე მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით
ქართველი ჩოგბურთელები: მეტრეველი ესენის ტურნირის 1/4-ფინალში უბრძოლველად გავიდა