მსოფლიოს თასზე ხათუნა ნარიმანიძე ლიდერებში გაერია

AutoSharing Option
ამერიკულ ოგდენში დაიწყო მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მესამე გათამაშება, რომელიც პარალელურად, სალიცენზიო სტატუსისაა.

ტურნირში საქართველოს ქალთა და ვაჟთა გუნდები სამ-სამი მონაწილით გამოდიან: ლაშა ფხაკაძე, ირაკლი ქვლივიძე, თორნიკე რიჟამაძე; ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე.

19 ივნისს საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, თუმცა სასაათო სარტყლებს შორის არსებული სხვაობის გამო დაწვრილებით მხოლოდ ვაჟთა გამოსვლაზე თუ ვისაუბრებთ. სამწუხაროდ, ფხაკაძის გარდა, სხვები კვლავაც მონაწილეობით შემოიფარგლნენ, თუმცა ოგდენში გუნდის ლიდერიც გვარიანად ჩამორჩა საკუთარ რეკორდს და მე-60 ადგილზე გავიდა.

ფხაკაძემ თვის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატში 665 ქულით ქვეყნის ახალი
რეკორდი დაამყარა, ახლა კი მხოლოდ 633 დააგროვა. ის თავიდან უფრო უკეთ ისროდა და შეჯიბრების შუაწელში 42-45-ე ადგილებს შორის იდგა, თუმცა მერე პოზიციები დათმო.

ქვლივიძემ 602 ქულა დააგროვა და 162 მონაწილეს შორის 122-ე ადგილზეა, რიჟამაძე კი 597-ით – 126-ზე.

გუნდურ ჩათვლაში ქართული სამეულის საერთო მონაგარი 1832 ქულაა, რაც 31-ე ადგილს შეესაბამება.

ამდენად, ჩვენები პლეი ოფში ვერ ისვრიან, მაგრამ 21 ივნისს სალიცენზიო ტურნირში კი გამოვლენ.

წუხელ, ღამის 1 საათზე, ქალებს შეჯიბრების მხოლოდ ნახევარი ჰქონდათ გავლილი, ჩვენებიდან კი ყველაზე უკეთ ნარიმანიძე ისროდა. 36 გასროლის შემდეგ მისი მონაგარი 323 ქულა და IX ადგილი იყო. დიასამიძე 313 ქულით 37-ე იყო, ესებუა კი 295-ით 86-ე პოზიციას იკავებდა. იმ დროისთვის ქალთა ნაკრები გუნდურში XI იყო, ანუ პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებდა.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ სალიცენზიო ტურნირში მხოლოდ იმ ნაკრებების წარმომადგენლები მიიღებენ ჩათვლას, რომლებსაც არცერთი საგზური არ აქვთ, ოღონდ საამისოდ ხუთეულში უნდა მოხვდნენ. გუნდურში საგზურებს სამეულში მოხვედრილები მიიღებენ.

ნარიმანიძე - ლიდერებში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული