18 წლის ზაზა ნადირაძე ლონდონის ოლიმპიადაზე შესაძლოა "ველური ბარათით" დაუშვან

AutoSharing Option
პოლონეთის ქალაქ პოზნანში დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი ბაიდარასა და კანოეში. ეს შეჯიბრება სალიცენზიო ტურნირიც იყო, ამიტომ უძლიერესმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი.

მათ შორის გახლდათ 18 წლის ქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე. შარშან მან მსოფლიოს ჩემპიონატში მე-15 ადგილი დაიკავა. ამ შეჯიბრებისთვის კიევში კარგა ხანს ემზადებოდა იქაური მწვრთნელების დახმარებით.

- საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაზამ შესანიშნავად იასპარეზა, - გვითხრა ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა. - შესარჩევიდან პირდაპირ ფინალში მოხვდა.

ლონდონის ლიცენზიას მხოლოდ საპრიზო ადგილები იძლეოდა. ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის და ევროპის ასოციაციის პრეზიდენტებმა ქართველი ნიჩბოსნის ეს
წარმატება პირველსავე დღეს მომილოცეს. მართლაც, ხუმრობა ხომ არ არის, რომ 40 წლის შემდეგ ქართველი კანოისტი პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატის რვა საუკეთესოში.

მართალი გითხრათ, ლონდონის საგზურსაც ველოდით, მაგრამ ფინალის დღეს ძლიერმა ქარმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა: ზაზა 65 კილოა და მის ნავს ტალღები ნაფოტივით აქანავებდა. 95-კილოიანი სლოვენიელის ნავი კი ხმალივით მიაპობდა წყალს და ფინიშთანაც პირველი მიიჭრა.

მართალია, ნადირაძემ პოზნანში ოლიმპიადის ლიცენზია ვერ მოიპოვა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს იმდენად მოეწონათ ჩვენებური, რომ შესაძლოა, ლონდონის თამაშებზე "ველური ბარათით" დაუშვან.

საქართველოს სახელით უნდა ეასპარეზა ჩვენს უკრაინელ რძალს - ვლადა კოსიცკას, რომელიც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადგილიანი ბაიდარათი მერვე იყო, მაგრამ მას ოლიმპიურმა ჩემპიონმა თანამემამულემ - ინა ოსიპენკომ აჯობა და ბრიტანეთის დედაქალაქშიც ის გაემგზავრება.

ვლადამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის მოეტანა ოლიმპიადის საგზური. სამწუხაროდ, ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ საავადმყოფოში აღმოჩნდა...

40 წლის შემდეგ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული