უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ფრანგი თანატოლები მშრალი ანგარიშით დაამარცხეს

AutoSharing Option
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფრანგი თანატოლები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ‘მარკუსის’ ბაზაზე გამართულ მეორე მატჩში დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს - 14:0. ჩვენი 20-წლამდელები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საფრანგეთის სამი ქალაქი (პერპინიანი, ნარბონი, ბეზიე) უმასპინძლებს და ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) ბაზაზე გამართული 12-დღიანი შეკრება ამ მზადების ერთ-ერთ მთავარ ეტაპს წარმოადგენდა.

ამ დროს ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების (რომელიც 20-წლამდელთა ექვს ერში თამაშობდა) უახლოეს რეზერვთან, ეგრეთწოდებულ განვითარებად ნაკრებთან ორი
შეხვედრა გამართეს. 12 თებერვალს მასპინძლებმა გაწითლებულ დროზე 80-მეტრიანი კონტრშეტევის შედეგად ლელო გაიტანეს და მისი წყალობით 24:19 იმარჯვეს, ამჯერად კი ქულის აღების რეალური შანსი ერთხელაც არ ჰქონიათ.

პირველ მატჩში ქართველმა მწვრთნელებმა ის მორაგბეები გამოსცადეს, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებში ახალი დაწინაურებულები არიან და ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ ჯერ არ ეთამაშათ. ამჯერად მოედანზე საბრძოლო შემადგენლობა გავიდა. გამოცდილებამ და მწვრთნელების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა შედეგი გამოიღო. უმცროსი ბორჯღალოსნები სრულად ფლობდნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას და უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებასაც იმსახურებდნენ.

ქართველმა მორაგბეებმა ბურთზე კონტროლი თავიდანვე დაამყარეს, მეტოქის 22-ში დამკვიდრდნენ, მოლისა და მოკლე დარტყმების შემდეგ თედო აბჟანდაძემ ფეხით ითამაშა, თუმცა გიორგი წიკლაურს მცველმა დაასწრო. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმის უპირატესობა, დერეფანის შემდეგ კვლავ მოლი დადგა, რომელმაც ორჯერ იცვალა ღერძი და გურამ გოგიჩაშვილის ლელო თენგიზ პერანიძემ გარდასახა.

სტუმართა შეტევები არც ამის შემდეგ მინელებულა, ფრანგებმა ლელოდან 5 მეტრში აუტში გადაგვიყვანეს, მაგრამ დერეფანში ბურთი უხეიროდ ააგდეს, ის ლევან პაპიძის ნადავლი გახდა, 5 მეტრი ბულდეზერივით დაფარა და პერანიძის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 14:0 გახდა. ფრანგებმა შეტევის ორგანიზება სცადეს, თუმცა სანდრო სვანიძემ გადაცემა ჩაჭრა და ბურთი რომ შეემაგრებინა მასპინძლები მორიგ 7 ქულას ვერ გადაურჩებოდნენ. მერე დაცვაში კარგად დავდექით და ტაიმიც დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმიც ენერგიულად დაიწყო, ფაზები აიკინძა, ოფლოუდებით ვუტიეთ და წინსვლაც იყო, თუმცა მეტოქე არ გატყდა. 57-ე წუთზე საფრანგეთი მოლში დაჯარიმდა და ამჯერად პერანიძემ კარში დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა ბურთი ჰორიზონტალურმა ძელმა აისხლიტა. რამდენიმე წუთში მასპინძლები სიტუაციის ფეხით განმუხტვისას შეცდნენ და ლელოში ბურთი სვანიძემ მოხსნა, მაგრამ მცველთან კონტაქტის შემდეგ წონასწორობა დაკარგა და დამიწება ვეღარ მოახერხა.

მეორე ტაიმში მეტოქე ჩვენს ნახევარზე პრაქტიკულად არ გადმოსულა და მატჩის მიწურულს ქართველთა მოლის წინააღმდეგაც ვერაფერს გახდა. 20-მეტრიანი ჯგუფური წინსვლის შემდეგ ლელოც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა რეფერიმ დამიწება ვერ დააფიქსირა და მალე თამაშიც დასრულდა - 14:0.

ეს მაქსიმუმი არაა


რაღა თქმა უნდა შედეგით მწვრთნელები კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა ზურაბ ამონაშვილის თქმით, ეს მაქსიმუმი სულაც არ არის:

„მადლობა ბიჭებს თავდადებისა და მონდომებისთვის. ამ თამაშს ყველა განსაკუთრებული მობილიზებით შეხვდა და შედეგმაც არ დააყოვნა. მეტოქეს ვაჯობეთ ყველა ასპექტში. გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, რის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ. კარგია, რომ ტერიტორიულ უპირატესობას ვფლობდით და ბურთსაც ვაკონტროლებდით, თუმცა ასეთი დომინირების ფონზე მეტი ქულა უნდა აგვეღო. სამაგიეროდ მეტოქეს ქულის აღების შანსი არ მივეცით. ფრანგები ასეთ შედეგს არ ელოდნენ და დამწუხრებულები არიან.

„პირველი თამაშის ვიდეო-ანალიზმა გვაჩვენა, რომ ჩვენი 22-იდან ბურთის ფეხით გატანა გვიჭირდა და აქედან გამომდინარე, მას მეტოქე უფრო დიდხანს აკონტროლებდა. მოთამაშეებს სწორედ ბურთის შენარჩუნება დავავალეთ და ეს კარგად მოახერხეს. შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს გამარჯვება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენეთ. დასახვეწი კიდევ ბევრი გვაქვს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და ვეცდებით მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ“.

მწვრთნელის თქმით მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ შეკრებებზე ლეგიონერებმაც შეძლონ ჩამოსვლა:

„კარგია, რომ ტრავმის შემდეგ თედო აბჟანდაძე დაგვიბრუნდა. მას ჩვენთან ერთად დიდი ხანია არ უვარჯიშია და მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ შეკრებებზე ჩვენთან ერთად იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აპრილიდან სხვა ლეგიონერები და 18-წლამდე ნაკრების ბიჭები დაგვემატნონ. მთლიანობაში, ძალიან კარგი ტურნე იყო და დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც ოფიციალურ თამაშებში აუცილებლად გამოგვადგება“ - ამბობს ამონაშვილი.

გუნდი საქართველოში ხვალ გამთენიისას ჩამოდის. ბიჭები დაახლოებით 1 თვე დაისვენებენ, თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და 18 მარტიდან 3-კვირიან შეკრებაზე შევლენ, ხოლო აპრილში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებთან 13 და 20 აპრილს ორ საკონტროლო თამაშს გამართავენ.

ვირწმუნეთ, რომ შეგვიძლია

ამ გამარჯვებამ ძლიერ გაახარა უმცროსი ბორჯღალოსნების ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ფრანგებს ლელო ორივე თამაშში გაუტანა:

„ვიცოდით, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი გვიყურებდა და გვსურდა მათთვის სიხარული მიგვენიჭებინა. მოედანზე მყოფი მორაგბეები წამითაც არ მოვდუნებულვართ და ამან შედეგი მოიტანა. ფრანგები ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველგან გვიგებდნენ, რევანში გვსურდა და ეს რევანში მათსავე ბაზაზე შედგა“.

„უზომოდ ბედნიერები ვართ. ფსიქოლოგიურად ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. მარტო მათ კი არა, ვისაც შარშან მსოფლიო არ უთამაშია, ჩვენც დიდი გამოცდილება შევიძინეთ და ვირწმუნეთ, რომ დიდ გუნდებთან გამარჯვება შეგვიძლია. ამ შეკრებამ რამდენიმე საფეხურით წინ წაგვწია და გამარჯვებაც სწორედ ამ წინსვლის შედეგია“

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
დიდება საქართველოს, დიდება უმცროს ,,ბორჯღალოსნებს'', დიდება რაგბის !უფრო დიდი გამარჯვებები წინ გელთ, უფალი გფარავდეთ.
sara
08:01 17-02-2018
0
მიხარია რომ ქართული რაგბი სწორად ვითარდება და ადრეული ასაკიდან დიდი ყურადღება ექცევა რაგბს. გენაცვალეთ პატარა ლომებო ღირსეული რევანში იყო ამდენი წლების მანძილზე გამწარებული ფრანგებთან.
იმედია მსოფლიოზე ძირითად გუნდთანაც მოუგრეხთ კისერს. ასე მგონია ყოველ წელს უმჯობესდება ჩვენი U20 ნაკრები. ალბათ ბევრიც ამჩნევს. მადლობა ყველას ვინც ჩართულია ადრეული ასაკიდან ამ ბიჭების სწორად განვითარებაში.
გიო
07:37 17-02-2018
0