"აპრილში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ქომაგები გავახარო"
2016 წლის მიწურულს თბილისმა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის - კახი კახიაშვილის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრებაში საქართველოს ათლეტებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სინკლერის სისტემით გამართულ შეჯიბრებაში ქალთა შორის მთავარი პრიზი 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თათია ლორთქიფანიძემ მოიპოვა. ერთი თვით ადრე კი თათიამ ეილათში (ისრაელი) 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე აკვრაში მე-4 ადგილი დაიკავა - რომ არა გაცუდებული მესამე ცდა, ბრინჯაოს მედალი მისი იქნებოდა.

- ბავშვობისას მოხეტიალე სპორტსმენი ვიყავი, - გვითხრა თათიამ. - მშობლებმა ჯერ ცურვაზე მიმიყვანეს "ლაგუნა ვერეზე". ხშირად ვხედავდი, გვერდით აუზში ჩემი თანატოლები ტრამპლინსა და კოშკურიდან ნემსებივით რომ ეშვებოდნენ წყალში. მეც წყალხტომაზე გადავინაცვლე. მამა-შვილ ალექსანდრე და ირაკლი ბართაიების ხელმძღვანელობით ორი წელიწადი ვივარჯიშე. საერთაშორისო ტურნირებშიც მოვსინჯე ძალები: ერთმეტრიანი ტრამპლინიდან მეორე, ხუთმეტრიანი კოშკურიდან კი არაერთხელ დავიკავე მესამე ადგილი.

ჩემი და ფარიკაობაზე დადიოდა. ერთ დღეს მეც გავყევი დარბაზში. მწვრთნელმა ლაშა სულამანიძემ საფარიკაო ბილიკზე გამიყვანა. მომეწონა ხმალაობა და წყალხტომა მივატოვე.

ფიზიკური დატვირთვებისთვის ძალოსნობის დარბაზში დავდიოდი, სადაც მწვრთნელი გელა მახარაშვილი გავიცანი. პატარებს ავარჯიშებდა. ერთ დღეს მითხრა, აბა, ამ შტანგას თუ მოერევიო. არ ვიცოდი, რამდენი კილო იყო, თურმე 35 კილოგრამი ყოფილა. ცხადია, ეს წონა ახლა სასაცილოა, მაგრამ მაშინ ჩემთვის დიდი გამოცდა იყო. იოლად რომ დავძლიე, ბატონმა გელამ შემომთავაზა, შტანგაზე იარეო. მე ვუთხარი, ეს ქალის საქმე არ არის-მეთქი. მერე, რატომღაც, თავად მომინდა შტანგასთან გაჯიბრება და ძალოსნობის დარბაზს გავუშინაურდი.

ორი თვის შემდეგ ბიჭებს გავეჯიბრე თბილისის ღია პირველობაზე: 45 კილო ავიტაცე და 59 კილო ავკარი. ცხადია, მეტოქეებმა მეტი ასწიეს და მაჯობეს. საკუთარ თავზე გავბრაზდი, მათ თუ შეუძლიათ, მე ხელს რა მიშლის-მეთქი. მონდომებით დავიწყე ვარჯიში. უკვე მომდევნო შეჯიბრებაზე ჩემი შედეგები ატაცში 60 და აკვრაში 77 კილომდე გავზარდე. ეს იყო შარშანწინ.

- ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი შეჯიბრება იყო?

- 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატი დუშეთში, სადაც 70 კილო ავიტაცე და 90 კილო ავკარი, რითაც აპრილში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოვიპოვე. ამ შეჯიბრებას თბილისმა უმასპინძლა. B ჯგუფში მოვხვდი. საბოლოოდ ორჭიდში 168 კილოგრამით (74+94) საუკეთესო ათეულში მოვხვდი, რაც დებიუტისთვის ურიგო არ ყოფილა.

- სამაგიეროდ, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ხომ გააუმჯობესეთ შედეგი...

- დიახ, 2015 წელს კლაიპედაში 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე 177 კილოთი (79+98) მეხუთე ადგილი დავიკავე, მაგრამ საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული და რასაც ველოდი, ის შედეგი ვერ ვაჩვენე.

იმედები გამიცრუვდა ამერიკულ ჰიუსტონში მსოფლიოს ჩემპიონატზეც, სადაც ატაცსა და აკვრაში მხოლოდ თითო ცდა გამოვიყენე. ტრავმას ხელი რომ არ შეეშალა, ალბათ, უკეთ გამოვიდოდი. სამაგიეროდ, ლაშა ტალახაძემ იყოჩაღა და გვასახელა: მართალია, მსოფლიოზე მეორე იყო, მაგრამ რუსი ალექსეი ლოვჩევი დოპინგზე ჩავარდა და ლაშას სამართლიანად გადაეცა ოქროს მედალი. დღეს ის რომ მსოფლიოში უძლიერესია, ეს რიოს ოლიმპიადაზეც დაამტკიცა. არადა, ჯერ მხოლოდ 23 წლისაა.

2015 წლის დეკემბერში ბაქომ მსოფლიოს თასს უმასპინძლა. იქ კარგად ვიასპარეზე - 78 კილო ავიტაცე, 98 კილო ავკარი და 176 კილოთი მთავარი პრიზი მოვიპოვე.

- შარშანდელი წელი რით იყო მნიშვნელოვანი?

- საქართველოს ჩემპიონატში ორჭიდის ჯამში 200 კილოგრამი მოვაგროვე (90+110), ორი კვირის შემდეგ კი ეილათში 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე გავედი. სამწუხაროდ, იქ ექვსიდან მხოლოდ ორი ცდა გამოდგა შედეგიანი. პირველი მისვლისას 84 კილო ავიტაცე, მაგრამ 88-კილოიანი შტანგა ვერ დავიმორჩილე. აკვრაში 103 კილოს მოვერიე, 109-ს კი - ვერა, არადა, ვარჯიშებზე, ვინ იცის, უფრო მეტი წონაც რამდენჯერ დამიძლევია. თუმცა მესამე ცდაზე 109 კილო ავკარი, მაგრამ მსაჯებმა არ ჩამითვალეს. ეს უიღბლობა რომ არა, მესამე ადგილზე გავიდოდი და ბრინჯაოს მედალს მოვიპოვებდი. საბოლოოდ ორჭიდში მე-6 ვიყავი. გული დამწყდა.

წლის ფინიში მაინც წარმატებული გამოდგა: კახი კახიაშვილის საერთაშორისო ტურნირზე ორჭიდში 188 კილო მოვაგროვე (81+107) და სინკლერის სისტემით პირველი ადგილი დავიკავე, მეორე-მესამე ადგილები თურქ და სომეხ სპორტსმენებს ერგოთ.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?

- ცხადია, ინტენსიურად ვივარჯიშებ და მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის მოვემზადები. აპრილში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ქომაგები გავახარო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
მსხალაძის ოქრო აკვრაში და გოგოხიას ბრინჯაო ატაცში
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] სეზონის მშვენება მატჩი. კვარაცხელიას დუბლი - პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
და დაიწყება თავდავიწყება - მოურინიო "რეალში" ბრუნდება
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
ევროპა თბილისში - ორი-სამი მედლისთვის ბრძოლა შეგვიძლია!
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა