სალომე ფაჟავამ ესპანეთში იყოჩაღა

AutoSharing Option
მეოცე საუკუნის მწვრთნელის - ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის აღსაზრდელებმა ამ დღეებში ესპანეთისა და თურქეთის საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით იასპარეზეს.

უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონი ელენა ვიტრიჩენკო კარგა ხანია, ესპანეთში ცხოვრობს, სადაც მან წლეულს მესამედ ჩაატარა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი. შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 30 კლუბის 130-ამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკში.

1997 წელს დაბადებულთა შორის თავი გამოიჩინა გუნდურში წლევანდელი ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი, ინგა სააკაშვილი, ლალი დოლიძე).

მრავალჭიდში სალომემ პირველი ადგილი დაიკავა. მეორე-მესამე ადგილები ადარ ელჰაიკმა (ისრაელი) და
იანა სლაბოდსკაიამ (რუსეთი, ომსკი) გაინაწილეს. საგულისხმოა, რომ ფაჟავამ რგოლით, ბაფთითა და გურზებით ვარჯიშშიც ოქროს მედლები მოიპოვა.

- რგოლითა და გურზებით გამოსვლისას ორ-ორჯერ მომიწია სარბიელზე გასვლა, - მითხრა ესპანეთიდან დაბრუნებულმა სალომემ. - ტექნიკამ გვიმტყუნა - ვარჯიშების დაწყებისას მუსიკა ორჯერ შეწყდა და კარგა ხანს ველოდი მის ჩართვას. ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად, ორივე სახეობაში პროგრამები უნაკლოდ შევასრულე და პირველი ადგილები დავიკავე.

15-წლიანებში გურზებით ბრინჯაოს მედალი ერგო ანა ზუმბულიძეს. მრავალჭიდში მან მე-5 ადგილი დაიკავა. 1998 წელს დაბადებულებში მე-4 ადგილზე გავიდა სალომე ურუშაძე. არადა, როგორც ინგა სააკაშვილმა გვითხრა, პირველი დღის შემდეგ მხოლოდ ლიდერს ჩამორჩებოდა.

სტამბულის საერთაშორისო ტურნირში ექვსი ტანმოვარჯიშე სცდიდა ძალებს. მათგან 12 წლის მარინე კაკაბაძე გამოირჩა - სახტუნაოთი პირველი ადგილი დაიკავა. ამავე საგნით 10-წლიანებში მესამე იყო მისი და ირინე კაკაბაძე, ნატა თაბაგარს კი მე-2 ადგილი ერგო. 9-წლიანებში ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა სალომე ოქროპირიძე.

1999 წელს დაბადებულთა შორის ნინი როხვაძე მრავალჭიდში მე-3 ადგილზე გავიდა. 10 წლის სალომე ოთარაშვილი უსაგნოდ ვარჯიშში მე-5 ადგილს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული