ერთი წლის წინ - ხვიჩამ დაჩაგრულ სამხრეთში დიდება დააბრუნა - მთავარი ჩემპიონის სულის შენარჩუნებაა!..

AutoSharing Option
2023-24 წლების სეზონი სრულდება. ტრიუმფის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" კარგი დროება არ უდგათ, რის მიზეზებსაც მუდმივად განვიხილავთ. Sportall.ge კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმ დღეს, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 33 წლის შემდეგ ოფიციალურად რომ გაიფორმა. ერთი წლის წინ, 2023 წლის 8 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ, პარალელების გავლებასა და დასკვნების გამოტანას კი თავად შეძლებთ...

"ნაპოლიმ" ბოლო დროის საშინაო ნავსი გატეხა, "დიეგო მარადონაზე" გაიმარჯვა (1:0 "ფიორენტინასთან") და საჩემპიონო ზეიმი სრულყოფილი გახადა. შეხვედრამ ბევრი კუთხით სიახლე არ მოგვცა, ძირითად და სათადარიგო შემადგენლობას შორის
კვლავ დიდია სხვაობა. ხანდახან აუხსნელი რჩება, მაგალითად, წინა წლებში როგორ იყო გუნდის "ძრავა" დიეგო დემე და სტანისლავ ლობოტკა სასტარტოშიც ვერ ხვდებოდა...

მთავარი სიახლე ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდებოდა. ბოლო დროს მის შედეგიან გამოსვლას ვერ ვხედავდით და მაშინვე დაიწყო საუბრები, რომ "კვარას" "გასაღები მოუძებნეს" და მასირებული დაცვის პირობებში, მისი შეჩერება შესაძლებელია. ხვიჩამ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, თუ რა დაინახეს მასში განსაკუთრებული, რის გამოც "კვარადონაც" გახდა და "კვარავაჯოც"...

მაშინ ცოტათი უკან დავბრუნდეთ და ავხსნათ, რითი იყო გამოწვეული ეს ერთგვარი კრიზისი. არაერთხელ მივუთითეთ, რომ მთელი სეზონის ერთი ამოსუნთქვით ჩატარება რთულია. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ კვარაცხელიას გადამწყვეტ მატჩებში თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა - დააკლდა "ერთა ლიგის" ფინალს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ყაზანის "რუბინი" კი ევროტურნირებს ადრეულ ეტაპზე ემშვიდობებოდა. აქვე შეგვიძლია ლუჩანო სპალეტიზეც ვთქვათ. მას კარგად უნდა გაეაზრებინა, "აინტრახტთან" ვერგამოყენებული პენალტი ქართველი გარემარბის ხასიათზე როგორ ნეგატიურად აისახა (თერთმეტმეტრიანების ვერრეალიზება გუნდის დიდი პრობლემაა, კვლავ გამოჩნდა). ისევ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში და უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე, "მილანის" წინააღმდეგ, "კვარას" ფსიქოლოგიური გადატვირთვისგან მაქსიმალური თავის არიდება უნდა მომხდარიყო. იმაზეც დავწერეთ, 77-ე ნომრის კონტრშეტევაზე გამოყენება და ოსიმენის არყოფნაში განსხვავებული ტაქტიკური სქემის გამოყენება შეიძლებოდა. გამოვიდა, რომ მილანელთა მთავარი ინტერესი მხოლოდ ქართველის განეიტრალება იყო, რაც ასეთ დროს უფრო მარტივია.

Sportall.Ge

მაინც რა ვნახეთ "ფიორენტინასთან"? - ხვიჩას ცოტათი დასვენებაც მოუხდა და აუდიტორიის წინაშე ჟინითაც შემოვიდა. ამის შემდეგ ჩვენებურისგან არაორდინარული გადაწყვეტილებები ვიხილეთ, რაც მისთვის ასე ჩვეულებრივია და გულშემატკივრებსაც მსგავს დამოკიდებულებას აჩვევს. ლეო მესის გენია ხომ სადღაც უკვე პრიმიტიულად აღიქმებოდა, რადგან თვალები ამას ძალიან ხშირად ხედავდა. ხვიჩა ძლიერი ინდივიდუალისტია, შეუძლია აფეთქდეს და მოწინააღმდეგეებისგან არაფერი დატოვოს, თუმცა გენიალური თავისი პასის კულტურითაცაა. ეს მასში ისე ორგანულადაა შეჭრილი და იმდენადაა გათავისებული, იცის, მისი ერთ-ერთი მთავარი საქმე და დანიშნულებაა.

გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა "კვარამ" პენალტი მოიპოვა. პირველად არ გვინახავს, რომ ხვიჩა დიაგონალურ და გრძელ პასს ფეხზე ოსტატურად იწებებს, თითქოს ბურთი მინდორზე იქვე გაუგორეს. ამ დროს ის არ კარგავს არც დროს, არც სისწრაფეს და მეტოქეები გადაწყობას ვერ ასწრებენ. ამის შემდეგ რაც ვნახეთ, ამას ვერავინ ვერასდროს ვერ ისწავლის, შინაგანად უნდა გაგაჩნდეს - როგორ აუარო მეტოქეებს გვერდი ისე, თითქოს საქმე სავარჯიშო კონუსებთან გქონდეს და მათ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, წესების დარღვევით შეგაჩერონ!..

ყველაფერი მართლაც იქით მიდის, ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო უნდა გახდეს. ამას ძალიან ველით. ყველაფერი ეს პასუხისმგებლობას გაზრდის, მაგრამ ხვიჩა ის არაა, "პატიჟისგან ეშინოდეს"; იცის, პატივი უფრო მეტის საჭიროებას რომ გაუჩენს...

Sportall.Ge

ერთიცაა, "კვარადონა" თავმდაბლობას ინარჩუნებს და მისი ზოგიერთი თანაგუნდელივით ამპარტავნებას არ მოუცავს. კარგი არც ოსიმენის გოლის აღნიშვნის ჟესტი იყო (ფოტოს შეგნებულად არ გთავაზობთ), არც სიმეონეს ეგოიზმი და არც ის, კიმ მინ ჯე მატჩის ბოლოს საკუთარ თავს რომ არ ჰგავდა და უფრო საფინალო სასტვენის მოლოდინში იყო. ყველაფერი დიდების გაფორმებით არ მთავრდება, არც მომავალში უფრო სახელოვანი კლუბის მაისურის მორგებით, მთავარი ამ სულისკვეთებისა და ჩემპიონის სულის შენარჩუნებაა.

კვარაცხელიას არ იცნობდნენ და გასულ ზაფხულს დარტყმასთან დაკავშირებით მარტივი შეკითხვა დაუსვეს. პასუხიც შესაბამისი იყო - "დიახ" - ხვიჩამ ეს წელი შექმნა და დიდება ნაკლებად პრესტიჟულ, უფრო ღარიბ და ცოტათი დაჩაგრულ სამხრეთში დააბრუნა!..

altხვიჩამ ყველაფერი შეცვალა - "ნაპოლიმ" "ფიორენტინა" დაამარცხა [VIDEO]

alt"ფიორენტინასთან" ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და მასთან ერთად, რომელსაც იტალიელმა ჟურნალისტმა მხატვარი უწოდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ღვთისავარ სოსოს დავეთანხმები რომ კარგია ადრინდელ ანალიტიკურ სტატიებს რომ დრო და დრო ისევ აქვეყნებ შენთვისაც და ჩვენთვისაც რადგან ცხადი ხდება რა ახდა იქიდან და რა არა. ფაქტია რომ რასაც წერდი დრომ გაამართლა დრო კი, ანუ პრაქტიკა, თეორიის ყველაზე უტყუარი მსაჯულია. ვინც რის ხოშზეა ის შეუძლია თქვას--კაციაო და გუნებაო, ნათქვამია ამიტომ ყველაზე კარგად თეორია სტატისტიკით მოწმდება--სერია ა-ს სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთანმაშის საშუალეო მაჩვენებლით ხვიჩა მხოლოდ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება და ტურიდან ტურამდე ამცირებდა ჩამორჩ ადრეც მითქვამს და ეხლაც ვამბობ თუ სპორტული იღბალი მისკენ იქნება, ეს სხვადასხვა რამისგან შედგება რაც მხოლოდ სპორტსმენზე არ არის დამოკიდებუი, ხვიჩა ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს, და შეუერთდება ქართული ფეხბურთის ოლიმპზე პაიჭაძეს, მესხს და ყიფიანს.
გიორგი
15:58 09-05-2024
0
კარგია,რომ ეს სტატია,განმეორებით გამოაქვეყნეთ.ღვთისავარ ანთაძემ,მაშინაც კარგად ახსნა და ეს ახსნა,ახლაც აქტუალურია.ვისაც არ სჯერა,ყურადღებით წაიკითხოს და ბევრ რამეს,გააცნობიერებს.შეიძლება ითქვას,რომ მისმა ანალიზმა,დროს გაუძლო და დროის გადასახედიდან,კიდევ უფრო მეადვილება,მისი შექება.ის უკვე კარგი ჟურნალისტ-ანალიტიკოსია.ღვთისავარმა გაბედა და გამოუვიდა.საიტის სხვა ჟურნალისტებსაც მოვუწოდებ,უცხოელების,საკმაოდ ხშირად არაკვალიფიციური სტატიების გადმოთარგმნას,საკუთარი ნააზრევი გაგვიზიარეთ.თუ კარგს გადააწყდებით,რა თქმა უნდა ისიც უნდა გადმობეჭდოთ,მაგრამ სხვისი სისულელების კითხვას,ისევ თქვენი,თუნდაც სუსტი,მაგრამ გულშემატკივრის პოზიციიდან დაწერილი ს წაკითხვა მირჩევნია.თანდათან თქვენც დაიხვეწებით,ბიჭებო.გაბედეთ!რას ჰკარგავთ?!მგონი არც სხვა მკითხველები იქნებიან სხვა აზრზე.
სოსო
20:37 25-12-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული