"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

AutoSharing Option
არგენტინის რაგბის კავშირმა 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩების საათობრივი განრიგი გამოაქვეყნა. ტურნირი 4 ივნისადან 22 ივნისის ჩათვლით, როსარიოსა და სანტა ფეში გაიმართება (სანტა ფეს რეგიონი).

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა 12-გუნდა ელიტაში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ, რაც ისტორიული შედეგია, რადგან არც მანამდე და არც მერე, "ალაფიდან" აღზევებულ გუნდს უძლიერესთა შორის ადგილი არ შეუნარჩუნებია.

პირველ ორ შემთხვევაში ილია მაისურაძის შეგირდებმა ჩემპიონატში მეოთხე მატჩი მოიგეს და მე-10 ადგილი დაიკავეს, წელს კი საფრანგეთში ირლანდიას, იაპონიასა და შოტლანდიას სძლიეს და მე-9 ადგილზე დამკვიდრდნენ.

არგენტინაში 20-წლამდელთა
ჩემპიონატი მეორედ ტარდება და საქართველო G ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან ითამაშებს.

პირველ შეხვედრას 4 ივნისს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან, ახალ ზელანდიასთან გავმართავთ. "უმცროსი ოლ ბლექსი" 12 ტურნირში ჩემპიონი 6-ჯერ გახდა, ბოლოს 2017 წელს თბილისში. მატჩი სანტა ფეში, საქართველოს დროით 20:00 საათზე (ადგილობრივი დროით 13 საათი) დაიწყება.

8 ივნისს, ჩვენი დროით 17:30 საათზე (ადგილობრივი 10:30) სამხრეთ აფრიკას რისარიოში შევხვდებით. აფრიკელებს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მესამედ შევხვდებით. 2017 წელს მეტოქემ 38:14, ხოლო წელს 33:27 იმარჯვა და საბოლოოდ ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა. სამხრეთ აფრიკას წელს გაზაფხულზე ორჯერ სტუმრად, საკონტროლო მატჩშიც შევხვდით.

12 ივნისს, ასევე 17:30 საათზე ჯგუფურ ეტაპს შოტლანდიასთან მატჩით ვასრულებთ. "სქოთებს" წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ვეთამაშეთ და 39:31 ვძლიეთ.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ამ ფორმაციის ნაკრებიც იმდენად უკეთესი იქნება,რამდენადაც წლევანდელი სჯობდა შარშანდელს,მაშინ აფრიკასთან უკვე სერიოზული ჭიდილი გვექნება ჯგუფიდან გასასვლელად და შოტლანდიას კვლავაც მოვუგებთ.წარმოდგენაც მიჭირს,მაგრამ მაგარი კი იქნება.თქვენ რას იტყვით?
სოსო
20:49 10-12-2018
0
ლატარიაში გვერგო ეს სამხრეთ აფრიკა
Irakli Apkhaidze
18:22 10-12-2018
0