მშვილდოსნები ანთალიაში იასპარეზებენ

AutoSharing Option
ხვალ, 7 ივნისს ანთალიაში მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მეორე ტურნირი იწყება, რომელშიც 5 ქართველი მიიღებს მონაწილეობას: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულიძე და ტარიელ ქადიძე.

როგორც ვხედავთ, ნაკრების კორეელმა თავკაცმა ან-იონ სეუნმა ვაჟთა შეჯიბრებაში მხოლოდ ერთი მონაწილე წაიყვანა - ქადიძე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი კი არის, მაგრამ კორეელის რჩეულთა შორის პირველად მოხვდა. სეუნი ანთალიაში ახალგაზრდა თეონა კუტალაძის წაყვანასაც ფიქრობდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ასაკშია და უფროსთათვის განკუთვნილ გრძელ დისტანციებზე უჭირს. ამიტომ მწვრთნელმა მის ნაცვლად არჩევანი ვერულიძეზე
შეაჩერა, რომელიც, ქადიძის მსგავსად, მის სიმპათიებს იმსახურებს. ვერულიძეც ნარიმანიძე-დიასამიძის თაობის მშვილდოსანია ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში რომ გამოვიდა ასპარეზზე.

ანთალიაში ხვალ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება და გაირკვევიან პლეი ოფის მონაწილენი გუნდურშიც და პირადშიც. 8-9 ივნისი თავად პლეი ოფებს დაეთმობა პირადში, გუნდურში კი მსგავსი შეჯიბრება 10-ში ჩატარდება, ოღონდ ორივე შემთხვევაში გამოვლინდებიან ფინალური შეხვედრების მონაწილენი. ფინალები პირად პირველობაში 11-ში გაიმართება, გუნდურში - 12-ში და ამით ტურნირიც დამთავრდება.

ამასობაში კორეელმა მწვრთნელმა ივლისში ტურინში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებითაც მიიღო საკადრო გადაწყვეტილებები, რაშიც ფედერაციის აღმასკომიც დაეთანხმა. მისი გადაწყვეტილებით, იტალიაში მხოლოდ ქალთა ნაკრები იასპარეზებს, ვაჟთა შედეგები კი ჯერჯერობით არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. მწვრთნელმა ტურინში წამსვლელი ქალთა სამეულიც დაასახელა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა საბოლოო და არაა გამორიცხული, რამე კორექტივი კიდევ შეიტანოს (ოღონდ ეს ნაკლებად მოსალოდნელია), ჯერჯერობით კი კანდიდატი კვლავაც ძველი სამეულია - ნარიმანიძე, ესებუა, დიასამიძე. კორეელმაც და ფედერაციამაც ზემოაღნიშნულ გამგეობაზე ერთი საყურადღებო და ფრიად კომპრომისული გადაწყვეტილებაც მიიღეს - ტურინში სეუნს ნაკრების ძველი თავკაცი თამაზ ფუტკარაძეც დაეხმარება. დაგვეთანხმებით, უცხოეკლის მხრიდან ფრიად გონივრული გადაწყვეტილებაა, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ვერ შეხვდებით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, ოღონდ, ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად მთავარია არა პირადი, არამედ გუნდური პირველობა. გუნდურში საუკეთესო 8 გუნდის უკლებლივ ყველა - სამივე წევრი მიიღებს საგზურს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთს, როგორც მასპინძელს, ლიცენზია ავტომატურად ეძლევა და საქმე ცოტა აირევა, მსოფლიოზე ამ ოქტეტში ისინიც თუ მოხვდებიან (რაც სავსებით რეალურია). მაშინ IX-XVI ადგილებზე გასული გუნდები დამატებით იასპარეზებენ, მათ შორის გამარჯვებული კი ასევე შეუერთდება ლიცენზირებულებს. პირად პირველობაში სამივე მონაწილის მიერ ნაჩვენები ქულები იკრიბება და ასე ჯამდება გუნდურის შედეგები. პლეი ოფში 16 ნაკრები გადის და საგზურების მოსაპოვებლად საჭიროა, ერთი წრე მაინც გაიარონ. იმედია, ასეც მოხდება.

დასასრულს, კიდევ ერთი სიახლე - მაისისი ბოლოს მშვილდოსნობის საერთაშორისო და ევროპულმა ფედერაციებმა ახალი რეიტინგები გამოაქვეყნეს, სადაც თვალსაჩინოა ჩვენი ქალთა ნაკრების წარმატება - საერთაშორისო მეექვსე ადგილზე არიან, ევროპულში - მეორეზე. საერთაშორისოში ჩვენები სამხრეთ კორეას, ჩინეთს, რუსეთს, ინდოეთს და იაპონიას ჩამორჩებიან. ამ ხუთეულში ევროპიდან მხოლოდ რუსეთია და სავსებით ლოგიკურია ევროპული ფედერაციის რეიტინგში დაფიქსირებული შედეგები - ლიდერი რუსეთია, ჩვენები კი მეორეზე არიან. პირად პირველობაში ჩვენგან საუკეთესო რეიტინგი ესებუას აქვს - მსოფლიოში 32-ეა, ევროპაში - 27-ე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული