ქართველ ქალებს ფავორიტებში ასახელებენ

AutoSharing Option
ტურინში დღეს, 4 ივლისს იწყება და 10 ივლისამდე გასტანს მსოფლიოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, სადაც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება.

იტალიაში მხოლოდ სამი ქართველი იასპარეზებს, სამივე ქალთა ნაკრების შემადგენლობაში: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე. კორეელმა მთავარმა მწვრთნელმა ან ჰიუნ სანმა არც ბიჭები წაიყვანა მეტისმეტად დაბალი შედეგების გამო და არც ქალთა გუნდის ტრადიციული სამეული შეცვალა. სამაგიეროდ, მას ტურინში ნაკრების ძველი თავკაცი თამაზ ფუტკარაძე დაეხმარება, რაც, ვფიქრობთ, გონივრული და მისაბაძი მაგალითია.

დღეს ქალთა შორის საკვალიფიკაციო ინდივიდუალურ პირველობაში გამოვლინდებიან პლეი ოფის მონაწილეები როგორც
პირად, ასევე გუნდურ ასპარეზობაში. დღის ბოლოს უკვე გავიგებთ, ვის შეხვდებიან ჩვენები გუნდური პირველობის საწყის რაუნდში, ანუ ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების რა შანსი გვექნება. ხვალ საკვალიფიკაციო შეჯიბრება უკვე კაცებში ჩატარდება, ზეგიდან კი გამოვლინდებიან ნაკრებები, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს მიიღებენ.

7-8 ივლისი პირადი პირველობის პლეი ოფებს დეთმობა. 9-ში მედლებისთვის შერეული წყვილები და არაოლიმპიური დისციპლინების წარმომადგენლები ისვრიან, ოლიმპიური დისტანციებზე კი ნახევარფინალური შეხვედრები და მედლებისთვის პაექრობები ჩემპიონატის ბოლო დღეს, 10 ივლისს ჩატარდება.

ჩემპიონატში 90 ქვეყნის 600-მდე მშვილდოსანი გამოვა. გაიცემა 64-დან 35 ოლიმპიური ლიცენზია.

როგორც ყველა დიდ ტურნირს, ამ პირველობასაც წინ უძღვის ერთგვარი პროგნოზები. საერთაშორისო ფედერაციის საიტი ქალთა შორის ფავორიტებად მიიჩნევს კორეელთა მთელ გუნდს: ბო ბაე კი, გიოენგჰეე ჰანი და დესომი იუნგი. აგრეთვე იტალიელ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ნატალია ვალეევას, ინდოელ დეეპიკე კუმარის, პოლონელ იუსტინე მოსპინეკის, უკრაინელ ვიქტორია კოვალს, ფრანგ ევროპის ჩემპიონ ბერენჟერე შუს, რუს მსოფლიოს პრიზიორ ნატალია ერდენიევას და ჩინელ მინგ ჩენს ასახელებს. იგივე წყარო გამოჰყოფს მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსან ია-ტინგ ტანს ტაივანიდან და მექსიკელ მარიანა ავიტიას, რომელმაც 14 წლისამ იასპარეზა პეკინის ოლიმპიადაზე. გუნდებიდან საიტი უპირობო ფავორიტად კორეელთა ახალგაზრდულ გუნდს, ბოლო 4 წლის შედეგებიდან გამომდინარე კი ჩინეთსა და რუსეთს ასევე ახალგაზრდულ გუნდებს ასახელებს.

საქართველო იტალიასთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და სხვებთან ერთად იმათ შორისაა, რომელთა სათვალავიდან ჩამოწერაც არ შეიძლება ანუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეორე რიგის ფავორიტთა შორის გვასახელებენ.

ეს საიტი ჩვენს ნაკრებს საგანგებო ყურადღებასაც უთმობს - თავფურცელზე პატარა წერილია გამოქვეყნებული ქართულ ნაკრებზე და იმის აღნიშვნით იწყება, რომ ოლიმპიური სოლიდარობის ფარგლებში საქართველოს ნაკრებში კორეელი მწვრთნელია მიწვეული, ხოლო სპორტსმენები ოლიმპიურ სტიპენდიებს იღებენ. საერთოდ, კორეელის დანიშვნის შემდეგ ჩვენებისადმი უცხოელთა ინტერესი გაიზარდა - საზღვარგარეთული შეჯიბრებების ფოტოგალერეებში ადრინდელზე უფრო ხშირად გვხდება მისი და ჩვენი სპორტსმენების ფოტოები, ამჯერად კი საერთაშორისო ფედერაციის საიტი ნარიმანიძეს საგანგებო წერილს უძღვნის.

ავტორს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ ნარიმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია და იქვე ახალგაზრდა სპორტსმენებსაც ავარჯიშებს, თავად მსროლელი კი ამბობს, რომ ოლიმპიური სტიპენდია მისთვის ლონდონის თამაშებისთვის მოსამზადებლად დიდი სტიმულია. ის ფინანსური დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და მწვრთნელს. აღნიშნავს, რომ კორეელს საქართველოში "არჩი" შეარქვეს და მისგან ძალიან ბევრს სწავლობს, როგორც სპორტსმენი. ამ წერილს ჩვენი ნაკრების ფოტოც თან ერთვის, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ტურინის ისტორიულ ნაწილში ტარდება, რომელიც ასევე მჭიდრო კავშირშია მთლიანად იტალიის ისტორიასთან. მაგალითად, ფინალები "პიაცა კასტელოზე" გაიმართება ქალაქის ცენტრში, ძველ მოედანზე, საკვალიფიკაციო ეტაპი და პლეი ოფის პირველი ეტაპი კი 18-ე საუკუნის სანადრო ცენტრ "სტუპინიგში", რომელიც ასევე მჭიდრო კავშირშია ბაროკოს ეპოქის სხვა ცნობილ შენობებთან თუ არქიტექტორებთან.

ჩემპიონატი იტალიის რესპუბლიკის გაერთიანების 150 წლისთავს დაემთხვა. ეს რიცხვი თუ სხვა საიუბილეო თარიღები ფრიად აქტუალური გახდა ამ უქმეებზე გამართულ საერთაშორისო ფედერაციის 49-ე კონგრესზე - დაარსებიდან 150 წელიწადი შეუსრულდათ ბრიტანეთისა და გერმანიის მშვილდოსნობის ფედერაციებს, 50 - იტალიისას და 80 - თავად საერთაშორისოს. კონგრესმა სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღო - საერთაშორისო ფედერაციას სახელწოდება შეუცვალა და ამიერიდან ის მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციად იწოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული