მშვილდები კვლავ მოჭიმულია, ნერვებიც...

AutoSharing Option
ტურინში ქართველ მშვილდოსანთა თავგადასავალის დრამა თითქოს მიყუჩდა და მოვლენები ავანსცენიდან კულუარებში ინაცვლებს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე მიმართა მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციას და ახლა მათ პასუხს ელოდება, დაუჭერს თუ არა ის მხარს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთობაში.

მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს - იტალიში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა გუნდური პირველობის პლეი ოფში მასპინძლებს 5 ქულით აჯობა, მაგრამ მეტოქემ შედეგი გააპროტესტა და გადათამაშების უფლება მიიღო, იქ კი დამატებითი მაჩვენებლებით იმარჯვა - იმათ 10-იანი ჰქონდათ. რომ არა პროტესტი, ჩვენი ნაკრები ლონდონის ოლიმპიადის გუნდურ საგზურს მოიპოვებდა
- სამ ლიცენზიას.

მართალია, მოგვიანებით ქრისტინე ესებუა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და ქვეყანას მედალთან ერთად საგზურიც მოუტანა, მაგრამ ეს მაინც ვერ შეედრება სრულ კვოტას და არც ოლიმპიადაზე გუნდურში გამოსვლის უფლებას გვაძლევს. მართალია, სამი ლიცენზიის დაუფლების შანსი ჯერ ისევ გვრჩება, ოღონდ დარჩენილ სალიცენზიო შეჯიბრებებში ეს ძალზე რთული იქნება, თუმცა მთავარი სხვა რამეა - რატომ უნდა დავკარგოთ ის, რაც უკვე განაღდებული გვქონდა! ქართული მხარე თავს დაჩაგრულად მიიჩნევს და სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

ახლა ერთადერთ ხსნად სოკ-ის სამართალი და იქაური არბიტრაჟი ჩანს, რადგან მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის დებულებით, საპროტესტო კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საინტერესოა, რომ ჩვენებს სოკ-ის არბიტრაჟისკენ მიმავალ გზაზე თავად მსოფლიო ფედერაციის შეფებმაც მიუთითეს! ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტომ დილანიც და პრეზიდენტი უგურ ერდენერიც, როგორც უცხოელ მწვრთნელთა უმეტესობა, უსამართლოდ მიიჩნევს საპროტესტო კომისიის გადაწყვეტილებას და ჩვენი არ იყოს, ამას ისინიც იტალიელთა გავლენით ხსნიან, მაგრამ ეს აღიარება-თანაგრძნობა საქმეს ვერ შველის. ერდენერი ჩვენს დელეგაციას ჯერ კიდევ იტალიაშივე შეპირდა, რომ სოკ-ს ისიც მიმართავდა თხოვნით, ეგებ ლიცენზიების განაწილების დადგენილ წესში რაღაც იმგვარი ცვლილება შეიტანონ, სამართლიანობაც აღდგეს და ჩვენ კუთვნილი მივიღოთ, მაგრამ არც მშვილდოსნობისთვის გამოყოფილი 64 ოლიმპიური კვოტა გაიზარდოს. სეოკ-მა ახლა ამიტომ მიმართა მას თხოვნით, თუმცა ის რომც არ დაეხმაროს, თავად მაინც აპირებს მოქმედებას.

ვიდრე ამ სადაო საკითხს ნათელი მოეფინება, მანამ ჩვენი ნაკრები ჩვეულად აგრძელებს მზადებას სეზონის პრესტიჟული შეჯიბრებებისთვის. კალენდარში ძირითადად მსოფლიოს თასის ეტაპებია დარჩენილი - აგვისტოში ამერიკულ ოგდენში და სექტემბერში შანხაიში. ფინანსური პრობლემების გამო ოგდენში რომ ვერ გამოვლენ, ამაზე ლამის ყველა თანხმდება, შანხაიში წასვლა კი უფრო რეალური ჩანს. იმედია, მართლაც დააფინანსებენ და ჩვენი სპორტსმენები კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტარტს მიიღებენ.

ისინი სექტემბერშივე ბათუმშიც იასპარეზებენ, სადაც ტრადიციული საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართება. მასში ასევე ტრადიციულად სომხებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ამჯერად ტურნირის შემადგენლობა-გეოგრაფია გაფართოებული იქნება - ირანის ნაკრებსაც ელოდებიან, რომელმაც თავად გამოთქვა ჩამოსვლის სურვილი. საერთოდ, ბოლო ხანებში აჭარის რეგიონსა და ირანის გარკვეულ პროვინციებს შორის სპორტული თვალსაზრისით მჭიდრო თანამშრომლობაა, რაც ორივე მხარისთვის სასიკეთოა. შესაძლოა, ბათუმში შეჯიბრებაზე უცხოელები სხვებიც ვიხილოთ.

ქვეყნის მთავარ გუნდს ოქტომბერში კიდევ ერთი გამოცდა ელოდება - ლონდონში ოლიმპიური კვირეული ტარდება და იქაც უნდა გამოვიდნენ.

ამასობაში გაირკვა, ვინ იასპარეზებს აგვისტოს მიწურულს პოლონურ ლეგნიცაში ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე. იქ გოგოებში მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - თეონა კუტალაძე, ბიჭების გუნდი კი სრულად იქნება დაკომპლექტებული: ლაშა ფხაკაძე, ირაკლი ქვლივიძე, გიორგი წიბლიაშვილი. ლეგნიცაში ახალგაზრდული ჩემპიონატიც ტარდება, მაგრამ ჩვენები არ გამოდიან ნაწილობრივ დაბალი შედეგების, ნაწილობრივ კი ფინანსური პრობლემების გამო. გუნდი 21 აგვისტოს გაფრინდება ლეგნიცაში მთავარ მწვრთნელ გია მაკიევისა და თემურ გორგოშაძის ხელმძღვანელობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული