კინაღამ ჩაშლილი რეგატა

AutoSharing Option
7 აპრილს მდინარე თემზაზე 158-ედ ჩატარდა ლეგენდარული სანიჩბოსნო რეგატა ოქსფორდისა და კემბრიჯის საუნივერსიტეტო გუნდებს შორის. ეს რბოლა ისტორიაში შევა, რადგან ის პირველად შეწყდა ადამიანის გამო, რომელიც შეჯიბრის დროს წყალში აღმოჩნდა.

სტარტიდან რვა წუთის შემდეგ, როცა არცერთ გუნდს არ ჰქონდა მოპოვებული სერიოზული უპირატესობა, პირდაპირ ნავების წინ უცნობმა მამაკაცმა ამოყვინთა.

რეგატის ორგანიზატორებმა რბოლის შეჩერება გადაწყვიტეს. გუნდებს სტარტზე დაბრუნება მოუწიათ, რადგან რბოლის წესების თანახმად, გამარჯვებული ვერ გაირკვევა დისტანციის მხოლოდ ნაწილის გავლის მიხედვით.

როგორც შეჯიბრის მსაჯმა მეტიუ პინსენტმა განაცხადა, რეგატა უსაფრთხოების მოსაზრებებით შეაჩერეს: წყალში
მყოფ მამაკაცს შეიძლებოდა ნავი დაჯახებოდა ან ნიჩაბი მოხვედროდა თავში.

მოგვიანებით გაირკვა წესის დამრღვევის ვინაობა და მისი საქციელის მიზეზები. ბრიტანელი მამაკაცი თემზაში პროტესტის ნიშნად გადახტა - ის ეწინააღმდეგება სოციალურ დისკრიმინაციასა და საზოგადოების დაყოფას ელიტად და დანარჩენ ფენებად.

სანამ შეჯიბრის ადგილას გაემართებოდა, მან საკუთარი ზრახვების შესახებ შეტყობინება სოციალურ სქელში დატოვა და თავის აქციას - "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი" უწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ შეძლებდა რბოლის ჩაშლას. ბლოგი, რომელშიც მან ეს შეტყობინება დატოვა, ასე იყო დასათაურებული - "ელიტიზმს ტირანიამდე მივყავართ".

Sky News იტყობინება, რომ პროტესტანტს ტრენტონ ოლდფილდი ჰქვია და 35 წლისაა. ინციდენტის შემდეგ ის პოლიციამ დააკავა და მას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის წაუყენეს ბრალი. მოგვიანებით ის თავდებით გაანთავისუფლეს და 23 აპრილს სასამართლოში დაიბარეს.

ბოლოს საუნივერსიტეტო რეგატა 2001 წელს შეწყდა, როცა ნავები შეეჯახნენ ერთმანეთს. მაგრამ აქამდე რბოლა არასოდეს შეწყეტილა თემზაზე "მობანავე" ადამიანის გამო.

რბოლის განახლების შემდეგ, მოგვიანებით, კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა: ოქსფორდის გუნდის ერთ-ერთ წევრს ნიჩაბი გაუტყდა. ფინიშის შემდეგ ერთ ნიჩბოსანს გული წაუვიდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

გამარჯვებული გახდა კემბრიჯის უნივერსიტეტი.

პირველად ლეგენდარული რეგატა 1829 წელს ჩატარდა. მას შემდეგ რბოლის ჩატარების ადგილი არაერთხელ შეიცვალა. დღეისთვის სტუდენტები ლონდონის გარეუბან პატნიში ეჯიბრებიან ერთმანეთს. რბოლაში მონაწილეობს ორი ეკიპაჟი - თითოში 10 ადამიანი. დისტანციის სიგრძეა ოთხნახევარი მილი. რბოლა, ჩვეულებრივ, 20 წუთზე მეტხანს არ გრძელდება. 2012 წლამდე ოქსფორდმა 76-ჯერ მოიგო რეგატა, კემბრიჯმა - 80-ჯერ. ერთხელ ფრე დაფიქსირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული