ლონდონის გზა ბაზალეთზე გადის

AutoSharing Option
ივნის-ივლისის მიჯნაზე ზაგრებმა (ხორვატია) ბაიდარასა და კანოეში იუნიორთა ევროპის პირველობას უმასპინძლა. შეჯიბრებაში საქართველოდან მცხეთელ ზაზა ნადირაძესა და დუშელ ეკატერინე შაბურიშვილს უნდა ეასპარეზათ, მაგრამ ტურნირზე ვერ გაემგზავრნენ, რადგან სკოლდამთავრებასთან დაკავშირებით ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდნენ.

ამჟამად ქართველი ნიჩბოსნები ბაზალეთის ტბაზე შალვა მუსოევის ხელმძღვანელობით მონდომებით ემზადებიან თანატოლთა მსოფლიოს პირველობისთვის, რომელიც 3-5 აგვისტოს ბრანდენბურგში გაიმართება. ნადირაძე ერთადგილიანი კანოეთი 200 და 500 მეტრზე მოსინჯავს ძალებს. ამავე დისტანციებზე გამოვა შაბურიშვილიც, ოღონდ ერთადგილიანი ბაიდარათი. როგორც საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა გვითხრა, ორივე სპორტსმენი კარგად არის მომზადებული,
რაც მათ ივნისში ფოთის საერთაშორისო ტურნირზეც დაამტკიცეს.

"ბრანდენბურგში დებიუტი ექნება 15 წლის დედაქალაქელ ბადრი ყაველაშვილს. მართალია, იგი შეჯიბრების მონაწილეებზე 2-3 წლით უმცროსი იქნება, მაგრამ ნიჭიერი ყმაწვილისთვის ეს დამაბრკოლებელი არ იქნება. მით უმეტეს, რომ მისგან ამ ეტაპზე განსაკუთრებულ შედეგებს არავინ ითხოვს, რაც ყაველაშვილს ფსიქოლოგიური წნეხისგან გაათავისუფლებს. მთავარია, მან საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლის გამოცდილება მიიღოს. ბადრის ბრანდენბურგში გასამგზავრებლად თბილისის მერია დააფინანსებს", - გვითხრა ვიტალი გრძელიშვილმა.

ზაზა ნადირაძესა და ეკატერინე შაბურიშვილს მფარველად ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაცია მოევლინა. ქართველი სპორტსმენები სწორედ ფისას თანხებით გაემგზავრებიან ბრანდენბურგს 27 ივლისს. იქვე გაივლიან ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას. 3-5 აგვისტოს ასპარეზობის დამთავრების შემდეგ ასევე საერთაშორისო ფედერაციის პატრონატით ზაზა და ეკატერინე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაივლიან საწვრთნელ შეკრებას და 22 აგვისტოდან მადიართა პატარა ქალაქ სეგედში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმებიან. იქ ბაიდარასა და კანოეში 18-18 საუკეთესო მიიღებს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს. ჩვენებურები რჩეულთა რიცხვში თუ ვერ მოხვდებიან, მაშინ გაისად მოუწევთ ბრიტანეთის დედაქალაქში გასამგზავრებელი ბილეთების დასაჯავშნავად ბრძოლა. ბრანდენბურგსა და სეგედში სპორტსმენებთან ერთად იქნება მათი მწვრთნელი შალვა მუსოევი. ხარჯების დასაფარავად მას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გაუწევს დახმარებას.

ქართველი სპორტსმენები ბაიდარასა და კანოეში მომავალი ბატალიებისთვის ჯერ კიდევ შინ თუ ემზადებიან, აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრები მთავარი მწვრთნელის დიმიტრი ლოლუას ხელმძღვანელობით უკვე ამსტერდამში (ჰოლანდია) არიან და ევროპელი მწვრთნელების დახმარებით იუნიორთა მსოფლიოს პირველობისთვის 10-დღიან მზადებასაც შეუდგნენ. ამ საწვრთნელი შეკრების ხარჯებსაც საერთაშორისო ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს. შეჯიბრება 22-25 ივლისს ამსტერდამში გაიმართება. თანატოლებს ერთადგილიანი ნავით მცხეთელი ლაშა მოთიაშვილი გაუწევს მეტოქეობას. ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით იასპარეზებენ მცხეთელები - გიორგი მუხათგვერდელი და თემურ ნათელაშვილი, ხოლო ორადგილიანი უმესაჭეო ნავით ქუთაისელები - თორნიკე სინატაშვილი და ერეკლე უკლება ცდიან ბედს.

როგორც აღვნიშნეთ, ხუთივენი უკვე ჰოლანდიაში არიან ფისას დაფინანსებით და შეჯიბრებისწინა საწვრთნელ შეკრებას გადიან. სპორტსმენთა პირველობაზე გასამგზავრებელი გზის ხარჯები ქუთაისის მერიამ და მცხეთის მუნიციპალიტეტმა გაიღეს.

- ჩვენი ნიჩბოსნებისთვის ამსტერდამული პაექრობები ძალების მოსინჯვა და ერთგვარი რეპეტიცია იქნება ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატის წინ, რომელსაც სექტემბერში ბულგარული პლოვდივი უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებაში თითოეულ სახეობაში ლონდონის 12-12 საგზური გაიცემა", - ამბობს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი.

და კიდევ ერთი ასპარეზობის შესახებ, რომელიც ამ ზაფხულს არის დაგეგმილი: 3-7 აგვისტოს ლონდონში 18-წლამდელთა მსოფლიო პირველობაა აკადემიურ ნიჩბოსნობაში. ახალგაზრდები ერთ-ერთი პირველები გაავლებენ კვალს ახალ ოლიმპიურ არხზე. იქ ქართველთაგან დიმიტრი ლოლუას ხელმძღვანელობით ერთადგილიანი ნავით მცხეთელი ნიკოლოზ კანდელაკი, ხოლო ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით არჩილ ბაიაშვილი (მცხეთა) და ლევან ბირკაია (ფოთი) გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული