ნინო სალუქვაძის კომპენსაცია

AutoSharing Option
ნინო სალუქვაძის მორიგი წარმატების შესახებ იცით - მეცხრედ მოიპოვა მსოფლიოს სუპერთასი, რითაც თავისი რეკორდი კიდევ უფრო გაზარდა - უახლოეს მდევრებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს, ჩინელ ტაო ლუნასა და სერბ იასნა სეკარიჩს უკვე სამი თასით უსწრებს. ამ წარმატებამ სროლის სამყაროშიც დიდი რეზონანსი გამოიწვია. თურმე საღამოს სასტუმროში დაბრუნებულ ჩვენებურს უცხოელებმა პატარა ალაფურშეტი მოუწყვეს, რუსთა მწვრთნელებს კი ყოველდღიურ არაოფიციალურ თათბირზე თავისიანებისთვის სალუქვაძე მაგალითად მოუყვანიათ. ნინომ რუსები კიდევ ერთხელ მაშინ გააოცა, როცა ჩემპიონთა ტურნირში გაიმარჯვა და მათი ლეონიდ ეკიმოვი დაამარცხა.

ეს თასი ერთგვარი კომპენსაციაა წლევანდელი სეზონისთვის,
რომელიც ჩვენებურმა წარუმატებლად ჩაატარა. რეკორდსმენთან ინტერვიუც ამაზე საუბრით დავიწყეთ, თუმცა სალუქვაძემ არაერთი სხვა საინტერესოც გვიამბო. იმედია, 10 მილიონი ჩინელი მსროლელისა და კომუნისტური მეთოდით დასჯილი მათი გუნდის ამბავი თქვენც დაგაინტერესებთ. 10 მილიონი - ეს ხომ რამდენჯერმე მეტია საქართველოს მოსახლეობაზე!

- გილოცავთ მორიგ რეკორდულ მიღწევას, რაც წარუმატებელი სეზონის ფონზე ერთგვარი კომპენსაციაა თქვენთვის და თქვენი ქომაგებისთვის.
- დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის, ამ შეჯიბრებისთვისაც ჩემს ტირში - დახურულ დარბაზში ვემზადებოდი, უცხოეთში კი ტურნირები ღია არენებზე იმართება. ამ დროს - ოქტომბრის ბოლოს გერმანიაში ძალიან ცივა. იქ აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო 13 გრადუსი ტემპერატურა და წარმოვიდგინე, ახლა რა იქნებოდა. ეს ფაქტორი ძალიან მაღელვებდა და აქედან ისე აღჭურვილი წავედი, თითქოს ზამთრის კურორტზე მივემგზავრებოდი. თუმცა უშუალოდ შეჯიბრებისას რაც უნდა თბილად ჩაიცვა, თითს რას უზამ, ხელთათმანს ხომ ვერ გაიკეთებ და შეუძლებელია, იმ სამი საათის განმავლობაში, როცა საკვალიფიკაციო ეტაპზე გარეთ ვისვრით, არ გაგეყინოს. რატომღაც ღია სასროლეთზე მხოლოდ ჩვენ და კაცების ამავე დისციპლინის წარმომადგენლები გაგვიყვანეს. იქ მართლაც ციოდა და ისე ჩათბილული ვიდექი სასროლეთზე, ზამთრის სახეობის წარმომადგენელი მეგონა თავი. შედეგებიც დაბალი იყო, რაც ცუდი ტემპერატურული პირობებით უნდა აიხსნას.

საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ 578 ქულით მეოთხეზე ვიყავი, თუმცა მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ გერმანელ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ მუნკბაიარ დორჯსურენსა და ჩეხ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონთან, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ლენკა მარუსკოვასთან მხოლოდ თითო ქულას ვაგებდი. სამაგიეროდ, შესარჩევის გამარჯვებულს, ფრანგ სელინ გობერვილს ჩამოვრჩებოდი ოთხი ქულით, რაც დიდი სხვაობაა. მართალია, უშანსოდ არ ხარ, მაგრამ ამხელა სხვაობა მაინც საგრძნობი ფორაა.

ფინალური სერია უკვე დახურულ დარბაზში გაიმართა, სადაც ცოტა კი ბნელოდა, მაგრამ ამას გავუმკლავდი. თან აღარც ციოდა და ქურთუკში ჩათბილული აღარ ვიყავი. სამაგიეროდ, ფრანგმა ვერ ისროლა კარგად, თუმცა ორი სერიის შემდეგ მაინც ლიდერობდა. ამ დროს მეორეზე სერბი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი იასნა სეკარიჩი გადავიდა. ასევე `მოყოჩაღდა~ ავსტრალიელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლოლიტა იევლევსკაია, მაგრამ მესამე-მეოთხე სერიები კარგად ვისროლე. მესამეში 51,5 ქულა გავაკეთე - ხუთი გასროლიდან მხოლოდ ერთი ცხრიანი, დანარჩენები კი ათიანები მქონდა და თითქმის ყველა ცენტრალური. მეოთხეში უკვე ყველა ათიანი იყო, მათგან რამდენიმე - ცენტრალური და იმ სერიაში 52,4 ქულა დავაგროვე. ჩემპიონობის საკითხიც ამან გადაწყვიტა - ქულანახევრით გავასწარი მეორეზე გასულ მარუსკოვას და ლამის სამი ქულით - გობერვილს, რომელიც მესამეზე დარჩა.

- მსოფლიოს სუპერთასის მეცხრედ მოპოვება არ არის ჩვეულებრივი ამბავი და არც უხმაუროდ ჩაივლიდა...
- მართლაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როცა შედეგები გამოცხადდა, ყველა მილოცავდა. ბევრ გუნდს საკუთარი ფედერაციის პრეზიდენტიც ახლდა, რომლებიც თავიანთ სპორტსმენებს ჩემს ამ შედეგს მაგალითს უსახავდნენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მეორე დღეს გამართული ჩემპიონთა ტურნირიც, სადაც ყველა დისციპლინის მედალოსნები გადიან. იქ საპრიზო ფონდიც თამაშდება, ქალები და კაცები კი ერთად ვისვრით. ამ შეჯიბრებისას მაყურებელი ჩუმად კი არ არის, როგორც ჩვეულებრივ ხდება-ხოლმე, არამედ პირიქით - ტაშით, სტვენით, საყვირებით გამხნევებს. ამ ტურნირში ყველა უძლიერესი მსროლელი მონაწილეობდა, პირველი ოთხი გასროლის შემდეგ იკრიბება მონაცემები და ბოლო ოთხი მონაწილე ვარდება, ამის შემდეგ კი ყოველ სერიაზე თითო კაცი აკლდება.

ერთხელ მეც ვიყავი გამოვარდნის კანდიდატი, ჯეოსტარზე მეგონა თავი, მაგრამ მაინც კარგად ვისროლე, გადავრჩი და ბოლომდეც გავედი. დასკვნით ეტაპზე დავრჩით მე და რუსი ლეონიდ ეკიმოვი, ის ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია - 23 წლისაა და უკვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, პეკინის ოლიმპაიადაზე ცოტა დააკლდა მედლამდე და მუდამ მაღალ დონეზე ისვრის გინდ ჩქარ სროლებში, გინდ - ისე. ამ ტურნირის ფინალში წინა შედეგები უქმდება და მხოლოდ იმ გასროლების იმედად ხარ. რუსთან პაექრობა ჩემთვის სტიმულიც იყო და ვიფიქრე, იმ ომში თუ არა, აქ მაინც მოვუგებ-მეთქი და 0,1-ით ვაჯობე.

- ამ წარმატების მიუხედავად, სეზონს მაინც როგორ აფასებთ?
- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ჩემთვის უიღბლო გამოდგა. ჯერ არ მომხდარა, სასტუმროდან შეჯიბრებაზე წასაყვანად ავტობუსს დაეგვიანოს, როგორც ეს ევროპის ჩემპიონატზე იყო. ტურნირს კი მივუსწარით, მაგრამ სასროლეთზე დიდი დაგვიანებით მიგვიყვანეს, ვერც ვარჯიში და მოთელვა მოვასწარით და ვერც ისე ავეწყვეთ, როგორც საჭირო იყო. ძალიან ექსტრემალურ პირობებში, ფაცხა-ფუცხით მოგვიწია სტარტზე გასვლამ. მსოფლიოს პირველობაზე ავად ვიყავი და შედეგებზე ამან იქონია გავლენა იმის მიუხედავად, რომ მოსამზადებელი პერიოდი კარგად გავიარე. სამაგიეროდ, ის მზადება აისახა ამ სუპერთასზე. უბრალოდ, სპორტია და გაუთვალისწინებელი რამეებიც ხდება, რასაც წინასწარ ვერ გათვლი. მერჩივნა, საერთოდ გამომეტოვებინა ის პირველობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან მსოფლიოს ჩემპიონატები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ალბათ, მსოფლიოს სუპერთასი იმ ჩავარდნას აბალანსებს.

- ამ სეზონში ბევრი ახალგაზრდა, მანამდე უცნობი მსროლელი გამოჩნდა, რომლებიც მანამდე შედეგებით არ გამოირჩეოდნენ - სერბი ბობანა ველიკოვიჩი ევროპის ჩემპიონი გახდა, მისი თანამემამულე ზორანა არუნოვიჩი - მსოფლიოსი. მსოფლიოს პირველობა და სუპერთასი მოიგო რუსმა კირა კლიმოვამაც. იყვნენ სხვებიც, რომლებსაც ამ რანგის ტურნირებზე არ გაუმარჯვიათ, მაგრამ მსოფლიოს თასებზე კარგად ისროლეს - ყაზახი ზაურეშ ბაიბუსინოვა, იგივე ფრანგი გობერვილი, რუსი ანა მასტიანინა... უახლოეს სეზონებში რამდენადაა მოსალოდნელი ახალი ლიდერების გამოჩენა?
- კონკურენცია ყოველწლიურად, იზრდება და ნიჭიერი თაობაც მოდის, ჩნდებიან ახალ-ახალი სახეები. მხოლოდ ჩინეთში სპორტის ამ სახეობაში 10 მილიონი ადამიანი ვარჯიშობს! მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები 180-კაციანი გუნდით იყო ჩამოსული, ჩვენ კი სამნი ვიყავით. სხვა ქვეყნებშიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სროლას.

რაც შეეხებათ ამ ახალ ჩემპიონებს, ვნახოთ, რამდენად სტაბილურად ისვრიან ისინი მომავალში. ნიჭი ნამდვილად აქვთ, თუმცა შრომაც საჭიროა. ისეთიც ბევრი გვახსოვს, ერთბაშად რომ გამოვარდნილა, რაღაც მოუგია და მერე ვერაფერი გაუკეთებია. მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი.

- მათ გვერდით ძველმა ლიდერებმა არც ისე კარგად ისროლეს, რაც ამ სეზონის მოულოდნელობად შეიძლება მივიჩნიოთ. განსაკუთრებით გასაკვირი ჩინელთა ჩავარდნაა, რომლებმაც ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე ივარგეს და დიდად არც მსოფლიოს თასებზე ბრწყინავდნენ.
- ჩინელებმა მართლაც ჩააგდეს სეზონი, რისთვისაც მკაცრად დაისაჯნენ სპორტსმენებიც და მწვრთნელებიც. მათი კაცთა ნაკრების მწვრთნელები მსოფლიოს ჩემპიონატზევე მოხსნეს და დასჯის მიზნით გარკვეული პერიოდით იძულებითი საზოგადოებრივი სამუშაობის შესრულება დაავალეს. ამ სუპერთასზეც არ გამოუშვეს გუნდი - რამდენიმეს ჰქონდა მოპოვებული ლიცენზია, მაგრამ დასაჯეს, თუმცა ამით რა მოიგეს, ვერ გეტყვით. საერთოდ, მათ ძალზე ჩაკეტილი გუნდი ჰყავთ - არავის ეკონტაქტებიან და მათგან ინფორმაციებიც არ გამოდის. ერთი კი ვიცი, რომ ყაზარმულ რეჟიმში ვარჯიშობენ და ოჯახთან კონტაქტიც კი შეზღუდული აქვთ. ვიცი ისიც, რომ უმაღლეს დონეზე მოწყობილი უზარმაზარი ბაზები აქვთ და მხოლოდ ტყვიის სროლაში 10 მილიონი ადამიანი ვარჯიშობს. ცხადია, ამხელა კონტინგენტში ვიღაცას ექნება შედეგი. ალბათ, ამის გამოა, ყველა შეჯიბრებაზე ახალ-ახალი ხალხი რომ დაჰყავთ. ძალიან ძნელად, ერთი და იმავე სპორტსმენმა 4-5 სეზონი გაძლოს ნაკრებში. ასეთი ქალთა ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი იიფუ ვანგი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ზონგლიანგ ტანი, ქალთაგან კი ოლიმპიური ჩემპიონი ტაო ლუნაა. შედარებით დიდხანს გაძლო ჯი რენმაც, რომელიც ძალიან მშრომელი ქალია, მაგრამ ნიჭიიმდენად დიდი არ ჰქონდა. შესაბამისად, არც შედეგებით გამოირჩეოდა.

სხვათა შორის, ვანგთანაც მომიგია ჩემპიონთა ტურნირი - ისევ მიუნხენში. ეს ის სპორტსმენია, ატლანტის ოლიმპიადაზე პნევმატური იარაღით ფინალში ასპარეზობისას გული რომ წაუვიდა და საკაცით გაიტანეს სასროლეთიდან. მაშინ მეორეზე გავიდა - ჩემპიონი იტალიელი რობერტო დი დონა გახდა, რომელიც ისედაც დიდი უპირატესობით იგებდა, ვანგმა კი სიდნეიში კვლავაც ვერცხლი მოიპოვა - მესამედ კარიერაში, ათენში კი მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ის 1988 წლიდან იყო გუნდში, რაც მათთვის ძალზე იშვიათი შემთხვევაა. ჩინელთა გუნდიდან ის ერთადერთია, რომელიც კონტაქტზე გამოდის.

- დასასრულს, თქვენს სამომავლო გეგმებზეც ვთქვათ...
- საგაისო სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია - შემოდგომა ჩვენთვის მოსამზადებელი პერიოდია, მერე რაღაც-რაღაცების გამოსწორებაზე და დახვეწაზე ფიქრი დაგვიანებულია. მზადება ძირითადად ამ პერიოდშია, შემდეგ მთავარი ამოცანა მიღწეულის შენარჩუნებაა პატარ-პატარა კორექტივების შეტანით, რასაც დრო გვიჩვენებს. მარტში ევროპის ჩემპიონატებია ორივე დისციპლინაში, სადაც განაცხადები უკვე გავაგზავნეთ, მაგრამ შიდა შესარჩევი შეჯიბრებები ჩვენთან ჯერ არ ჩატარებულა. აქ ლაპარაკია ახალგაზრდებზეც - თუ შედეგებით დაიმსახურებენ, წავლენ ამ ტურნირზე.

მე ყველა ძირითად ტურნირში უნდა გამოვიდე, რადგან დროც აღარ მრჩება - მხოლოდ ერთი სეზონია ლიცენზიის მოსაპოვებლად. მარტის ბოლოს მსოფლიოს თასია სიდნეიში, ამ რანგის ტურნირებზე კი უკვე ლიცენზიები თამაშდება - პირველი მეორე ადგილებისთვის. ამას ათ დღეში მოჰყვება ანალოგიური რანგის შეჯიბრება კორეაში, მესამე კი მაისში ამერიკაში ტარდება. ევროპაში მხოლოდ ერთია - ივნისში მიუნხენში. ცხადია, რთული კალენდარია - სეზონის პირველი ნახევარი ასე, კონტინენტიდან კონტინენტზე მოგზაურობაში უნდა გავატარო. მსოფლიოს თასებამდე მიუნხენის საერთაშორისო ტურნირზეც გამოვალ, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მთავარი მოსამზადებელი შეჯიბრებაა. იქ ხდება ყველაფრის გამოცდა - ახალგაზრდების, იარაღის, ტაქტიკის, ტექნიკის. ამიტომ მასში მონაწილეობა აუცილებელია. ჯერჯერობით ბიუჯეტი დამტკიცებული არაა, თუმცა ჩვენ ხარჯთაღირცხვა უკვე წარვადგინეთ. იმედია, დაგვიმტკიცებენ კიდეც. აქ ლაპარაკია ახალგაზრდებზეც, რომლებიც რაიონებიდანაც კი დადიან დარბაზში სავარჯიშოდ - ლაგოდეხიდან, დუშეთიდან და არ წყვეტენ მზადებას. ხელშეწყობა თუ ექნებათ, შედეგებსაც მიაღწევენ.

 



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული