საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ნაკრების გეგმები ისევ შეიცვალა

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ნაკრების გეგმები ისევ შეიცვალა - ამ უქმეებზე, 20-21 ნოემბერს მინსკში გასამართავ ოლეგ კარავაევის მემორიალზე გამოსვლა ჯერ ისედაც ხომ ეჭვის ქვეშ იდგა, ახლა მის ალტერნატივად შეგულებულ ყაზახეთის ტურნირზე წასვლაც გამოირიცხა.

არადა, იყო საუბარი, რომ მინსკში ძირითადი შემადგენლობა თუ არა, სათადარიგოები მაინც წავიდოდნენ...

რაც შეეხება ყაზახურ შეჯიბრებას, აქ თავი სატრანსპორტო პრობლემებმა იჩინა - ტურნირი ალმატიდან საკმაოდ მოშორებით ტარდება და აქედან დედაქალაქში გადაფრენილ გუნდს დანიშნულების ადგილამდე ავტობუსით უნდა ემგზავრა, ამდენ წვალებას კი შინ დარჩენა არჩიეს.

მიზეზიც საპატიო აქვთ - საქართველოს
პირველობისთვის ემზადებიან, რომელიც 15-16 დეკემბერს თბილისში გაიმართება. ეს ფრიად მნიშვნელოვანი შეჯიბრება იქნება, რადგან მისი შედეგებით გამოიკვეთებიან ნაკრებში მოხვედრის ახალი კანდიდატები.

სადღეისოდ ორივე გუნდში შედარებით წყნარი ვითარებაა და სპორტსმენები ახალდანიშნული მწვრთნელების ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.

შეგახსენებთ, რომ "ბერძენ-რომაელებს" რომან რურუა დაუნიშნეს, "თავისუფალთა" ნაკრებში კი ზაზა თურმანიძე დააბრუნეს.

როგორც მწვრთნელები ამბობენ, პროტესტი ჯერჯერობით აღარ გრძელდება და ნაკრების ყველა სავარაუდო წევრი, ყველა ტიტულოვანი ფალავანი ვარჯიშობს.

ცხადია, ვინც თბილისელია და ვისაც ტრავმა არ აწუხებს; რეგიონების წარმომადგენელთა ნაწილი კი ან კლუბებშია წასული, ან - მშობლიურ ქალაქში, პირად მწვრთნელთა მეთვალყურეობით ემზადება.

18 ნოემბერს რურუამაც ჩვეულებრივად ჩაატარა ვარჯიში, ხოლო თურმანიძემ ორჯერადი წვრთნაც კი გამართა და დამატებით იმუშავა დავით მარსაგიშვილთან, ელიზბარ ოდიკაძესა და კიდევ რამდენიმე წამყვან ფალავანთან. თუმცა, იმავდროულად, ყველა ელოდება 24 ნოემბერს, როცა წინასწარი შეთანხმებით, ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა უნდა ჩატარდეს. იმედია, ქართულ საჭიდაო სამყაროში მოვლენები იმ დღის შემდეგაც მშვიდად განვითარდება.

რაც შეეხება "თავისუფალთა" სამომავლო გეგმებს, ის კიდევ უფრო გაურკვეველია. გადაწყვეტილია, რომ წლეულს არსად გამოვლენ.

ერთადერთი, შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ფრანგულ ნიცაში, ანრი დეგლანის მემორიალში საჭიდაოდ გორელები წავიდნენ ნაკრების მწვრთნელ ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობით. ისინი წლეულს არც საქართველოს ჩემპიონატს ატარებენ - თურმანიძის თქმით, გუნდი სათანადო კონდიციებამდე თუ არ მივიდა, ისე პირველობის ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან რეალურ სურათს მაინც ვერ დაგვანახვებს.

ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ჩემპიონატი აპრილში ჩაატარონ. მით უფრო, რომ გაისად ევროპის პირველობა არ ტარდება - მას ივნისში ბაქოში გასამართავი ევროპის პირველი სპორტული თამაშები ჩაანაცვლებს.

ჩვენებურთა უახლოესი სამიზნეც ის ტურნირია, თუმცა მანამდე საერთაშორისო არენაზეც მოსინჯავენ ძალებს. სავარაუდოდ, იანვარში უკვე იასპარეზებენ რომელიმე შეჯიბრებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული