მსოფლიოს თასი: ჩვენი მშვილდოსნები წარუმატებელ გამოსვლას აგრძელებენ

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ჩვენი მშვილდოსნები აგრძელებენ წარუმატებელ გამოსვლას ანთალიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე - 3 მაისს გაიმართა პლეი ოფები პირად პირველობაში, სადაც ოთხივე ჩვენებური პირველივე წრიდან გამოვარდა.

ძლიერი კონკურენტი მხოლოდ ხათუნა ნარიმანიძეს ჰყავდა - გამოცდილი ბრიტანელი ნაომი ფოლკარდი, რომელთანაც დამატებით სერიაში ერთი ქულით დამარცხდა - 27:28. მანამდე ჩვენებურმა ერთი პერიოდის მოგება და ერთის ფრედ დამთავრებაც მოახერხა. სეტების საერთო ანგარიში კი 7:3-ია ბრიტანელის სასარგებლოდ.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა პოლონელ ვიოლეტა მისზორთან მარცხით გამოეთიშა შეჯიბრებას - 4:6. აქ ჩვენებურმა მხოლოდ პირველ და მეოთხე სეტებში იმარჯვა.
ამავე ანგარიშით - 4:6 ასმათ დიასამიძემ მექსიკელ მარიანა ავიტიასთან წააგო.

ამ ტურნირის ერთადერთ დადებით მოგონებად დიასამიძის გამოსვლა თუ დაგვრჩება, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი სული, რაც გუნდურში ხშირად წაგვდგომია - პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ ქართველმა მომდევნო ორი მოიგო, ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. სამწუხაროდ, იქ აღარ ეყო შემართება, თუმცა მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 24:25.

პლეი ოფში მეოთხე ქართველი ვაჟთა ტურნირის მონაწილე ლაშა ფხაკაძე იყო, თუმცა დიდად ვერც მან გაგვახარა და პირველივე წრეში ტაივანელ ჩენგ პანგ ვანგთან 3:7 წააგო. როგორც ვხედავთ, ქართველმა საკმაოდ ძლიერი სკოლის წარმომადგენელს ერთი სეტი მოუგო, პირველივე, და ერთიც ფრედ დაუმთავრა.

თუმცა ამას საერთო სურათის შეცვლა არ შეუძლია - ჩვენი ნაკრების გამოსვლა კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, ეს არაა ერთეული შემთხვევა - ისინი მსოფლიოს თასის წინა ეტაპზეც ასევე უსუსურად გამოვიდნენ შანხაიში.

მაშინ ეს შემთხვევითობად მივიჩნიეთ და გვეგონა, მომდევნო შეჯიბრებებში მდგომარეობა გამოსწორდებოდა, მაგრამ ანთალიაშიც იგივე სურათი ვიხილეთ. ზედიზედ ორი შეჯიბრებაა, ჩვენი ქალთა ნაკრები პლეი ოფში ვერ გადის, რაც იშვიათი შემთხვევაა.

იქნებ არ გვყავს მსოფლიო დონის გუნდი, თუმცა არც ისე ხელწამოსაკრავი, ზედიზედ ორჯერ ასეთი კრახი მოუვიდეთ. ისე კი, ამ ნაკრებმა თავისი ძალა (ზამთრის ტურნირებში წარმატებულ გამოსვლას რომ თავი დავანებოთ) შარშან მსოფლიოს პირველობაზეც დაამტკიცა, როცა პლეი ოფის პირველივე წრეში მასპინძელ იტალიელთა მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი დაამარცხა.

მართალია, მერე ის სკანდალური შეხვედრა გადაათამაშეს და იტალიელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ალალ ბრძოლაში ჩვენებმა იმარჯვეს, რაც მათ სიძლიერეზე მიუთითებს.

ჩვენებურთა ჩავარდნა განსაკუთრებით საგანგაშო მოახლოებული სალიცენზიო ტურნირების ფონზეა. შეგახსენებთ, რომ 21-26 მაისს ამსტერდამში ევროპის ჩემპიონატია, სადაც ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, ოღონდ ჩვენგან მასში მხოლოდ ვაჟები თუ გამოვლენ, ქალებს კი უფლება არ აქვთ, რაკიღა ერთი საგზური აქვთ.

ქალებს სალიცენზიო შეჯიბრება 18-24 ივნისს ელოდებათ, ამერიკულ ოგდენში გასამართ მსოფლიოს თასის მესამე ეტაპზე. იმედია, იქამდე დაშვებულ შეცდომებსაც გამოასწორებენ და ამერიკაში წარმატებით იასპარეზებენ.

"ეს უკვე საგანგაშო სიმპტომია" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული