ქართულ მშვილდოსნობას კომპანია GPS უსპონსორებს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მშვილდოსნობის ფედერაციამ და ფარმაცევტულმა კომპანია GPS-მა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სეზონში კომპანია ფედერაციის სპონსორი გახდება, გაისად კი მათ შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.

მემორანდუმს ხელი ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ქაცარავამ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით კილაძემ მოაწერეს, ამ ცერემონიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციას კი მათთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავაც ესწრებოდა. ქაცარავამ კმაყოფილება გამოთქვა დადებული ხელშეკრულების გამო და განაცხადა, რომ სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური დახმარების მიუხედავად, დამატებითი
დასპონსორება ნამდვილად სჭირდებოდათ და  კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შემდეგ მან ქართული მშვილდოსნობისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც გაახმაურა. კერძოდ, ის, რომ კორეელ მწვრთნელ ან ჰიუნ სანს ოლიმპიადის ჩათვლით გაუგრძელეს კონტრაქტი, რადგან მაღალი დონის მწვრთნელია. ცხადია, ყველაზე მეტ ინტერესს მსოფლიოს ჩემპიონატზე სკანდალურად დაკარგული თუ წართმეული ლიცენზიებისთვის ბრძოლა იწვევდა - ქართული მხარე საქმის ლოზანის არბიტრაჟში განხილვას აპირებდა და უცხოეთში სათანადო გამოცდილების მქონე იურისტების მოძიებასაც აპირებდა. ასეთები მართლაც იპოვეს - ამერიკაში, ოღონდ მათ ძალიან დიდი გასამრჯელო მოითხოვეს - ნახევარი მილიონი ევრო.

გარდა იმისა, რომ ფედერაციას ამხელა თანხა ფიზიკურად არ აქვს (ეს ბევრად აღემატება მათ წლიურ ბიუჯეტს), არარეალური გასამრჯელოცაა და ამ განზრახვაზე ხელი აიღეს. სამაგიეროდ, გუნდის გაძლიერება განიზრახეს, რათა გაისად გასამართ სალიცენზიო ტურნირებს კიდევ უფრო უკეთ მომზადებულები შეხვდნენ და საამისოდ უკრაინიდან იულია ლობჟანიძე ჩამოჰყავთ. ის უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს, თუმცა ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ ქაცარავამ სამომავლო გეგმები უკვე დაუკავშირა და განაცხადა- ის ძლიერი მსროლელია და ჩვენს გუნდს უთუოდ გააძლიერებსო. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ეტყობა, ლობჟანიძის გადმოყვანაზე კორეელი მწვრთნელიც ყაბულსაა და ეს საქმე მხოლოდ დროის ამბავია.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე კილაძემაც ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობაზე.

"გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხში და მოხარულები ვართ, ამის საშუალება რომ მოგვეცა. გვჯერა, ნაკრები უკეთ მოემზადება და წარმატებასაც მიაღწევს", - თქვა კილაძემ.

"სპორტი ნამდვილად არაა განებივრებული კერძო სექტორის თანადგომით და თანამშრომლობის თითოეული მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა კომპანია GPS, აგრეთვე ქაცარავას და ყველა მწვრთნელს, რომელთა ძალისხმევითაც ქართულმა მშვილდოსნობამ ტრადიციები დაიბრუნა. მისი ამბიციებიც სავსებით გასაგებია, რადგან საამისო პოტენციალიც გააჩნია", - განაცხადა გალდავამ.

პრესკონფერენციაზე ნაკრების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ქალთა ნაკრები - ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე- ხვალ ლონდონში გაემგზავრება, სადაც 2-8 ოქტომბერს ოლიმპიურ ტესტებში გამოვა. მშვილდოსნები ოლიმპიურ სასროლეთზე იასპარეზებენ და მომავალი თამაშების მასპინძელ არენას შეამოწმებენ, მასპინძლები კი საკუთარ შესაძლებლობებს საორგანიზაციო საკითხებში გამოსცდიან. იქიდან დაბრუნებული ეს სამეული, რომელსაც, ალბათ, ლობჟანიძეც დაემატება,2-თვიან შეკრებაზე კორეაში გაემგზავრება. საერთოდ, როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ოლიმპიადამდე დარჩენილ ამ ერთწლიან პერიოდს გუნდი განსაკუთრებული მომზადებით გაივლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული