საქართველოს ნიჩბოსანთა ჩემპიონატი: სამი საუკეთესო მსოფლიოზე გამოვა

AutoSharing Option
ბაზალეთის ტბაზე ორ დღეს გრძელდებოდა საქართველოს ნიჩბოსანთა პირად-გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც ექვსი ქალაქისა და რაიონის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას ბაიდარათი, კანოეთი და აკადემიურ ნიჩბოსნობაში.

200 და 500 მეტრ დისტანციებზე ერთადგილიანი ბაიდარათი ამჟამადაც უძლიერესი იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ეკა შაბურიშვილი (დუშეთი).

ვაჟებში ასევე ორი ოქროს მედალი დაიმსახურა თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა. ორადგილიანი ბაიდარებით გოგონებში ყველას აჯობეს თეონა შაბურიშვილმა და მადონა ყარსიმაშვილმა (დუშეთი), ხოლო ვაჟებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ემზარ კიკალიშვილი და გიორგი გოგელაშვილი (ქუთაისი) ავიდნენ.

ერთადგილიანი კანოეთი პირველი ადგილი მცხეთელმა
ზაზა ნადირაძემ დაიკავა. საგულისხმოა, რომ ქართველი კანოისტი წლეულს პოლონურ პოზნანში სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირდაპირ ფინალში გავიდა.

ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ ქართველი ნიჩბოსანი კონტინენტის პირველობის რვა საუკეთესოს შორის მოხვდა.

გადამწყვეტ ეტაპზე კი ზაზას მცირედი არ ეყო, სამამულო ნიჩბოსნობის ისტორიაში 30-წლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიური თამაშების საგზური მოეპოვებინა. იგი ამ შეჯიბრებისთვის რამდენიმე თვე კიევში ემზადებოდა იქაური მწვრთნელების ზედამხედველობით.

ამჟამად კარგ სპორტულ ფორმაშია და, იმედია, რომ 12-15 ივლისს პორტუგალიაში მსოფლიოს პირველობაზე ბადრი ყაველაშვილსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში მცხეთელ ნიკოლოზ კანდელაკთან ერთად წარმატებით იასპარეზებს. რაც შეეხება 500 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი ასპარეზობას, აქ ნადირაძის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებზე ვასილ პესტოვი (მცხეთა) და გიორგი შაბურიშვილი (დუშეთი) გავიდნენ.

გუნდური ადგილები კი ასე განაწილდა: 1. დუშეთი (68 ქულა), 2. მცხეთა (57), 3. ქუთაისი (41), 4. ფოთი (29), 5. თბილისი (27), 6. რუსთავი (7 ქულა).

აკადემიურ ნიჩბოსნობაში მედლებისთვის მცხეთის, ქუთაისისა და ფოთის წარმომადგენლები იბრძოდნენ. ერთადგილიანი ნავით პირველი იყო ფინიშთან მცხეთელი ნიკოლოზ კანდელაკი, რომელმაც, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოზე გამგზავრების უფლება დაიმსახურა.

ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით ოქროს მედალი არჩილ ბაიაშვილმა და გიორგი თაკაშვილმა (მცხეთა) მოიპოვეს, ორადგილიანი გასაშლელი ნავებით ყველას აჯობეს თორნიკე სინატაშვილმა და თემურ უკლებამ (ქუთაისი).

სხვადასხვა ასაკში ორადგილიანი ნავებით პირველ ადგილებზე გავიდნენ გელა ქოიავა-გიორგი კუჭავას, ფარნა კაპანაძე-ნოდარ მარტოლეკის, გიორგი ჩიხრაძე-დავით ფხაკაძის წყვილები; 15-წლამდელებში ერთადგილიანი ნავით გიორგი ქავთარაძემ (ფოთი) გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული