ოქროს ქალები

AutoSharing Option
მხოლოდ მეხუთე სათამაშო დღეს შეძლო ბრიტანეთის ოლიმპიურმა გუნდმა ზაფხულის თამაშებზე პირველი ოქროს მოგება. 1 აგვისტოს აკადემიურ ნიჩბოსნობაში სამი ფინალი გაიმართა და ერთ-ერთი - ქალებს შორის ორადგილიანი ნავებით რბოლა ჰელენ გლოსერისა და ჰიზერ სტანინგის ტრიუმფით დასრულდა.

ბრიტანული დუეტის ეს გამარჯვება მოსალოდნელი იყო. მართალია, ჰელენმა და ჰიზერმა მხოლოდ ოთხი წლის წინ დაიწყეს ერთად გამოსვლა, მაგრამ წლევანდელი შედეგების მიხედვით, აშკარა ფავორიტები იყვნენ. ამ ზაფხულს მასპინძლებმა მსოფლიოს თასის სამი ეტაპის მოგება მოახერხეს.

გლოსერისა და სტანინგის მთავარ კონკურენტებად ზელანდიელებს - ჰაიგსა და სკოუნს მიიჩნევდნენ. ამ
დუეტმა შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუგო ბრიტანელებს, მაგრამ გუშინდელ ფინალში არც ზელანდიელებს და არც სხვებს შანსი არ ჰქონდათ. მომავალმა ჩემპიონებმა სტარტიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და 2000-მეტრიანი დისტანციის ყოველი საშუალედო ფინიშისთვის ზრდიდნენ უპირატესობას. რბოლის დასკვნითი 500 მეტრის წინ ისინი უკვე 5 წამს უგებდნენ უახლოეს კონკურენტებს და იოლად აიღეს ოქროს მედლები.

უფრო დაძაბული ბრძოლა ვერცხლის მედლისთვის იყო. ამერიკელები, ზელანდიელები და ავსტრალიელები ბოლო მეტრებამდე იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ის გუნდმა მცირედით წააგო ოკეანეთის წარმომადგენლებთან და მედლების გარეშე დარჩა.

* * *

გუშინ ნიჩბოსნობაში მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდა. ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით ქალებს შორის უკრაინამ გაიმარჯვა. ტარასენკოს, დოვგოტკოს, კოჟენკოვასა და დემენტიევას კვარტეტი 250-მეტრიანი ნიშნულისთვის ლიდერი იყო, მაგრამ მას თითქმის გვერდით მიჰყვებოდნენ ავსტრალიური და გერმანული ეკიპაჟები. თუმცა უკვე მეორე ნიშნულზე მომავალი ჩემპიონების უპირატესობა საკმაოდ დიდი გახლდათ.

1000 მეტრზე უკრაინელები ასევე ლიდერები იყვნენ, მაგრამ ახლა უკვე ამერიკამ და იმავე გერმანიამ სამ წამამდე შეამცირეს სხვაობა. გერმანელებმა ფანტასტიკური ტემპი აკრიფეს და აიძულეს უკრაინელთა კვარტეტი, ძალების მაქსიმალური დახარჯვით ემუშავა. საფინიშო სპურტი ეფექტური გამოვიდა - უკრაინის უპირატესობაში ეჭვი უკვე აღარავის შეპარვია.

* * *

მედლების მესამე კომპლექტი კაცებს შორის რვაადგილიანი ნავებით რბოლაში გათამაშდა და ბრიტანელ გულშემატკივრებს აქაც გარკვეული იმედები ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ მასპინძელთა გუნდი ნახევარი დისტანციის შემდეგ მხოლოდ 0.4 წამს აგებდა ლიდერ გერმანიასთან. რბოლა კიდევ უფრო დაიძაბა, როცა ბოლო 500 მეტრის წინ ეს სხვაობა 0.2 წამამდე შემცირდა.

მაგრამ საფინიშო სპურტი უფრო უკეთ გერმანიას გამოუვიდა და წამზე მეტი მოუგო მეორე ადგილზე გასულ კანადას, ბრიტანელები კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.

მასპინძლებმა ეს წაგება იმით ახსნეს, რომ მხოლოდ ბოლო ექვსი კვირა შეძლეს სრულფასოვნად ვარჯიში - ტრავმირებული იყო გუნდის ერთ-ერთი წევრი კონსტანტინ ლულუდისი და ამის გამო ბრიტანეთმა მსოფლიოს თასის ბოლო სამი რბოლა გამოტოვა.

კაცები
რვაადგილიანი
ფინალი
1. გერმანია 5:48.75
(ფ. ადამსკი, ა. კუფნერი, ე. იოჰანესენი, მ. რაინელტი, რ. შმიდტი, ლ. მიულერი, ფ. მენიგენი, კ. ვილკე, მ. ზაუერი)
2. კანადა 5:49.98
(გ. ბერგენი, დ. შიმა, რ. გიბსონი, კ. მაკეიბი, მ. ჰოვარდი, ა. ბირნსი, ჯ. ბრაუნი, ვ. კროტერსი, ბ. პრაისი)
3. ბრიტანეთი 5:51.18
(ა. პეტრიჯი, ჯ. ფოუდი, ტ. რენსლი, რ. ეგინგტონი, მ. შიბი, გ. სირგლი, მ. ლენდრიჯი, კ. ლულუდისი, პ. ჰილი)
4. აშშ 5:51.48
5. ჰოლანდია 5:51.72
6. ავსტრალია 5:51.87

ქალები
ორადგილიანი (უმესაჭოდ)
ფინალი
1. გლოვერი/სტანინგი (ბრიტ) 7:27.13
2. ჰორნსი/ტეიტი (ავსტრა) 7:29.86
3. ჰაიგი/სკოუნი (ზელ) 7:30.19
4. ჰენდერშოტი/ზელენკა (აშშ) 7:30.39
5. ანდრუნაჩე/სუსანუ (რუმ) 7:37.67
6. ჰარტმანი/ზინიგი (გერ) 7:42.06
ოთხადგილიანი (წყვილმოსასმელიანი)

ფინალი
1. უკრაინა 6:35.93
(კ. ტარასენკო, ნ. დოვგოტკო, ა. კოჟენკოვა, ი. დემენტიევა)
2. გერმანია 6:38.09
(ა. ტილი, კ. ბაერი, ი. რიხტერი, ბ. ოპელტი)
3. აშშ 6:40.63
(ნ. დელი, კ. კოლერი, მ. კალმოე, ა. მარტელი)
4. ავსტრალია 6:41.67
5. ჩინეთი 6:44.19
6. ბრიტანეთი 6:51.54

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული