"უმცროსი ბორჯღალოსნები" ფრანგ თანატოლებთან ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ

AutoSharing Option
ფოტოს ავტორი: თამუნა ყულუმბეგაშვილი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "შევარდენზე" ოთხდღიანი შეკრება წინა კვირას დაასრულეს და დღეს დილით "ფრანგულ ტურნეში" გაემგზავრნენ.

11-დან 17 თებერვლამდე, სასელექციო პროცესში მყოფი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მარკუსიში, "ლე ბლეს" (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე 10-დღიან შეკრებას გაივლის.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით სწორედ საფრანგეთი (პერპინიანი, ნარბონი და ბეზიე) უმასპინძლებს.

შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისსა და ქუთაისში იმართებოდა, გუნდს ოთხი შეკრება
ჰქონდა. ბოლო, მოკლევადიანი შეკრება 28 იანვარს დაიწყო და 31-ში დასრულდა.

ჩატარებული სამუშაოს შესახებ მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე გვიყვება:

"საფრანგეთში გამგზავრებამდე გვსურდა, რომ გუნდი კიდევ უფრო შეგვეკრა, პატარ-პატარა ნიუანსები დაგველაგებინა და დეტალები დაგვეხვეწა. დერეფანში რამდენიმე ახალი კომბინაცია დავამუშავეთ, ასევე ვიმუშავეთ შერკინებაზე. წინა შეკრებებისგან განსხვავებით, საფრანგეთიდან ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი დაგვემატა და გვსურდა გვენახა, როგორ პასუხობდა ის ჩვენს მოთხოვნებს. გვქონდა დაცვისა და შეტევის ვარჯიშები და შეკრება თამაშთან მიახლოებული, უკონტაქტო ვარჯიშით დავასრულეთ".

კლუბებთან თანამშრომლობით
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ შეკრება ხუთდღიანი იქნებოდა და 29 იანვარს დაიწყებოდა, თუმცა ნაკრების მწვრთნელებმა კლუბების ინტერესები გაითვალისწინეს და რადგან წინა უქმეებზე დიდი 10-ის მორიგი ტურის შეხვედრები იყო, გეგმები შეცვალეს.

"ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ კლუბების ინტერესებს, რომელთაც ეს ბიჭები მარტში დაგეგმილი დიდი შეკრებისას დააკლდებიან და ამ ეტაპზე უპირატესობა მათ ინტერესს მიენიჭა. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მოთამაშეები კვლავ კლუბებში დაბრუნდებიან და ორ-ორ თამაშს ჩაატარებენ, რის შემდეგაც 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება 3-კვირიანი შეკრებით განახლდება", - ამბობს მაისურაძე.

საფრანგეთში ორი ლეგიონერით
მარკუსიში "უმცროსი ბორჯღალოსნები" დღეს გამთენიისას გაემგზავრნენ და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების უახლოეს რეზერვთან ორ საკონტროლო თამაშს გამართავენ. შეხვედრები 11 და 16 თებერვალსაა დაგეგმილი:

"გვსურს, ჩვენი სათამაშო სისტემები უფრო მაღალი ინტენსივობის გუნდებთან გამოვცადოთ და ამ ეტაპზე მეტოქე ჩვენს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. საფრანგეთის 20-წლამდელთა პირველი ნაკრები ექვსი ერში თამაშობს და მათ ფიზიკურად ვერ შევხვდებოდით.

საფრანგეთში ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა 18 წლიდან იწყება. მოთამაშეები სპეციალური, გრძელვადიანი პროგრამით ემზადებიან და დარწუნებული ვარ, ძლიერი გუნდით დაგვხვდებიან, როგორც სისტემებით, ასევე სისწრაფეებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იმ 19 და 20 წლის ბიჭებისთვის ჩვენთან თამაში დიდი გამოწვევა იქნება და ამ მატჩებისგან დიდ სარგებელს მივიღებთ", - ამბობს მაისურაძე.

ფრანგულ შკრებაზე გუნდს კვლავ დააკლდებიან 18 წლის მოთამაშეები, რომლებიც ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან; ასევე, ლეგიონერთა დიდი ნაწილი. ზევით ვთქვით, რომ გუნდთან ერთად მოკლევადიანი შეკრება გაიარა "მონ-დე-მარსანის" ბურჯმა ლაშა მაჭარაშვილმა. 31-კაციან განაცხადში კიდევ ერთი ლეგიონერია - თედო აბჟანდაძე გუნდს პირდაპირ საფრანგეთში შეუერთდება.

დაშავდა რუსთავის "ხარების" მეორეხაზელი ლუკა გელაშვილი, რის გამოც ამ პოზიციაზე კაპიტანი ბექა საღინაძე გადავა.

"მარკუსი"
"მარკუსის" ბაზა პარიზიდან 30 კილომეტრში, რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა გაშენებული. ის 2002 წელს გაიხსნა და საფრანგეთის ეროვნული, ასევე, ასაკობრივი ნაკრებების მოსამზადებელ ცენტრს წარმოადგენს.

ის მოიცავს რამდენიმე უმაღლესი ხარისხის მოედანს, საცხოვრებელ კომპლექსს, კვების ბლოკს, ძალოსნობის დარბაზს და ა.შ.

"ფრანგული ტურნე მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია. "მარკუსის" ბაზა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იქ ყველა საჭირო სივრცე ერთადაა თავმოყრილი და მოსამზადებლად ძალიან მოსახერხებელია, რადგან მგზავრობაში დრო არ დაგვეკარგება", - ამბობს მაისურაძე.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, თუმცა მაისურაძე თვლის, რომ ფრანგებთან საკონტროლო თამაშის ჩატარება ჩვენთვის მაინც მომგებიანი იქნება:

"სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ისეთი გუნდები არ გვყავს, რომელთანაც ხარისხიანი თამაშის ჩატარებას შევძლებდით. ამიტომ რა ვარიანტიც გვაქვს, იმას უნდა დავთანხმდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შეკრების და თამაშების ორგანიზებაში დაგვეხმარა. დიახ, შესაძლოა, მეტოქემ გარკვეულწილად გაგვიცნოს, მაგრამ ამ ეტაპზე ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება".

ფრანგულ ტურნეში მიემგზავრებიან:

შერკინება (ფორვარდები)
გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), გიორგი ხარაიშვილი (ხაშური), ლაშა მაჭარაშვილი (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია);

ხაზი (ბექები)
ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), თენგიზ პერანიძე (ლელო), თედო აბჟანდაძე (ტერენორ კოლეჯი, ირლანდია), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ბექა მამუკაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), გიორგი ასათიანი (ლელო). მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
ფიზ.მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
მენეჯერი: ოთო იაშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.