მშვილდოსნები დარბაზში გადაბარგდნენ

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები უკვე ლას ვეგასშია, სადაც მსოფლიოს ზამთრის ანუ დარბაზის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში, ტრადიციულად უცვლელი სამეულია - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე.

4 და 5 თებერვალს ლას ვეგასში ოფიციალური ვარჯიშია, ზეგ კი შესარჩევი ტურნირი დაიწყება. სამშაბათს პირად პირველობაში პლეი ოფები გაიმართება და ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, ოთხშაბათი გუნდური შეჯიბრებების დღეა და მაშინაც შეხვედრები ნახევარფინალებამდე მივა, ხუთშაბათს კი ფინალური ასპარეზობები ჩატარდება.

მთლიანად ტურნირში 39 ნაკრები გამოდის, ჩვენთვის საინტერესო ქალთა დისციპლინაში კი - 18. შეჯიბრებაში საერთოდ
არ მონაწილეობენ ჩინელები, კორეელები და პოლონელები, ფრანგებს კი ქალთა ოლიმპიურ დისტანციაზე არ ჰყავთ წარმომადგენლები.

ვაჟთა ტურნირში უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ რიბანიც გამოდის, ქალებს კი ლიდერთა უმეტესობა აკლიათ ჩინეთ-კორეიდან და არც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დენისე ასტრიდ ვან ლემონენი გამოდის ჩილედან. სამაგიეროდ, არიან იტალიელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა და ბრიტანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნაომი ფოლკარდი. ამერიკელთა შემადგენლობაში ამჯერად არ არის ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი), თურქებმა კი ნატო ნასარიძე ჩაიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული