საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

გია კაზანჯიანის გუნდმა ჯგუფიდან გამსვლელი მეორე ადგილი ბოსნიასთან პირად შეხვედრაში წაგების გამო დათმო; არადა, ქულები თანაბარი დაუგროვდათ.

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 2 შეხვედრა მოიგო და ამდენივე წააგო. გადამწყვეტი მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რომელშიც ქართველებმა მონტენეგროს ნაკრებთან 48:73 წააგეს.

მონტენეგროელებმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს და როგორც ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განაცხადა, დიდი შანსია, მონტენეგრომ B დივიზიონი მოიგოს.

ქართველებმა ექსიუგოსლავიელებს წინააღმდეგობა პირველ
ტაიმში გაუწიეს. საწყისი ათწუთეული ფრედ, 21:21 დასრულდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის მონტენეგრომ 7-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. ქართველებმა მესამე მეოთხედში ვერაფერი გააწყვეს ზუსტად მოთამაშე მეტოქესთან და ყველაფერი გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე გადაწყდა - მონტენეგრო 55:33 დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი სოსო მაჭავარიანს (11 ქულა) ჰქონდა. დიმა ბობილების ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. რაც შეეხებათ მონტენეგროელებს, 10-ქულიანი ზღვარი ერთბაშად 5-მა კალათბურთელმა დაძლია.

ჩვენს ჯგუფში დარჩენილია კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ესტონეთი რუმინეთს ხვდება, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგი არაფერს ცვლის.

ესტონეთი მოგების შემთხვევაში, საქართველოსა და ბოსნიის მსგავსად, 6 ქულას აგროვებს, მაგრამ ამ სამ გუნდს შორის გამართულ მატჩებში ბურთების შეფარდება იმგვარია, რომ ბოსნიას გარანტირებული აქვს მეორე ადგილი.

საქართველოს ნაკრები IX-XVI ადგილებისთვის იბრძოლებს. შეიქმნება ახალი, 8-გუნდიანი ჯგუფი, რომელშიც ჯგუფებში III-IV ადგილებზე გასული გუნდები გაერთიანდებიან. საქართველოს ნაკრების მეტოქეების სრული სია დღის ბოლოს გაირკვევა.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. პირველი ეტაპი. რუმინეთი. ბუქარესტი. 23 ივლისი
საქართველო 48:73 მონტენეგრო
21:21, 14:21, 4:19, 15:18

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტენეგრო 4 4/0 315/224 8
2. ბოსნია 4 2/2 317/294 6
3. საქართველო 4 2/2 214/258 6
4. ესტონეთი 3 1/2 180/224 4
5. რუმინეთი 3 0/3 170/196 3

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
გია კაზანჯიანი: პრესინგისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გავიმარჯვეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული