ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
© გოგიტა ბუხაიძე

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", რომლებიც 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რუსთავის რაგბის სტადიონზე რუს თანატოლებთან მეორე მოსამზადებელი მატჩი გამართეს და მეტოქეს 26:14 სძლიეს.

ილია მაისურაძის შეგირდები საქართველოში შეკრებაზე მყოფ რუსებს პირველად 19 ნოემბერს შეხვდნენ და 52:12 სძლიეს. მეორე თამაში 24 ნოემბერს გაიმართა და მწვრთნელებმა საქმეში რეზერვის მოთამაშეები გამოსცადეს.

წვიმიან ამინდში, პირველ ტაიმში თამაშის აწყობა ვერ მოხერხდა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" რამდენიმე უნებლიე შეცდომა დაუშვეს და სალელოვე შანსები წვიმას გაატანეს. გარდა ამისა, გუნდი ორჯერ დაისაჯა სინბინით და 20 წუთი კაცნაკლულს
მოუწია თამაში.

სტუმრებმა პირველი ტაიმი 7:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი მოედანზე მოტივირებული გავიდა, 4 ლელო გაიტანა, სამი გარდასახა და 26:14 იმარჯვა.

ორმატჩიანი სერიით კმაყოფილი დარჩა ილია მაისურაძე. ის ამბობს, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე ბევრი დროა დარჩენილი და ის შეცდომების გამოსწორებას და პრობლემების აღმოფხვრას მოხმარდება:

"პირველი თამაშის 40-ქულიანი სხვაობით მოგების შემდეგ, შესაბამისი განწყობის შექმნა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ხშირი იყო შეცდომები. მეორე თამაშში, საკვანძო პოზიციებზე ახალი მოთამაშეები გავსინჯეთ და თავი იჩინა შეუთამაშებლობამ. თავდადებული თამაში არ უნდა დავუკარგოთ მეტოქესაც, რომელიც კარგად ნავარჯიშები იყო, განსაკუთრებით, დაცვაში.

პირველ ტაიმში ბურთი ბევრჯერ დაგვივარდა, თანაც, იმ ეპიზოდებში, როდესაც უპირატესობის ხაზი უნდა გადაგვეკვეთა და მეტობა შეგვექმნა. შესვენებაზე მობილიზება მოვახერხეთ, მეტოქის რამდენიმე დერეფანიც მოვიგეთ და სიტუაცია გამოვასწორეთ.

მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ, რადგან სხვა შემთხვევაში, მზადების ადრეულ ეტაპზე ამ ბიჭების საქმეში ნახვის შესაძლებლობა არ გვექნებოდა. გამოჩნდა, რაზე გვაქვს სამუშაო. ბევრი რამაა დასახვეწი", - აღნიშნა მაისურაძემ.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მზადებას აგრძელებენ და პრობლემების აღმოფხვრას თებერვლის ბოლომდე ეცდებიან, მარტის დასაწყისში კი თბილისს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ეწვევა და 6 და 10 მარტს ორი ტესტ-მატჩი გაიმართება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ილია მაისურაძეს არაფერი ეშლება, მე მას მთლიანად ვენდობი და დარწმუნებული ვარ ,მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ნაკრებს შესაძლებლობის პიკზე გაიყვანს.გუშინ სილქ უნივერსალზე გავიდა გადაცემა რაგბის მოყვარულთათვის.შესანიშნავი გადაცემა,ძველი მორაგბეების ანალიზით.მეგონა რაგბის აზრზე ვარ მეთქი და თურმე კაკლის კენწერზე არა,მაგრამ კარგა მაღლა კი ვმჯდარვარ.ტაქტიკაზე და თამაშის არსზე ვამბობ თორემ ჩვენი მსაჯების ამაშუკელისა და თევზაძის დამსახურებით,მატჩების რეპორტაჟების დროს,თამაშის წესებში საკმაოდ გავერკვიე.ანალიზი გაუკეთდა ბორჯღალის შემოდგომის ტესტებს და ზაფხულის ტესტებსაც გადასწვდნენ ნაწილობრივ.გადაცემა გუშინ,სამშაბათს,19 საათზე გავიდა და რაგბის მოყვარულები თუ ნახავენ,ვფიქრობ კმაყოფილები დარჩებიან.ასევე ძალიან კარგია,რომ მატჩების რეპორტაჟების დროს თანაწამყვანები ხშირად არიან ქართველი მსაჯები და გვიხსნიან მსაჯობის ნიუანსებს.ეს ძალიან გვეხმარება იმ გულშემატკივარს,ვისაც რაგბი თვითონ არასოდეს უთამაშია და მის წესებში კარგად ვერ ერკვევა.ძალიან გამოადგებათ ბავშვებსაც,ვინც შესაძლოა თვითონაც ვარჯიშობენ რაგბში და ნიკა ამაშუკელის კომენტარი, წესების, ნიუანსების განმარტება,მათაც ძალიან დაეხმარებათ.
სოსო
28 ნოემბერი 2018 11:39
0
ოოოოო ფრანგებთან სერიოზული ტესტი გველის
gio
27 ნოემბერი 2018 12:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.