ქართველი მშვილდოსნები ლას ვეგასში

AutoSharing Option
5-9 თებერვალს ამერიკული აზარტული თამაშების დედაქალაქი ლას ვეგასი მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს ზამთრის ანუ დარბაზის პირველობაში.

მასში ჩვენგან მხოლოდ ქალთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას უცვლელი შემადგენლობით - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე.

ეს სამეული ახალგაზრდა გოგოებისა და ბიჭების ნაკრებთან ერთად ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გადის შეკრებას, ამერიკაში კი 2 თებერვალს გაფრინდება. კორეელი მწვრთნელი მათ ამერიკული დროით ავარჯიშებს, როცა იქ ჩასულებს მოუწევთ სროლა. მწვრთნელის მოთხოვნით, ჩვენები 15-19 თებერვალს ბანგკოგშიც აპირებენ გამოსვლას აზიის "დიდ პრიზზე".

ფედერაციაც თანახმაა, ჩვენები იქ გაუშვას, სავიზო პრობლემები დროულად თუ მოაგვარეს. თებერვლის ბოლოს საქართველოს ზამთრის პირველობაა დაგეგმილი და იმ ტურნირში მონაწილეობისთვის უკრაინიდან იულია ლობჟანიძის ჩამოყვანაც იგეგმება, რომლის საქართველოს ნაკრებში გადმობირების საკითხიც საბოლოოდ გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები ევროპის ზამთრის პირველობებში ყოველთვის წარმატებით გამოდიან და შარშანდელი ჩემპიონებიც არიან, მსოფლიოს პირველობებში კი იშვიათად გამოდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული