სანდრო კობახიძე: ბუბა დაუშვილს იმიტომ არ ვაქებ, რადგან ჩემი მეგობარია

AutoSharing Option
30 სექტემბერს, უკრაინის უმაღლესი ლიგის X ტურში ლვოვის "კარპატი" საკუთარ მოედანზე კიევის "არსენალს" დაუპირისპირდა. ამ მატჩში მასპინძელთა რიგებში ბუბა დაუშვილმა ითამაშა, საპირისპირო მხარეს კი ალექსანდრე კობახიძე ირჯებოდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა საკლუბო დონეზე დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა, ლვოვური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა კი, რომელსაც მოედანზე ქართველთა დუელი არ გამოპარვია, მატჩის შემდეგ სანდროსთან ინტერვიუ ჩაწერა.

- "არსენალის" მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საყაიმო შედეგით უკმაყოფილო დარჩა. შენ რას იტყვი ამასთან დაკავშირებით?
- შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, ჩვენ მართლაც გვქონდა ძალიან რეალური მომენტები,
რომ დღეს გამარჯვება გვეზეიმა. ვფიქრობ, სწორედ ამას გულისხმობდა ლეონიდ სტანისლავოვიჩი.

მეორე მხრივ, ვერც იმას ვიტყოდი, რომ მომენტები "კარპატის" არ ჰქონია. უბრალოდ, გოლის გატანის კარგი შანსი ჩვენ მეტჯერ მოგვეცა. სამწუხაროდ, ჩვენც და მასპინძლებმაც მომენტებით მხოლოდ თითოჯერ ვისარგებლეთ და შედეგადაც ფრე მივიღეთ.

მთლიანობაში კი, საინტერესო თამაში გამოვიდა და ვფიქრობ, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩებოდა. მოგება ორივე გუნდს სურდა, მაგრამ სასურველ გამარჯვებას ვერც ერთმა მიაღწია.

- მომენტები შესვენების შემდეგ უფრო მეტი გქონდათ, თუმცა უპირატესობას უფრო პირველ ტაიმში ფლობდით, მეორეში კი, პრაქტიკულად, თანაბარი თამაში წარიმართა. რატომ მოხდა ასე?
- ძნელი ასახსნელია. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ფეხბურთია და მასში ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოედანზე არა ერთი, არამედ ორი გუნდია და თითოეული ცდილობს, არა მხოლოდ თავად ითამაშოს კარგად, არამედ ხელი შეუშალოს მეტოქესაც.

მეორე ტაიმის მსვლელობაზე ის ფაქტიც აისახა, რომ "კარპატიმ" შესვენების დასრულებისთანავე გაათანაბრა. ვაღიარებ, რომ ეს მოულოდნელი იყო ჩვენთვის.

- "კარპატიმ" სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა. შენმა თანაგუნდელებმა წამიერად კონცენტრაცია დაკარგეს?
- ალბათ, კი. ვფიქრობ, შესვენების შემდეგ ჩვენ დროულად ვერ ჩავერთეთ თამაშში სათანადოდ. "კარპატიმ" ხომ მეორე ტაიმში თავისი პირველივე შეტევა გოლად აქცია.

- შეაფასე ბუბა დაუშვილის თამაში, რომელიც საქართველოს ნაკრებში შენი თანაგუნდელია...
- დაუშვილი მართლა ძალიან კარგი მოთამაშეა და ამას სულაც არ ვამბობ იმის გამო, რომ ის ჩემი მეგობარი და ნაკრებში თანაგუნდელია. ეს მართლა ასეა.

დღეს ის მოედნის ცენტრში კარგად მოქმედებდა, ბევრს შრომობდა ართმევისას. ის კოლექტიური მოთამაშეა. შემთხვევით არ იყო, რომ პირველ ტაიმში მომენტები ნაკლებად გვქონდა.

შესვენების შემდეგ კი ის შეცვალეს. როგორც ჩანს, ეს ტაქტიკური ცვლილება იყო. შესაძლოა, "კარპატის" მწვრთნელს გუნდის სათამაშო სურათში რაღაცის შეცვლა სურდა. გუნდი აგებდა და შეტევაზე მეტად ზრუნვა იყო საჭირო. დაუშვილი კი უფრო დაცვითი სტილის მოთამაშეა.

- როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების პერსპექტივას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?
- ჩვენ მძიმე ჯგუფი შეგვხვდა. მეტოქეთა შორის ესპანეთი და საფრანგეთი გვყავს და შესაბამისად, ყველა კარგად ხვდება, რომ ჯგუფიდან გასვლა - ეს ჩვენთვის ზეამოცანაა.

თუმცა, ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია - მნიშვნელობა არ აქვს, მეტოქედ ვინ გვეყოლება. ყველასთან ვიომებთ და ყველაფერს ვიღონებთ, რათა ქულები მოვიპოვოთ...

- არადა, ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს ესპანეთთან პირველსავე მატჩში იყავით...
- საქართველოს ნაკრებმა მართლა ძალიან კარგად ითამაშა. რა თქმა უნდა, ესპანელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა, ჩვენი გუნდიც არ იყო მხოლოდ დაცვაში ჩამჯდარი და რამდენჯერმე დაემუქრა კიდეც მეტოქის კარს.

გატანა მათაც შეეძლოთ და ჩვენც, მაგრამ რაღაც მომენტში არ გაგვიმართლა და თამაშის ბოლოს გავუშვით. ძალიან დასანანია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული